ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცხინვალის ციხეში გატაცებული ადამიანები კვლავაც რჩებიან


რამდენიმე დღის წინ ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში ადამიანთა გატაცების მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. 24 და 19 წლის ვაჟა და ბექა თაყაძეები სოფელ კირბალის მიმდებარე ტყეში სანადიროდ იყვნენ წასულები, როდესაც ისინი ოსურმა შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს და ცხინვალის ციხეში წაიყვანეს. ორი დღის მანძილზე გაუჩინარებულთა შესახებ არაფერი ისმოდა, შემდეგ კი გაირკვა, რომ მათ საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედებათ ბრალად.

ევროკომისარი თომას ჰამარბერგი, რომელიც აქტიურადაა ჩართული ტყვეთა გაცვლის პროცესში, გასულ შაბათს და კვირას ცხინვალში იმყოფებოდა. თუმცა მის მოლაპარაკებებს დაკავებულთა განთავისუფლების თაობაზე ცხინვალის ციხიდან ამჯერად შედეგი არ მოჰყოლია, მიუხედავად იმისა, რომ მან ცხინვალში სამი რუსეთის მოქალაქე ჩაიყვანა გორიდან. ეს ქალბატონები ქართულ პოლიციას მოუწესრიგებლი საბუთების გამო ჰყავდა დაკავებული.

საქართველოს შინაგან საქმეთა შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი ვლადიმერ ჯუღელი აცხადებს, რომ მას სისტემატური ურთიერთობა ჰქონდა ოსურ და რუსულ მხარესთან, მიმდინარეობდა მოლაპარაკებები დაკავებულთა გაცვლის საკითხზეც, თუმცა მას შემდეგ, ამ პროცესში ევროსაბჭო ჩაერთო, მასთან ურთიერთობა ოსურმა და რუსულმა მხარემ, ფაქტობრივად, შეწყვიტა. ვლადიმერ ჯუღელი ამბობს, რომ მთლიანობაში, ქართულ მხარეს გაცილებით მეტი ადამიანი ჰყავს გადაცემული ოსური მხარისთვის, ვიდრე ამ უკანასკნელთ ქართული მხარისთვის და დასძენს, რომ ამჯერადაც მათ სამი ქალბატონი გაგზავნეს ცხინვალში, თუმცა საპირისპირო მხრიდან ანალოგიურ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

ცხინვალიდან დაბრუნების შემდეგ, თომას ჰამარბერგმა განაცხადა, რომ იგი აპირებს საერთაშორისო სამართლის სპეციალისტები ჩართოს იმ პრობლემებში გასარკვევად, რასაც ქართულ–ოსური კონფლიქტის ზონაში აწყდება. ამის თაობაზე დე–ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ბორის ჩოჩიევმაც გააკეთა განცხადება, თუმცა მან თქვა, რომ საერთაშორისო იურისტების ჩართვას ოსური მხარე მიესალმება იმ შემთხვევაში, თუ რეალიზდება ოსური მხარის მიერ წამოყენებული პრინციპი, რაც ყველას ყველაზე გადაცვლას გულისხმობს. ჰამარბერგისთვის დილემას სწორედ მხარეთა ამ პრინციპისადმი დამოკიდებულება წარმოადგენს. ქართული მხარე ამ შემთხვევაში დროს ომის შემდგომი პერიოდიდან ითვლის. ოსური კი მიიჩნევს, რომ გაცვლა ომამდე დაკავებულებს, მათ შორის, გორის ტერაქტისთვის გასამართლებულებსაც უნდა შეეხოთ.

სტრატეგიული ურთიერთობებისა და კვლევების ცენტრის ექსპერტი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ ჰამარბერგი და ზოგადად, ევროსაბჭოს ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია კონფლიქტის მოგვარებისთვის. იგი აცხადებს, რომ, რომ არა საერთაშორისო ზეწოლა, ცხინვალის ციხეს თავს ვერც 4 ტირძნისელი და ერთი ბელოთელი მოზარდი დააღწევდნენ.

ამ დრომდე ცხინვალის ციხეში, ორ კირბალელთან ერთად ასევე რჩება ჭათურის მკვიდრი მალხაზ ახვლედიანი და კიდევ, დაახლოებით ათი ადამიანი.


XS
SM
MD
LG