ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში გენერლებს აპატიმრებენ


ამ კვირის განმავლობაში თურქეთის მთავრობის მიერ 49 გენერლის და სამხედრო მაღალჩინოსნის დაპატიმრებას პოლიტიკურ მიწისძვრას ადარებენ. ხსენებულ პირთა დაპატიმრება თურქეთის ისლამისტური მთავრობის წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების გამოძიებას უკავშირდება. თუმცა მასიური დაპატიმრება მზარდ შეშფოთებას იწვევს იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთში ახალი ავტორიტარული ერა იწყება.

„შეთქმულების ლიდერები დააპატიმრეს“ აცხადებდა ერთი პროსამთავრობო გაზეთის წინა გვერდზე დაბეჭდილი სტატიის სათაური. „უროს“ კოდური სახელით ცნობილ ანტი-სამთავრობო შეთქმულბასთან დაკავშირებით დაკავებულ სამხედრო ძალებში მსახურ და პენსიაზე გასულ 49 სამხედრო მაღალჩინოსანს ამჟამად დაკითხვას უტარებენ.

1923 წელს თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან მოყოლებული თურქეთი საერო სახელმწიფოდ არის ცნობილი და არმიამ, რომელიც საკუთარ ფუნქციას საერო სახელმწიფოს დამცველად აღიქვამს, სახელმწიფოებრიობის საერო პრინციპის შელახვის გამო 1960 წლიდან ხელისუფლებიდან ოთხი მთავრობა გააძევა. მაგრამ ახლახან მომხდარ დაპატიმრებამდე, ბაჩესეჰირის უნივერსიტეტის თურქი პოლიტიკური მეცნიერის ჩენგიზ აკტარის თქმით, სამხედროები ხელშეუხებლები იყვნენ. ამასთან დაკავშირებით აკტარი აღნიშნავს:

„ამ ზომების მიღებას უდავოდ ისტორიული მნიშვნელობა აქვს რადგან ქვეყანას მსგავსი არაფერი უნახავს. ამით მე პენსიაზე გასული ოთხვარსკვლავიანი გენერლების ჯგუფის დაპატიმრებას ვგულისხმობ. მე ვფიქრობ, რომ ეს ახალი ეტაპის მოსასწავებელია. ჩვენ დემილიტარიზაციის პროცესის დასაწყისში ვართ, ისევე როგორც ეს ესპანეთში, საბერძნეთსა და პოტუგალიაში მოხდა 70-იან და 80-იან წლებში.“

მაგრამ თურქეთში ყველა როდი იზიარებს ამგვარ ეუფორიას. მთავარი ოპოზიციური პარტიების ორივე ხელმძღვანელმა სამხედრო მაღალჩინოსნების დაპატიმრებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა. ეროვნული მოქმედების პარტიის ხელმძღვანელმა დენიზ ბაჰჩელიმ თურქეთის პარლამენტის წევრებს განუცხადა, რომ ხსნებული პირების დაკავება პოლიტიკურ და არა სამართლებრივ მიზნებს ემსახურება.

პოლიტიკურ მიმომხილველს ნურეი მერტს მიაჩნია, რომ თურქეთის სასამართლო სისტემა ქვეყნის შიგნით მთავრობის მომხრეებს და მათ მოწინააღმდეგეებს შორის მზარდი პოლარიზაციის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით:
„ამ გარემოებათა კონტექსტში პროსამთავრობო და ანტისამთავრობო ბანაკებს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე არაფერი გადაწყდება და შედეგად სასამართლო სისტემა ორად არის გახლეჩილი. ყველაფერი ორად არის გაყოფილი, საზოგადოებისა და სასამართლო სისტემის ჩათვლით. ამგვარად ამ მოვლენების ფონზე სასამართლოს სისტემაში კრიზისი ვერ გადაწყდება.“

მიმომხილველები აღნიშნავენ, რომ „ერღენეკონის“ სახელით ცნობილი სხვა ანტისამთავრობო შეთქმულების მიმდინარე გამოძიების გამო თურქეთის სასამართლო სისტემა მზარდ შეშფოთებას იწვევს. მართალია თავდაპირველად ამ გამოძიების დაწყებას ბევრი მიესალმა, როცა სამართალდამცველებმა ასობით ადამიანი დააპატიმრეს, მთავრობის კრიტიკოსების ჩათვლით, ამ გამოძიების კანონიერების მიმართ ბევრს ეჭვი გაუჩნდა.

ამას გარდა, გამოქვეყნდა ინფორმაცია რომლის თანახმადაც თურქეთის მთავრობამ ბოლო სამი წლის მანძილზე გასცა სანქცია ასი ათასი სატელეფონო ხაზის მოსმენის შესახებ, მსაჯულებისა და პროკურორების ჩათვლით.

მაგრამ მთავრობა ამტკიცებს, რომ სასამართლო სისტემის გარკვეული ელემენტები ანტი-სამთავრობო შეთქმულებაში აქტიურად მონაწილეობენ. 2008 წელს თურქეთის მთავრობა ძლივს გადაურჩა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მას საერო სახელმწიფოებრიობის პრინციპის უგულვებელყოფაში ადანაშაულებდა.

თებერვლის დასაწყისში დაძაბულომამ იმატა, როცა უზენაესმა მსაჯულებმა მთავრობის მიერ დანიშნული „ერღენეკონის“ შეთქმულების საგანგებო გამომძიებელს უფლება-მოვალეობები ჩამოართვეს. ამის პარალელურად ხსენებულმა საგანგებო გამომძიებელმა დააპატიმრა პროკურორი, რომელიც ისლამურ საძმოს იძიებდა. აღსანიშნავია, რომ დაპატიმრებულ პროკურორს კორუფციისა და ფულის გათეთრების ბრალდებები წამოუყენეს.

პრემიერ მინისტრი რეჯეპ თაიპ ერდოღანი ახლა აცხადებს, რომ ქვენის სასამართლო სისტემაში სასწრაფო რეფორმების ჩატარება აუცილებელია.

არა აქვს მნიშვნელობა იმას დაუჭერენ ამ ინიციატივას მხარს ოპოზიციური პარტიები თუ არა. ჩვენ სასამართლო სისტემის რეფორმის კანონმდებლობის პროექტს პარლამენტში მაინც შევიტანთ. თუ ჩვენ ხმების საკმარის რაოდენობას მოვიპოვებთ, მაშინ ამ საკითხს რეფერენდუმზე გამოვიტანთ. ჩვენ ამ საკითხს ხალხის წინაშე დავაყენებთ, აღნიშნა ერდოღანმა.

მართალია მთავრობას ჯერ-ჯერობით კონკრეტული შემოთავაზებები არ წამოუყენებია, ევროკავშირი, რომლის წევრობას თურქეთი ლამობს, სასამართლო სისტემის რეფორმის პრინციპს ემხრობა. მთავრობის კრიტიკოსები კი აღნიშნავენ, რომ სინამდვილეში პრემიერ მინისტრი საკუთარ ძალაუფლებაზე ბოლო შემაკავებელი ბერკეტის მოცილებას ცდილობს.

სასამართლოს სისტემასთან დაძაბულობის მოსახსნელად სამშაბათს თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული ორ უზენაეს მსაჯულს შეხვდა. მაგრამ დაკვირებლებს ეჭვი ეპარებათ, რომ ამგვარი ჩარევა რაიმე ნაყოფს გამოიღებს. პოლიტიკური დავა იმის თაობაზე თუ რა მიმართულებით მოძრაობს თურქეთის ამჟამინდელი მთავრობა - უფრო დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნისკენ თუ, პირიქით, ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებისკენ - როგორც ჩანს, კიდევ დიდ ხანს გაგრძელდება.


XS
SM
MD
LG