ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თვითმმართველობა და საბჭოური მენტალიტეტი


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 30 მაისს ჩატარდება. ზოგადად, რას წარმოადგენს თვითმმართველობა და რას ნიშნავს ის ჩვენებურად, რაა მისი ნაკლი და ხორციელდება თუ არა დეცენტრალიზაციის პროცესი რეალურად. ეს საკითხები კვლავაც კამათსა და აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ექსპერტებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ თვითმმართველობა ბიუჯეტის გარეშე მკვდარდშობილი ორგანო იქნებოდა. იყო განცხადებებიც იმის თაობაზე , რომ ჩვენს ქვეყანაში თვითმმართველობა მხოლოდ და მხოლოდ ფიქციაა, რომლის არსებობა იმის გამო იყო აუცილებელი, რომ ევროპის ქარტია ამას მოითხოვდა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ვფიქრობთ საინტერესო იქნებოდა მოგვესმინა იმ ადამიანების აზრი, რომლებსაც თვითმმართველობის უარყოფითი და დადებითი მხარეების შესახებ ზედმიწევნითი წარმოდგენა ექნებოდათ. ერთ–ერთი მათგანი გახლავთ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე. იგი უკვე მეოთხე წელია ამ პოსტზეა და საუკეთესო ექსპერტია მათ შორის, ვინც შეიძლება თვითმმართველობა შეაფასოს. იგი მიიჩნევს, რომ საზოგადოება ნაკლებად იჩენს აქტიურობას საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვის თვალსაზრისით. ზვიად ხმალაძის აზრით, თვითმმართველობა ამ აქტიურობის გარეშე ვერ განხორციელდება. იგი მიჩნევს, რომ აუცილებელია საბჭოური მენტალიტეტის დაძლევა, რომელიც გულისხმობდა, ყველაფრის მთავრობის მიერ მოგვარებას.

ისტორიკოსი, პროფესორი, ელდარ მამისთვალიშვილი გორის მკვიდრია. იგი ამბობს, რომ თვითმმართველობის შესახებ კანონი, შეიძლება კარგადაა დაწერილი, თუმცა რეალობა სხვაა. ბატონი ელდარის აზრით, ისეთ რეალობაში, როგორშიც ჩვენ ვართ, აზრი ეკარგება ყოველგვარ ბრძოლას, მათ შორის არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლასაც, რადგან წინასწარ ყველამ იცის, რომ მას სახელისუფლებო კანდიდატი მოიგებს. მას ანომალიურად მიაჩნია ის ფაქტიც, რომ არჩევნებამდე სამი თვით ადრე, გორში ჯერ კიდევ არავინ არაფერი იცის კანდიდატთა ვინაობის შესახებ. იგი გორის სტატუსის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ გორისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში სხვანაირი რეალობა იქნებოდა, ისეთი, სადაც თვითმმართველობისთვის უფრო მეტის მოთხოვნის შესაძლებლობა ექნებოდა საზოგადოებას.

გორის საკრებულოს თავმჯდომარის, ბატონი ზვიად ხმალაძის აზრს საზოგადოების მენტალური პრობლემის შესახებ ბატონი ელდარი ეთანხმება, თუმცა დასძენს, რომ ერთის მხრივ დგას მენტალური პრობლემა, რომელიც ყოფილი საბჭოელი ადამიანების მეხსიერებაში ღრმადაა ჩარჩენილი და მათ მათ მუდმივად ექაჩება პასიურობისკენ. თუმცა ამას, თავის მხრივ ისიც ერთვის, რომ ხელიუსფლების ქმედებიდან გამომდინარე, საზოგადოების არჩევანის გარეშე დატოვება, როდესაც წინასწარ იცი, ვინ იქნება არჩეული. ამ სტერეოტიპს უფრო ღრმად ამკვიდრებს ადამიანთა მეხსიერებაში.



XS
SM
MD
LG