ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ურთიერთობა პუტინის რუსეთთან“


ოთხშაბათს 24 თებერვალს ვაშინგტონში მდებარე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტთან არსებული საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევის ცენტრში გაიმართა შეხვედრა თემაზე „ურთიერთობა პუტინის რუსეთთან.“ ამ თემაზე საკუთარ დაკვირვებებს დამსწრე საზოგადოებას უზიარებდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში და ამჟამად პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული გუანტანამოს საპყრობილის დახურვის საკითხებში ბატონი დენიელ ფრიდი.

გამოსვლის დასაწყისში ბატონმა ფრიდმა აღნიშნა, რომ იმისათვის, რომ გავითვიცნობიეროთ ის, თუ რას წარმოადგენს პუტინის რუსეთი აუცილებელია ისტორიის ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ვერსიაში გარკვევა. 1989 და 1991 წლის შემდეგ ევროპაში მომხდარი მოვლენების ამერიკული ვერსიის თანახმად თავისუფლების სფერო გაფართოვდა და ვაშინგტონმა მოსკოვს თანამშრომლობა შესთავაზა. მაგრამ არსებობს აგრეთვე ხსენებული მოვლენების რუსული ვერსია, რომელსაც პუტინის საგარეო და რეგიონალურ პოლიტიკაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ფრიდს მიაჩნია, რომ უფროსი ბუშის, კლინტონისა და უმცროსი ბუშის ადმინისტრაციები რუსეთსა და რუსეთის მიმართ პოლიტიკაზე გარკვეულ საერთო შეხედულებებს იზიარებდნენ. თავდაპირველად, და ეს განსაკუთრებით კი კლინტონის ადმინისტრაციის დასაწყისში იგრძნობოდა, ვაშინგტონში რუსეთს სხვა პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებს ამსგავსებდნენ და ამ ქვეყნის განვითარების ტრაექტორიას საერთო დემოკრატიზაციის პარალელურად განუყოფელ ევროატლანტიკურ თანამეგობრობასთან დაახლოვებას უქადიდნენ. უმცროსი ბუშის ადმინისტრაციის დასაწყისში კი პრეზიდენტის მაშინდელი მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში კონდოლიზა რაისი და სხვა ოფიციალური პირები რუსეთს აღიქვავდნენ როგორც ქვეყანას, რომელმაც 90-იანი წლების ქაოსი დასძლია და კანონიერად წესრიგის განმტკიცებას ახორციელებდა. ბუშისა და კლინტონის ადმინისტრაციებს სჯეროდათ, რომ რუსეთთან სერიოზული პარტნიორული ურთიერთობა შესაძლებელი იყო და ამ მიზნის მისაღწევად იღწვოდნენ. 90-იანი წლებიდან მოყოლებული შეერთებული შტატები იმავდროულად ეგრედწოდებული ორმაგი სტრატეგიის განხორციელებას ცდილობდა, რომელიც ერთის მხრივ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ნატოსა და ევროკავშირის გაფართოებას ითვალისწინებდა, ხოლო მეორეს მხრივ რუსეთთან ურთიერთობის გაღრმავებისკენ იყო გამიზნული.

მაგრამ რუსეთის მხრიდან 90-იანი წლები „დაკარგულ ათწლეულად“ ითვლება. ფრიდის თქმით ამ შეხედულებას ბევრი რუსი მაღალჩინოსანი იზიარებს, რომლებთანაც მას შეხვედრები მოუხდა. პუტინის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დასაწყისში ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში რუსი ოფიციალური პირები ღიად საუბრობდნენ კრემლის პრიორიტეტებზე, რომლებიც სახელწმიფოებრიობოს განმტკიცებას, ოლიგარქების დამორჩილებასა და ცენტრალური ძალაუფლების კონსოლიდაციას შეიცავდა. ხოლო 2005 წლის შემდეგ კი რუსეთის მთავრობა ფერადი რევოლუციების გამო სულ უფრო მზარდ შეშფოთებას გამოთქვავდა. მოსკოვი შეერთებულ შტატებს ამ რევოლუციების მოწყობაში გადამეტებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. ამასთან დაკავშირებით ფრიდი აღნიშნავს:

„და შესაძლებელია, რომ ამ ‘ფერად’ რევოლუცებს და რუსეთის მიერ ამ რევოლუციებში შეერთებული შტატების როლის აღქმას რუსების აზროვნებაზე უფრო დიდი გავლენა ჰქონდა ვიდრე ჩვენ ამას მაშინ წარმოვიდგენდით. ეს გარკვეული თვალსაზრისით იყო პერიოდი რომლის დროსაც რუსეთმა უკან დახევა შეწყვიტა და რუსებმა ‘პრივილიგებური გავლენის სფეროებზე’ დაიწყეს საუბარი.“

ფრიდი აღნიშნავს, რომ შეერთებული შტატებისა და რუსეთის მთავრობებს შორის შემცნობ შეხედულებათა მზარდი განსხვავებულობის გამო 2008 წლისთვის სერიოზული პრობლემები წარმოიქმნა. ის რასაც რუსები საკუთარი ქვეყნის როლის აღდგენას თვლიდნენ ამერიკელებისთვის რუსეთში ავტორიტარული წყობის განმტკიცებასა და მეზობელ ქვეყნებში რევიზიონიზმს ნიშნავდა. უმცროსი ბუშის ადმინისტრაციაში რამდენიმე წლის მანძილზე ოფიციალური პირები რუსეთთან მიმართებაში სტაბილური პლატფორმის შექმნას ცდილობდნენ, რომელზეც დაყრდნობით შესაძლებელი გახდებოდა შეზღუდული პარტნიორობის ჩარჩოებში ისეთი საჭირბოროტო საკითხების ორმხრივი განხილვა როგორიც არის ირანი, ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ კორეა და ავღანეთი. სამწუხაროდ ეს მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, რასაც ორმხრივი ურთიერთობების დაკნინება და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი მოჰყვა. ფრიდის თქმით:

„2008 წლის აგვისტოს საზარელი რუსეთ-საქართვლოს ომი რუსეთ-ამერიკის კრიზისს არ წარმოადგენდა. ამ აქტის ჩადენით რუსეთმა საერთაშორისო საზღვრების ძალით შეცვლა სცადა.“

ამგვარად ობამას ადმინისტრაციას რუსეთთან ურთიერთობის სტაბილიზაცია და შემდგომ კი „გადატვირთვა“ სწორედ ამ რთულ კონტექსტში მოუხდა. 2009 წლის თებერვალში ვიცე პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გამოსვლა მიუნხენის უშიშროების კონფერენციაზე, ფრიდის აზრით, მნიშვნელოვანი იყო იმის გამო, რომ მასში ზოგადად განმარტებული იყო რუსეთთან ურთიერთობის განვითარების ძირითადი პრინციპები. კერძოდ, ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან ითანამშრომლებს, მაგრამ ეს მოსკოვის „გავლენის სფეროს“ აღიარებს როდი ნიშნავს. ფრიდი დასძენს:

„ჩვენ რუსეთთან ვითანამშრომლებთ, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ ვცნობთ. ამას გარდა მან აგრეთვე ნატოს გაფართოების პრინციპი დაადასტურა.“


XS
SM
MD
LG