ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიმდინარეობს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება


წლევანდელი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა შეამოწმეს სამხრეთ აფრიკის ათი სტადიონი, სადაც ამ ზაფხულს საფეხბურთო მატჩები გაიმართება. მათ შეაქეს სტადიონების ხარისხი და განაცხადეს, რომ მართალია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატამდე სულ რაღაც 100 დღე დარჩა, მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ სამხრეთ აფრიკა ამ უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიებისთვის მზად იქნება. გუშინ ფეხბურთის ფედერაციის მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკოსების დელეგაცია ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამხრეთ აფრიკის მომზადების დადებითი შეფასებით ქალაქ დურბანში ახლახან აშენებულ სტადიონზე გამოვიდა.

მსოფლიოს ფეხბურთის ფედერაციის ფიფას პრეზიდენტმა სეპ ბლატერმა აღნიშნა, რომ ათწლეულების მანძილზე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის აფრიკის მიწაზე ჩატარების იდეა რეალობად იქცა. ამასთან დაკავშირებით ბლატერმა განაცხადა:

„მე არასოდეს არ მეპარებოდა ეჭვი იმ იდეაში, რომ აფრიკა კარგ არჩევანს წარმოადგენს და აღმასრულებელმა კომიტეტმა ეს დაადასტურა კიდეც. ამდენად როცა ჩვენ სამხრეთ აფრიკა ავირჩიეთ, ჩვენ ამ ქვეყნის მომზადების უნარს არასდროს ვეჭვობდით."

ფიფამ და ადგილობრივმა ორგანიზატორებმა სამშაბათს სამხრეთ აფრიკის იმ ათი სტადიონის ოთხდღიანი შემოწმება დაასრულეს სადაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩები გაიმართება. მათ აღნიშნეს, რომ მოსამზადებელი სამუშაოები მხოლოდ ორ სტადიონზე არ არის დასრულებელი, ხოლო დანარჩენებზე ადგილობრივი მატჩები უკვე ჩატარდა.

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის მოადგილემ კგალემა მოტლანთემ აღნიშნა, რომ სტადიონების გარდა სამხრეთ აფრიკის მთავრობამ აეროპორტების, გზებისა და რკინიგზის გაუმჯობესების მიზნით მილიარდობით დოლარი გაიღო. მისი თქმით: „ამჟამად ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია და ჩვენი ყურადღების საგანი ხალხის გადაადგილების საკითხი უნდა გახდეს."

საჰაერო ტრანსპორტის ადმინისტრაციის ოფიციალური პირების თქმით ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის დროს დამატებითი რეისები დაინიშნება და გულშემატკივრებს მატჩებზე დასასწრებად ასობით ავტობუსი მოემსახურება. ადგილობრივი საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა დენი ჯორდანმა აღნიშნა, რომ ფეხბურთის გულშემატკივრები აფრიკის სხვა რეგიონებიდან გამოთქვამენ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით რომ ჩემპიონატზე დასასწრებად მგზავრობა გართულებულია. ჯორდანი დასძენს:

„ჩვენ ვცდილობთ რომ ყველა აფრიკელ გულშემატკივარს ვისაც სამხრეთ აფრიკაში გამგზავრება სურს, ამის შესაძლებლობა ჰქონდეთ. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჩვენ აფრიკის ყოველი ქვეყნიდან სამხრეთ აფრიკაში პირდაპირი რეისების ნაკლებობას განვიცდით. ჩვენ ამ პრობლემის მოგვარებას ვცდილობთ."

კითხვაზე თუ რატომ არის აფრიკის ბევრ ქვეყანაში მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების ბილეთების შოვნა საკმაოდ გართულებული, ჯორდანმა განაცხადა, რომ ბილეთების გაყიდვა საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში რომელთა ეროვნული გუნდები ჩემპიონატში მონაწილეობენ.

ფიფას ოფიციალური პირები რეგიონის სხვა ქვეყნებში ცდილობენ ბილეთები უფრო ხელმისაწვდომი გახადონ. ისინი აღნიშნავენ, რომ დაახლოებით სამი მილიონი ბილეთის ორ მესამედზე მეტი უკვე გაიყიდა.


XS
SM
MD
LG