ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმოადგენს თუ არა ირანი სამხდრო დიქტატურას?


გასულ კვირას კატარის დედაქალაქ დოჰაში გამოსვლისას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ ირანი სამხედრო დიქტატურის მიმათულებით მოძრაობს. მან ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საქმიანობის გამო შეშფოთება გამოხატა. აღსანიშნავია, რომ ეს ორგანიზაცია ირანში მზარდი გავლენით სარგებლობს და ქვეყნის ბირთვულ პროგრამას განაგებს. ამ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო პრეს კლუბში ჩატარებულ შეხვედრაზე ამერიკის ხმა ირანელ და არაბ ჟურნალისტებს გაესაუბრა.

ლონდონში მოღვაწე ირანელი ჟურნალისტი ალი რეზა ნურიზადე იზიარებს სახელმწიფო მდივნის შეშფოთებას ირანის მმართველ წრეებში მომხდარ ცვლილებებთან დაკავშირებით. ბატონი ნურიზადე, რომელიც არაბეთისა და ირანის კვლევების ცენტრს ხელმძღვანელობს, აღნიშნავს, რომ მას შემდეგ რაც ხელისუფლებაში პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი მოვიდა, ირანი თანამიმდევრულად სამხედრო დიქტატურისკენ მიემართება. ამასთან დაკავშირებით ნურიზადე აღნიშნავს:

„სახელმწიფო მინისტრთა ნახევარი წარმოშობით ან რევოლუციის გუშაგთა ორგანიზაციიდან არის ანდა ამ ორგანიზაციის დაზვერვის განყოფილებასთან თანამშრომლობდა წარსულში. ირანის პარლამენტის ოთხმოცდაათი წევრი გენერლები, პოლკოვნიკები ან რევოლუციის გუშაგთა ყოფილი გენერლები არიან. პოლიტიკურ ასპარეზზე მნიშვნელოვანი სამუშაო ადგილების უმეტესობა რევოლუციის გუშაგთა ორგანიზაციის თანამშრომლების კონტროლის ქვეშ არის. ამ ორგანიზაციის წარმომადგენლები ყველგან არიან და მათ მთავრობა აფინანსებს.“

მაგრამ არაბ ჟურნალისტს ნადია ბილბასს მიაჩნია, რომ ამ შეხედულებას არაბულ სამყაროში ბევრი არ იზიარებს. ახლო აღმოსავლეთის მაუწყებლობის ცენტრის ჟურნალისტის აზრით არაბული სამყაროს ლიდერებს ირანის ბირთვული პროგრამა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა ორგანიზაციის მზარდი გავლენა უდავოდ აღელვებს, მაგრამ არაბთა უმეტესობა ირანს სამხედრო დიქტატურად არ აღიქვამს. მისი თქმით:

„მთავრობასა და ხალხს შორის გარკვეული გათიშვა შეინიშნება. ჩემის აზრით, პრეზიდენტ აჰმადინეჟადის პოპულარობა არაბული სამყაროს ქუჩებში საშუალო დონიდან მაღლამდე ადის. ხალხი ირანს აღიქვამს როგორც ქვეყანას, რომელიც ისეთ მოძრაობებს ემხრობა როგორიც არის ჰამასი და ჰეზბოლა, რომლებიც ხალხისთვის ცნობილია როგორც პალესტინურ ტერიტორიებსა და სამხრეთ ლიბანში ისრაელის ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციები. მაგრამ ზოგადად რომ ვთქვათ ისინი ირანს სამხედრო დიქტატურად არ აღიქვამენ.“

სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის თქმით რევოლუციის გუშაგთა ორგანიზაცია ირანის ბირთვულ პროგრამას განაგებს. ნადია ბილბასის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ ირანის ბირთვული პროგრამა მეზობელ არაბ ქვეყნებსა და განსაკუთრებით კი არაბეთის ყურეს სახელმწიფოებს საფრთხეს უქმნის. ბილბასი აღნიშნავს:

„მე ვფიქრობ, რომ პირადი საუბრების დონეზე ირანის მიერ ბირთვული შეიარაღების წარმოების შესაძლებლობა ყველას აღელვებს. არავის სჯერა, რომ თეირანს ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისთვის სჭირდება. ყველამ იცის, რომ ირანი რეგიონში ლიდერობას ცდილობს. მაშასადამე ბირთვული შეიარაღების შეძენა მათ ამის შესაძლებლობას მისცემს.“

ბატონი ნურიზადე კი ფიქრობს, რომ ირანის ხელისუფლებაზე გავლენის მოხდენის ყველაზე ეფექტური მეთოდია ქვეყნის შიგნით ოპოზიციის მიმართ დახმარების აღმოჩენა.

ორივე ჟურნალისტს მიაჩნია, რომ ირანის ბირთვული ობიექტების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განხორციელება უნაყოფო იქნება. ბატონი ნურიზადე აღნიშნავს, რომ სამხედრო ძალის გამოყენება შეერთებული შტატებისთვის, მეზობელი სახელმწიფოებისთვისა და ირანელი ხალხისთვის უარყოფით შედეგს გამოიღებს. ბილბასს კი მიაჩნია, რომ ირანის სამხედრო ობიექტების დაბომბვა კატასტროფას გამოიწვევს.

ორივე ჟურნალისტი დასძნეს, რომ ირანის მთავრობაზე გავლენის მოხდენის ყველაზე ეფექტური მეთოდი მიზნობრივი ეკონომიკური სანქციების შემოღება იქნებოდა. ამ მიზნის მისაღწევად კი აუცილებელია გაეროს უშიშროების საბჭოში ჩინეთის მთავრობის განუწყვეტელი ლობირება. მაგრამ ჯერ-ჯერობით პეკინი უფრო მკაცრი სანქციების შემოღებას ეწინააღმდეგება. ჩინეთის მთავრობა საერთაშორისო კრიზისის გადასაჭრელად შემდგომი მოლაპარაკებების წარმართვის მომხრეა.


XS
SM
MD
LG