ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოგზაურობა და უსაფრთხოება


2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმებიდან მოყოლებული საავიაციო და ტურისტულ ინდუსტრიას შეერთებულ შტატებში მილიარდობით დოლარი აქვს დახარჯული მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა საფრთხეებისთვის მომზადების მიზნით. რა ეკონომიკური გავლენა აქვს ამ საფრთხეებს და როგორ უმკლავდებიან მათ მოგზაურები?

ტერორისტების მიერ ავიალაინერების აფეთქების მცდელობებისა და მათ საწინააღმდეგოდ მიღებული დამატებითი უშიშროების ზომების მიუხედავად მოგზაურთა ნაკადი სულ უფრო იზრდება. მაგალითად, შეერთებულ შტატებში სარკინიგზო ხაზებზე მგზავრთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

წელს შეერთებული შტატების ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაცია უსაფრთხოების ზომებზე ერთ მილიარდ დოლარს დახარჯავს, რაც ორჯერ აღემატება 2009 წლის დანახარჯებს ამ სფეროში. ხოლო მსოფლიოს საავიაციო ინდუსტრია კიდევ უფრო დიდ თანხას გაიღებს.

საერთაშორისო საავიაციო ტრანსპორტის ასოციაციის წარმომადგენლის სტივ ლოტის თქმით:

„მსოფლიოს სხვადასხვა ავიახაზები უსაფრთხოებაზე ყოველწლიურად დაახლოებით 5.9 მილიარდ დოლარს ხარჯავენ. ეს სახსრები იხარჯება ისეთ ზომებზე როგორიც არის პილოტის კაბინის კარების გაძლიერება და ეკიპაჟის მომზადება.“

გასული წლის 25 დეკემბერს 23 წლის ნიგერიელმა უმარ ფარუკ აბდულ მუთალაბმა შეერთებული შტატების მიმართულებით მიმავალ ავიალაინერზე ბომბის აფეთქება სცადა. შეიცვალა თუ არა ამ წარუმატებელი თავდასხმის გამო მგზავრების დამოკიდებულება?

სამსახურეობრივი მგზავრობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მაიკ მაკკორმიკის თქმით:

„როცა ჩვენ მათ გავესაუბრეთ ამ ინციდენტის შესახებ, მხოლოდ ორმა პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი საკუთარი მგზავრობის ჩვევებს შეცვლიან.“

ბრიუს მაკინდო რისკის ანალიზის კერძო ფირმის პრეზიდენტია. მისი თქმით დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღებაზე ავიახაზები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ. ამასთან დაკავშირებით მაკინდო აღნიშნავს:

„როცა რაიმე განგაშის გამო უსაფრთხოება გაძლიერებულია, ეს სისტემაში ფრენების შეფერხებას იწვევს, ეს კი ავიახაზებს ძალიან ძვირად უჯდება რადგან საჭირო ხდება დამატებითი სახსრების გამოყოფა პერსონალისთვის. ხოლო თვითმფრინავები შემოსავალს არ იძლევა რადგან ავიალაინერები მიწაზეა გაჩერებული.“

ცუდ ამინდსაც აქვს გავლენა მომგებიანობაზე რადგან ფრენები გაჩერებულია და შედეგად ბიზნესი გაყინულია. მაგრამ მგზავრების გამოკითხვის შედეგებმა ცხადყო, რომ მათი მგზავრობის გადაწყვეტილებებზე ყველაზე დიდი გავლენა ეკონომიკურ ჩავარდნას და მგზავრობის ღირებულებას აქვს. ტერორიზმის ესა თუ ის აქტი ავიახაზისთვის ნაკლებად ძვირია ვიდრე ამ აქტის თავიდან აცილების მიზნით მთელი რიგი უსაფრთხოების ზომების მიღება.

საავიაციო ინდუსტრიის ადვოკატს როი გოლდბერგს კი მიაჩნია, რომ მგზავრები ავიახაზებზე ტერორისტულ შემთხვევებს აღიქვამენ ისევე როგორც უბედურ შემთხვევებს. ორივე შემთხვევაში არც ერთი არ არის გამორიცხული და არც მეორე, მაგრამ მომხმარებლებს ზოგადად მაინც მიაჩნიათ, რომ თვითმფრინავებით მგზავრობა უსაფრთხოა.

„დეკემბერში ტერორისტული აქტის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, იანვარში ავიაბილეთების ფასები და საფონდო ბირჟაზე ფასიანი ქაღალდების ფასები ხუთი პროცენტით გაიზარდა. ასე რომ 2009 წლის მეოთხე კვარტალი 2008 წელთან შედარებით უფრო უკეთესი იყო. მე ვფიქრობ, რომ საავიაციო ინდუსტრიაში გამეფებულია შეხედულება, რომ ეს მოკლევადიანი პრობლემებია.“

ტრანსპორტის სექტორის ექსპერტების ცნობით დამატებითი უსაფრთხოების ზომების მიღებით გამოწვეული დისკომფორტის მიუხედავად ავიალაინერებით მოგზაურობა დღითიდღე იზრდება.

XS
SM
MD
LG