ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში პოლიციის პირად შემადგენლობას კვეცავენ


რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი პოლიციის სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმების ჩატარებისკენ მოუწოდებს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ქვედანაყოფებში პირადი შემადგენლობის 50 პროცენტით შემცირებას ითვალისწინებს. კრემლის ლიდერი აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ხელფასების გაზრდას ცდილობს.

პრეზიდენტ მედვედევს მიაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღარ უნდა შეასრულოს ზედმეტი ფუნქციები ან ის დავალებები, რომლებიც უშუალოდ პოლიციურ სამუშაოს არ უკავშირდება.

ბატონი მედვედევის თქმით, მან მიიღო გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ სამმართველოსა და მის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურებში თანამშრომლების 19,970-დან 10,000-მდე შემცირების შესახებ. მისი თქმით შინაგან სამქეთა უწყებაში აგრეთვე ჩატარდება სამინისტროს ფუნქციების შესწავლა, რომლის მიზანი იქნება მათი სამინისტროს დღევანდელ მოთხოვნილებებთან, მის მისიასა და რესურსებთან შესაბამისობაში მოყვანა.

პრეზიდენტმა მედვედევმა პარლამენტს უკვე გაუგზავნა საკანონმდებლო პროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსგან სხცა სამთავრობო სააგენტოებისთცის გარკვეული ფუნქციების გადაცემას ითვალისწინებს. აქ შედის ისეთი ფუნქციები როგორიც არის არალეგალური ემიგრანტების ქვეყნიდან გაძევება, გამაფხიზლებელი ცენტრების ხელმძღვანელობა და ავტომანქანების შემოწმება.

ის რომ საგზაო პოლიცია რუსეთში ძალზედ კორუმპირებულია ყველასთვის არის კარგად ცნობილი. რუსები ყოველდღიურ პრაქტიკაში ხშირად უწოდებენ 'მწყემსობას' პოლიციის იმ მოქმედებას, რომლის დროსაც პოლიციელები ავტომანქანების ინსპექციისას მძღოლებისგან ქრთამს იღებენ. ამის მთავარ მიზეზად ხშირად მილიცელების დაბალ ხელფასებს ასახელებენ. ბატონმა მედვედევმა განაცხადა, რომ ის ხელფასების გაზრდას პრიორიტეტს გახდის.

კრემლის ლიდერის თქმით, ის მალე მიიღებს გადაწყევტილებას ხელფასების გაზრდის შესახებ. მედვედევმა აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთის მთავრობა ამ საკითხთან დაკავშირებულ რამდენიმე პროექტს იხილავს. მან აგრეთვე გამოთქვა იმედი, რომ წელს რუსეთის ეკონომიკა უფრო სწრაფად განვითარდება, რაც მთავრობას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შორის არსებული ბინებით უზრუნველყოფის პრობლემის მოგვარებას შესაძლებელს გახდის.

მედვედევის თქმით გასულ წელს რუსეთში დაახლოებით 1.3 მილიონი დანაშაული ვერ გამოიძიეს. ამ სტატისტიკურ მონაცემში შედის 2,000-ზე მეტი მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა, 760,000 ქურდობა და 124,000 ძარცვა.

იმავდროულად რუსიკრიმინალურ პსიქიატრს მიხაილ ვინოგრადოვს მიაჩნია, რომ თითქმის თითოეულ შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფში დასაქმებულია ზედმეტი თანამშრომელი, უფროსის, ორი მოადგილეს, თანაშემწეს და მდივნის ჩათვლით. ვინოგრადოვი პოლიციელების რიგების შემცირების საკითხს რუსულ მედიაში ხშირად აყენებს. ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ იგი მედვედევის ინიციატივას მიესალმება, მაგრამ შიშობს, რომ ზოგიერთი ოფიციალური პირი ხელფასის მომატების მიუხედავად კორუმპირებული დარჩება.

ვინოგრადოვის თქმით, თავდაცვის სამინისტროს ბევრი გენერალი ძალზედ მაღალ ხელფასებს ღებულობს და დიდი რაოდენობის ქრთამებს იღებს. მას მიაჩნია, რომ სულ სხვა კითხვაა ის თუ რამდენად შეცვლის ხელფასის მომატება თანამშრომლების უმეტესობის ფინანსურ მდგომარეობას. ვინოგრადოვი დასძენს, რომ თანამშრომლების 75 პროცენტი პატიოსანი პირებისგან შედგება, რომლებსაც არსებულ მდგომარეობაში გადარჩენა ძალიან უჭირთ. ვინოგრადოვს მიაჩნია, რომ დანარჩენი 20 ან 25 პროცენტი ქურდებისგან და ალკოჰოლიკებისგან შედგება.

ბატონ მედვედევის რეფორმის ინიციატივის საჯაროდ განცხადება პოლიციის მიერ ჩადენილი მძიმე დანაშაულების ფონზე მოხდა. მაგალითად, გასული კვირის მანძილზე დაფიქსირდა სულ ცოტა ორი შემთხვევა, როცა მთვრალი პოლიციელები ქვეითად მოსიარულე სამოქალაქო პირებს მსუბუქი ავტომანქანებით დაეჯახნენ.

XS
SM
MD
LG