ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესა საქართველოზე



უცხოური პრესის მიმოხილვა დღეს ორ სტატიას გაგაცნობთ, რომლებიც საქართველო-რუსეთის ომის დროს ამერიკის ადმინისტრაციაში მიმდინარე დებატებზე საუბრობს.

პირველი ინტერნეტ პუბლიკაცია "დიჯიტალ ჯურნალში” ენდრიუ მორენის მიერ გამოქვეყნებული მოკლე სტატიაა, სათაურით „ახალი წიგნი ამბობს, რომ დიკ ჩეინის რუსეთთან ომი სურდა.“ სტატია ეყრდნობა რონალდ ასმუსის იანვარში გამოცემულ წიგნს „პატარა ომი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა“ და აბმობს, რომ 2008 წლის აგვისტოში, ამერიკის მაშინდელ ვეცე პრეზიდენტ დიკ ჩეინის რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება სურდა.

ომის დაწყების შემდეგ თეთრ სახლში კაბინეტის წევრებს შორის დებატები გაიმართა იმის შესახებ, ჩარეულიყო თუ არა ამერიკის შეიარაღებული ძალები ომში ქართული ჯარის მხარდასაჭერად. თეთრ სახლში ამ საუბრების გამართვის ძირითადი მიზეზი საქართველოსა და ამერიკას შორის მჭიდრო პარტნიორული ურთიერობა იყო.

სტატიას ბატონი ასმუსის წიგნიდან ციტატა მოჰყავს: „რუსეთის მიერ დაწყებული იერიშის სიდიდემ თეთრი სახლის რამდენიმე მაღალჩინოსანს ის აფიქრებინა, რომ ამერიკას მცირე ზომის სამხედრო ოპერაცია ჩაეტარებიანა, რომლითაც რუსეთის იერიშის შეჩერება მოხდებოდა. სამხედრო ოპერაციაში რამდენიმე ზუსტი საჰაერო დარტყმა შედიოდა, რომლის დანიშნულებაც როკის გვირაბის დალუქვა და რუსეთის მხრიდან საქართველოს მთავრობაზე ზეწოლის შემცირება იქნებოდა.“

სტატიის თანახმად სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით დიკ ჩეინის პრეზიდენტი ჯორჯ ბუშის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე სტივ ჰედლი დაუპირისპირდა. ჩეინის გათვლებით რუსეთს საქართველოს მიღმა სხვა, უფრო ფართომასშტაბიანი რეგიონალური გეგმებიც ჰქონდა, ხოლო ბატონი ჰედლი კი ამ შეხედულების სასტიკი წინააღმდეგი იყო.

სტატიის ავტორი ასმუსის წიგნზე დაყრდნობით დასკვნას აკეთებს და ამბობს, რომ თეთრი სახლი სერიოზულად განიხილავდა საქართველოსთვის სამხედრო დახმარების აღმოჩენას. თუმცა, გამომდინარე იმ ალბათობიდან, რომ ვაშინგტონის ამ სახის ჩარევა კონფლიქტში მოსკოვთან პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციას გამოიწვევდა, ამერიკის ადმინისტრაციამ საქართველოს დახმარების გადაწყვეტილება არ მიიღო.

////

მეორე სტატია რომლსაც პრესის დღევანდელ მიმოხილვაში გთავაზობთ ადამ დანიელ როტფელდს ეკუთვნის, რომელიც „ვოლ სტრიტ ჯორნალში“ გამოქვეყნდა სათაურით „პატარა ომი, დიდი შედეგები - დასავლეთს რუსეთის მიმართ ახალი სტრატეგია სჭირდება.“ დანიელ როტფელდი პოლონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფციის ექსპერტთა ჯგუფის წევრია.

ავტორი სტატიას იმით იწყებს, რომ რუსეთი მუდამ უკმაყოფილოა იმით, რომ

ნატო მოსკოვის მოსაზრებებს არ იზიარებს და რუსეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს უგულვებელყოფს. ავტორის თქმით, რუსული მხარის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოში ომი იმის გამო დაიწყო, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკამ და ნატომ სამხრეთ ოსეთზე იერიშის მიტანაზე წააქეზეს.

ავტორს აინტერესებს შეესაბამება თუ არა ეს სინამდვილეს. პასუხის გასაცემად მას რონ ასმუსის ზემოთხსენებული წიგნი მოჰყავს და ამბობს, რომ ომი იმის გამო მოხდა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება სურს და რუსეთი კი ყველა ხერხს მიმართავს იმისთვის, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალოს. ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, მაგრამ ამაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ბატონ როტფელდს ევროპის უშიშროების სისტემების უუნარობა და გაუმართავობა მოჰყვას.

სტატია აგრძელებს ასმუსის წიგნის განხილვას და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სამხედრო ოპერაცია სასოწარკვეთის გამო დაიწყო, რომელიც ერთი მხრივ დასავლეთის მიერ საქართველოზე ყურადღების მოდუნებამ და მეორეს მხრივ კი სააკაშვილის რეჟიმის საფრთხეში აღმოჩენამ გამოიწვია.

მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, „პატარა ომის“ შემდეგ გამარჯვებული არავინ დარჩა. საქართველომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დაკარგა და ამასთან, მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია საგრძნობლად შეილახა, ხოლო საქართველოს ახლო მომავალში ნატოში გაწევრიანება კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

ევროპა და ამერიკა წაგებულები იმის გამო დარჩნენ, რომ ომის თავიდან აცილება ვერ შეძლეს. ასმუსის თქმით, რუსეთის დანაკარგი არანაკლები იყო. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა სამხედრო ოპერაციაში გაიმარჯვა, საქართველოში რეჟიმის შეცვლას მაინც ვერ მიაღწია. მაგრამ ყველაზე მძიმე შედეგი, რომელიც საქართველოსთან ომს მოჰყვა არის ის, რომ შეიქმნა წინაპირობა სამომავლო კონფლიქტებისა.

საქართველოსთან ომმა სხვა ქვეყნებს დაანახა, რომ სამხედრო ძალის გამოყენებით 21-ე საუკუნეში ქვეყნის საზღვრების შეცვლა ადვილად შეიძლება. ასევე საგულისხმოა ისაც, რომ მიუხედავად რუსეთის დიდი სურვილისა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არც ერთმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ არ აღიარა.

სტატია მთავრდება იმით, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველო-რუსეთის ომთან დაკავშირებული შეკითხვები კიდევ დიდი ხანი დარჩება უპასუხოდ. დასავლეთში კი ჯერ ისევ უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ რატომ ვერ მოახერხა კონფლიქტურ ზონაში განლაგებულმა გაეროსა და ეუთოს წამომადგენლობებმა ომის თავიდან აცილება და რა დანიშნულება ჰქონდა აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში რუსულ სამშვიდობო ძალებს.

XS
SM
MD
LG