ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"რატომ აპირებს საფრანგეთი რუსეთისთვის სამხედრო გემების მიყიდვას"


უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ ბრიუს კრამლის სტატიით „რატომ აპირებს საფრანგეთი რუსეთისთვის სამხედრო გემების მიყიდვას,“ რომელიც ჟურნალ „თაიმის“ 3 მარტის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„რით არის განპირობებული სარკოზის პრორუსული დიპლომატია? მიმომხილველების უმეტესობა აღნიშნავს, რომ საფრანგეთის პოლიტიკას მოსკოვის მიმართ მზარდი პრაგმატულობა ახასიათებს. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ პარიზი რუსეთთან თანამშრომლობისთვის მზარდ არის ჩვეული წინაპირობების გარეშე. უპირველეს ყოვლისა ეს სარკოზის ადრინდელ დაპირებებს ეხება, რომელიც საფრანგეთის საგარეო ურთიერთობებში ადამიანის უფლებების დაცვასა და დემოკრატიას ცენტრალურ პრიორიტეტებად აცხადებდა. დავიწყებას მიეცა სარკოზის მიერ რეალ პოლიტიკის დაცინვაც. უნდა აღინიშნოს, რომ არცთუ შორეულ წარსულში სარკოზი რეალ პოლიტიკას ხომ უპრინციპო და ცინიკური დიპლომატების მიერ საკუთარი შეხედულებების პოლიტიკურ გამართლებას უწოდებდა. საფრანგეთი აღფრთოვანებულია იმის გამო, რომ პარიზი რუსეთთან საერთო უშიშროებისა და ეკონომიკურ საკითხებზე თანამშრომლობს, და მას არს სურს სხვა სახელმწიფოების მხრიდან კრიტიკის მოსმენა ამასთან დაკავშირებით.

მაგრამ ზოგიერთი მიმომხილველი აღნიშნავს, რომ სარკოზი მისტრალის გარიგებას იყენებს რუსეთთან უფრო მნიშვნელოვანი კომერციული შეთანხმებების გაფორმების მიზნით. მაგალითად, მედვედევის ოფიციალური ვიზიტის დროს რუსეთის ენერგეტიკულმა გიგანტმა გაზპრომმა პარიზში განლაგებულ ჯი-დი-ეფ სუეზთან ხელშეკრულება დადო. ამ ხელშეკრულების მიხედვით ფრანგულმა კომპანიამ ჩრდილოეთის დინების სახელწოდებით ცნობილ გაზსადენის პროექტში აქციების ცხრა პროცენტი შეიძინა. ამას გარდა გაზპრომი ჯი-დი-ეფ სუეზს 2015 წლამდე ბუნებრივი აირის 1.5 მილიარდი კუბური მეტრი დაპირდა. აღსანიშნავია, რომ აქამდე ჩრდილოეთის დინების გაზდასენის პროექტი ექსკლუზიურად რუსულ-გერმანული წამოწყება იყო.

„სარკოზიმ გაათვიცნობიერა ის, რომ ენერგეტიკის სფეროში რუსეთთან გარიგებების გაფორმების მხრივ, გერმანელებმა და იტალიელებმა პოლიტიკა გვრდზე გადადეს და საფრანგეთს აშრკარად გაუსწრეს, და მას ახლა სურს, რომ საფრანგეთი ამ ქვეყნებს დაეწიოს,“ აღნიშნავს ფაბიო ლიბერტი, რუსეთისა და ევროპის საკითხების ექსპერტი პარიზში მდებარე საერთაშორისო და სტრატეგიულ კვლევათა ინსტიტუტში. „სარკოზიმ აგრეთვე იცის, რომ ევროპის თავდაცვის ინდუსტრია ჯერ-ჯერობით ეროვნული საზღვრების მიხედვით არის დაყოფილი, მაგრამ მალე მას უზარმაზარი გარდაქმნა და კონსოლიდაცია ელის. შედეგად ის სახელმწიფო, რომელსაც გაფორმებული ექნება ყველაზე დიდი კონტრაქტები, გაერთიანებული ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის ყველაზე დიდ ნაწილს მიიღებს. ამდენად მისტრალის გარიგებასა და რუსეთის სამხედრო ბაზარს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება,“ დასძენს ლიბერტი.

ლიბერტის მიაჩნია, რომ სარკოზის ინიციატივები რუსეთის მიმართ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება ნაყოფიერი აღმოჩნდეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ორივე ქვეყანაში გამეფებულია შეხედულება, რომ ობამას ადმინისტრაცია ნაკლებად არის დაინტერესებული რუსეთითა თუ ევროპით.“

უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ ჟურნალ „ეკონომისტში“ 4 მარტს გამოქვეყნებული სტატიით სახელწოდებით „ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოება: ცენტრალური კითხვები,“ რომელშიც ვკითხულობთ:

„არსებობს თუ არა ‘ცენტრალური ევროპა’? ამ კითხვაზე პასუხი პოლიტიკურ კლიმატზეა დამოკიდებული. საფრანგეთის და გერმანიის მიერ ევროკავშირის ძალაუფლების დომინირების ფონზე, ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი ურთიერთობებს აძლიერებენ და ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთო პოზიციების გამონახვას ცდილობენ.

24 თებერვალს ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაზე ვიშეგრადის ჯგუფის წევრებმა, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს - ჩეხეთს, უნგრეთს, პოლონეთსა და სლოვაკეთს - აერთიანებს, ამ ალიანსის სიცოცხლისუნარიონობა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია პოლონეთში მომხდარი ცვლილება, სადაც ცალმხრივი პოლიტიკის გატარება მეზობელ სახემწიფოებთან თანამშრომლობით გამოწვეული ენთუზიაზმით შეიცვალა. ნიცის ხელშეკრულების წესების მიხედვით, რომელიც 2014 წლამდეა ძალაში, ვიშეგრადის ჯგუფის ქვეყნებს ევროკავშირში ხმების იგივე რაოდენობა ეკუთვნის რაც საფრანგეთსა და გერმანიას ერთად.

მომავალ წელს უნგრეთი და პოლონეთი ევროკავშირის პრეზიდენტობას ექვსი თვით გაუძღვებიან. უნგრეთს ეგრედწოდებული ‘დუნაის სტრატეგიის’ განხორციელება სურს, რომელიც მდინარე დუნაის ბასეინის გაჯანსაღებისთვის ევროკავშირის სახსრების გამოყენებას ითვალისწინებს. ამ ინიციატივის მხარდაჭერის სანაცვლოდ კი პოლონეთი უნგრეთს დახმარებას სთხოვს ევროკავშირიდა სახსრების გამოყოფისთვის ისეთი ქვეყნებისთვის როგორიც არის საქართველო, მოლდოვა და ბელორუსი.

ვიშეგრადის ჯგუფი ევროკავშირში ენერგეტიკული კრიზისის შემთხვევაში მრავალმხრივი დახმარების აღმოჩენასთან დაკავშირებული წესების შემუშავებას ითხოვს. ამგვარი წესების მიღება რეგიონს ენერგეტიკულ სფეროში უფრო მეტ უსაფრთხოებას მისცემს. მაგრამ არსებობს ბევრი დაბრკოლებაც. მაგალითად რუსეთი, რომელიც საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის მეგობრულად განწყობილ ენერგეტიკულ კომპანიებთან ურთიერთობებს სწრაფად აღრმავებს.“



XS
SM
MD
LG