ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩილელები ღამეს ღია ცის ქვეშ ათევენ 


მძლავრი მიწისძვრიდან ერთი დღის შემდეგ, რომელმაც ჩილეს ცენტრალური რეგიონი მიწასთან გაასწორა, განმეორებითი ბიძგების გამო ჩილელების უმეტესობამ ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა.


8.8 სიმძლავრის მიწისძვრამ სამხრეთ ამერიკის ეს ქვეყანა შაბათს დილით შეარყია. მას შემდეგ დაახლოებით 100-მდე განმეორებითი ბიძგი იყო დაფიქსირებული. მათ შორის ერთი 6.9 სიმძლავრის იყო.


მიწისძვრის შედეგად 300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1.5 მილიონი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. როგორც მოსალოდნელია დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება.
დღეს სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ქალაქ კონსეპსიონის მახლობლად მდებარე საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მოყოლილი 100-მდე ადამიანის გადარჩენას ცდილობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით კონსეპსიონი ჩილეს მეორე ქალაქია. სამაშველო ოპერაციები კონცენტრირებულია ქალაქის ცენტრში, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრიდან 100 კილომეტრით არის დაშორებული.

ჩილეს პრეზიდენტმა მიშელ ბაჩელეტმა ქვეყნის ცენტრალურ რეგიონში „საგანგებო მდგომარეობა“ გამოაცხადა. მიწისძვრის შედეგად ამ რეგიონში დაინგრა სახლები და დაზიანდა სატელეფონო და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები.

გუშინ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ამერიკელი ხალხის სახელით ჩილეს მთავრობასა და მოსახლეობას თანაგრძნობა გამოუხატა და დახმარება დაპირდა.
ამ თემაზე უფრო დაწვრილებით ჩვენს დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ.


XS
SM
MD
LG