ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"დემოკრატია თბილისში"


უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ თედო ჯაპარიძის სტატიით სათაურით „დემოკრატია თბილისში," რომელიც ინტერნეტ ჟურნალ „ნეიშონალ ინტერესში" 26 თებერვალს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„თბილისი საკუთარი პოლიტიკური პრობლემების გადასაჭრელად უცხოეთისკენ არ უნდა იხედებოდეს. ეს უპირველეს ყოვლისა რუსეთთან არსებულ პრობლემებს ეხება. დასავლეთი საქართველოს გულისთვის მოსკოვთან ომს არ დაიწყებს. შეერთებული შტატების ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის განრიგი ისედაც გადატვირთულია და მას აღმოსავლეთ ევროპის ერთი სახელმწიფოს გამო კრელმთან დაძაბულობა ნამდვილად არ სურს. ამასობაში ევროპა რუსეთის ბუნებრივი აირის მიწოდებასა და სხვა კომერციულ და სავაჭრო კავშირებზეა დამოკიდებული. მოსკოვს კარგად ესმის ის თუ რა ბერკეტები გააჩნია მას და ის მნიშვნელოვან კომერციულ და პოლიტიკურ ინტერესებს საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებს. საქართველომ უკიდურესი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს რათა ისეთი გადაწყვეტილებები არ მიიღოს, რომელიც რუსეთს ან მსოფლიოს ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს გააღიზიანებს, რადგან მას საერთაშორისო თანამეგობრობის იმედი არ უნდა ჰქონდეს როგორც ეს აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შემდეგ გაირკვა.

ამდენად უწინარეს ყოვლისა საქართველომ საკუთარ თავს უნდა უშველოს. ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემები ხომ მხოლოდ დემოკრატიული მართვის გაძლიერების მეოხებით გადაწყდება. ქართველებმა წარსულში ჩადენილი შეცდომები უნდა გაითვალისწინონ. ისინი უნდა მიხვნდნენ, რომ დასავლეთის დედაქალაქებში ბატონი სააკაშვილის იმიჯის შენარჩუნება მათ არაფერს მოუტანს. აუცილებელია ჭეშმარიტი დემოკრატიული რეფორმების ჩატარება რომელიც პოლიტიკური სპექტრის ყველა ნაწილს შეიცავს. ეს არის ის ერთადერთი გზა, რომელიც ქვეყანას ომის შემდგომი ჭაობიდან გამოიყვანს.

ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობის გარდაქმნა რადგან თუ ეს არ მოხდა, მაშინ სხვა ინიციატივები წარუმატებელი იქნება. ამდენად ქართული პოლიტიკის შიდა 'გადატვირთვა' საქართველოს მეზობელი ქვეყნებისთვის და პარტნიორი სახელმწიფოებისთვის შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს ვიდრე ეს ბევრს გონია."

უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ ენ ეპლბაუმის სტატიით სათაურით „მოემზადეთ ირანთან ომისთვის იმ შემთხვევაში თუ ისრაელი შეტევაზე გადავა," რომელიც გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის" 23 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაშვი ვკითხულობთ:

„პრეზიდენტი ირანის ბირთვულ ობიექტებს არ დაბომბავს იგივე მიზეზის გამო, რის გამოც მისმა წინამორბედმა ჯორჯ ბუშმა არ დაბომბა ისინი: რადგან ჩვენთვის უცნობია ამ ობიექტების ზუსტი ადგილმდებარეობა, ვინაიდან ჩვენ არ ვართ დარწმუნებულები რომ საჰაერო დარტყმის შედეგად ირანის ბირთვული პროგრამა სამუდამოდ შეწყდება და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ ვერ გაუმკლავდებით ირანის საპასუხო მოქმედებას, რომელიც ისრაელისა და შეერთებული შტატების სამხედრო ძალების წინააღმდეგ იქნება მიმართული და რომელიც ერაყში, ავღანეთში, პალესტინასა თუ ლიბანში ირანის მოკავშირეების მეოხებით განხორციელდება. ამას გარდა ჩვენ ნამდვილად არ გვაწყობს ნავთობზე ფასების ზრდა, რომელიც ამგვარ კონფლიქტს უთუოდ მოჰყვება. თუ მას არჩევანის გაკეთების უფლება აქვს, არცერთი ამერიკელი პრეზიდენტი ახლა ომს არ დაიწყებს, რადგან შეერთებული შტატების სამხედრო ძალები ორ ფრონტზე იბრძვიან და ამერიკელი ხალხი ასეთ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერს.

მაგრამ თუ ობამა ირანს არ დაბომბავს ეს იმას არ ნიშნავს რომ ამას ვინმე სხვა არ იზამს. ამჟამად ვაშინგტონი ჯანდაცვის რეფორმით და მასაჩუსეტსში მომხდარი არჩევნების შედეგებით არის დაკავებული და იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ობამას ყველაზე მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა - დადებითი იქნება ის თუ უარყოფითი - ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებს ეხება. მომავალში ჩვენთვის ეს ყოველივე შეიძლება უმნიშვნელოც მოგვეჩვენოს. მისი პრეზიდენტობის გადამწყვეტი მომენტი შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ღამის ორ საათზე მოხდეს, როცა იგი ტელეფონის ყურმილს აიღებს და ისრაელის პრემიერ მინისტრი მას ეტყვის, რომ ისრაელმა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა. მაშინ რას ვიზამთ?

მართალია ისრაელის მთავრობა ირანის წინააღმდეგ სხვადასხვა ხერხებს იყენებს, ჯერ-ჯერობით ტელ ავივის გათვლა ის არის, რომ საჰაერო დარტყმებით გამოწვეული შედეგები ძალის გამოყენების ამ ხერხს არ ამართლებს.

მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ეს გათვლა შეიძლება შეიცვალოს. ამერიკელებს ხშირად ჰგონიათ, რომ ყველა მსოფლიოს მათი თვალთახედვით აღიქვამს. ამდენად საჭიროა რომ ჩვენ გავითვიცნობიეროთ ის, რომ ისრაელის მოქალაქეების უმრავლესობისთვის ირანის ბირთვული პროგრამა გადარჩენა-არ გადარჩენის საკითხს წარმოადგენს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათთვის ბირთვული ირანის პერსპექტივა არ არის რაღაც გამაღიზიანებელი ანდა შორეული საფრთხე.

ამდენად მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს ადმინისტრაცია სამხედრო და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მზად იქნება არა არჩევანის ომისთვის არამედ არასასურველი ომისთვის, რომელიც აუცილებლობით იქნება ნაკარნახევი."


XS
SM
MD
LG