ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროსასამართლოში ბევრი საქმე დაგროვდა


დაარსებიდან ორმოცდაათი წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ძალიან ბევრი საქმე დაგროვდა. ეს გარემოება მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი ადამიანის უფლებათა სასამართლოს მუშაობას სერიოზულად ართულებს. ამერიკის ხმის კორესპონდენტი ლიზა ბრაიანტი პარიზიდან იუწყება, რომ შვეიცარიაში მიმდინარეობს ევროპის ქვეყნების იუსტიციის მინისტრთა შეხვედრა, სადაც ისინი ხსენებული პრობლემის გადაჭრის გზებს განიხილავენ.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 47 წევრი სახელმწიფოს იუსტიციის მინისტრები მთელი რიგი საკითხების გადაჭრას ცდილობენ. იანვრის მონაცემებით საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში მდებარე სასამართლოში 119,000 საქმე დაგროვდა. მოსარჩლეებს ხშირად წლების მანძილზე ლოდინი უხდებათ ვიდრე მათ საქმეებს განიხილავენ. ბევრ განაცხადს საერთოდ არ იხილავენ იმის გამო რომ ისინი სასამართლოს იურისდიქციას სცილდება.

იუსტიციის მინისტრთა შეხვედრა შვეიცარიის მთავრობის ინიციატივით საკურორტო ქალაქ ინტერლაკენში მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი მიზანია ახალი მექანიზმების დაწესება სასამართლოს რეფორმირებისა და გარდაქმნის მიზნით.

ალან მენდოზა ლონდონში მდებარე ჰენრი ჯეკსონის სახელობის საზოგადოების პრეზიდენტია. ეს ორგანიზაცია ცნობილია თავისი საქმიანობით ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული განივთარების სფეროებში. მენოდზას მიაჩნია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გარდაქმნის ორი გზა არსებობს. მისი თქმით:

„წესები უნდა შეიცვალოს და თანამშრომელთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს, ეს კი ორგანიზაციის გარდაქმნას ნიშნავს, რაც სასამართლოს წარდგენილ სარჩლებზე უფრო სწრაფი რეაგირების საშუალებას მისცემს."

მენოდზა აღნიშნავს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გარდაქმნის მეორე შესაძლებლობა კი ის არის, რომ უნდა შეიცვალოს განსახილველი საქმეების კატეგორია რათა სასამართლომ სათანადო ყურადღება სოციალურ საკითხებსა და ისეთ საქმეებს დაუთმოს, რომელიც რამდენიმე სახელმწიფოს ეხება.

ანალიტიკოსების აზრით არსებობის ორმოცდაათი წლის მანძილზე ევროპული სასამართლო სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების დაცვის წამყვანი ორგანო იყო. აღსანიშნავია, რომ ახლახან განხილულ საქმეთა უმეტესობა რუსეთს, თურქეთს, უკრაინასა და რუმინეთს უკავშირდება. საქმეებში განიხილება ისეთი საკითხები როგორიც არის წიგნის აკრძალვა თურქეთში, არასრულწლოვანი ბავშვების მეურვეობასთან დაკავშირებული დავა იტალიაში და ჩეჩენ მეამბოხეთა გაუჩინარება.

ანტონი დვორკინი საერთაშორისო სამართლის ექსპერტია, რომელიც ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში მუშაობს. დვორკინი აღნიშნავს:

„ადმიანის უფლებათა ევროპული სასამართლო საკმაოდ ძლევამოსილი ორგანიზაციაა...ეს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი სასამართლოა რადგან მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულება, თეორიულად მაინც, ყველა წევრი სახელმწიფოსთვის სავალდებულოა...ამდენად თეორიულად კერძო პირებს საკუთარი მთავრობების წინააღმდეგ სარჩლების შეტანა შეუძლიათ."

დვორკინი დასძენს, რომ რამდენიმე მთავრობა მათ წინააღმდეგ მიღებულ სასამართლოს გადაწყვეტილებებს პირნათლად ასრულებს. ანალიტიკოსები აგრეთვე აღნიშნავენ, რომ სასამართლომ საკმაოდ საკამათო საკითხები განიხილა, რელიგიური უფლებების, სექსუალური უმცირესობების უფლებებისა და ანტი-ტერორისტული კანონმდებლობების ჩათვლით.

უნდა აღინიშნოს, რომ 1998 წლის რეფორმის შემდეგ სასამართლომ 10,000-ზე მეტი განაჩენი გამოიტანა.

XS
SM
MD
LG