ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეკონომიკის მასტიმულირებელი გეგმის წლისთავი


უკვე ერთი წელი გავიდა მას სემდეგ, რაც ამერიკის ეკონომიკის გასაჯანსაღებლად 800 მილიარდიანი სასტიმულო პაკეტის გამოყოფა გადაწყვიტეს. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ახლა ქვეყნის ეკონომიკა გაუმჯობესების გზას დაადგა:

„ჩვენ სასტიმულო პაკეტს უნდა ვუმადლოდეთ, რომ მეორე დიდი დეპრესიის თავიდან აცილება შევძლეთ". აღნიშნა მან. პრეზიდენტის თქმით ამ პაკეტმა ორი მილიონი სამუშაო ადგილის შენარჩუნებას ან შექმნას შეუწყო ხელი. ობამა ამბობს, რომ მაშინ, როდესაც იგი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგა, ამერიკის ეკონომიკა ექვსი პროცენტით მცირდებოდა, 2009 წლის ბოლო კვარტლისთვის კი ეკონომიკის თითქმის ექვსპროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. თუმცა ბევრი თვლის, რომ პრეზიდენტი რეალურ ფაქტებს აზვიადებს:

„ყველა ის ახალი სამუშაო ადგილი, რომელიც შევქმენით და ყველა ის, რომელიც გადავარჩინეთ საბოლოოდ მაინც გაუქმდება". ამბობს ნიუ იორკის შტატის უტიკის რაიონის საგანმანათლებლო სისტემის უფროსი ჯეიმს უილისი:

„უდიდეს პრობლემას საეჭვო კონტრაქტებით მომუშავე ის ხალხი წარმოადგენს, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ მათი საქმეების გამოძიება მიმდინარეობს, სასტიმულო პაკეტიდან მაინც საზრდოობენ". ამბობს თაღლითობის საქმის გამომძიებელი მაიკლ გრებელი.

თეთრი სახლი კი აცხადებს, რომ თაღლითობების გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა პრეზიდენტი უკან არ იხევს და ამტკიცებს, რომ ძირითადად ყველაფერი რიგზეა:

-„ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დარღვევები არ იქნება. მაგრამ პროგრამის მასშტაბებიდან გამომდინარე ყველაფერი კარგად მიდის". განაცხადა ბატონმა ობამამ.

ჯერ-ჯერობით გამოყოფილი სასტიმულო პაკეტის სამოცზე ნაკლები პროცენტია დახარჯული. ოპოზიციონერი რესპუბლიკელები აცხადებენ, რომ თანხა ჭკვიანურად არ ნაწილდება და ისედაც უზარმაზარი საბიუჯეტო დეფიციტის ზრდას უწყობს ხელს:

-„ამის გაკეთება კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით მოგვიწია. ჩვენ პასუხისმგებლობის გრძნობა გვამოძრავებდა და არა მომავალ არჩევნებში გამარჯვების სურვილი". განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ. როგორც ექსპერტები ფიქრობენ მომავალ წელს შეერთებული შტატების საბიუჯეტო დეფიციტი ერთ მთელ ექვს მეათედ ტრილიონ დოლარს მიაღწევს.


XS
SM
MD
LG