ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამართლებრივი დახმარება ჟურნალისტებისთვის


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისში გუშინ ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრი ჩამოყალიბდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული იმ პროექტის ფარგლებში, რომლის სახელია „საქართველოში მედიის, როგორც მაკონტროლებელი ინსტიტუტის როლის გაძლიერება". თავად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საქართველოში მედიას სამართლებრივი დაცვა არ აწყენდა, რადგან ხშირად ადგილი აქვს ისეთ კონფლიქტებს ხელისუფლებასა და ჟურნალისტებს შორის, რომელთა გამწვავება, ან სულაც თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა კვალიფიციური სამართლებრივი დახმარებით.

მაგალითად, პრობლემა, რაც ექმნებათ სასამართლო სხდომების გაშუქებისას ქართველ ჟურნალისტებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც რეგიონებში მუშაობენ, მდგომარეობს იმაში, რომ ხშირად მოსამართლეები არ აძლევენ მათ სხდომის სტენოგრაფირების უფლებას. ახალგაზრდა იურსიტთა ასოციაციის თანამშრომლები ამბობენ, რომ ამ პრობლემის გადაწყვეტა მხოლოდ ერთი განცხადების შეტანით შეიძლება და ჟურნალისტებს ამ განცხადების შაბლონსაც სთავაზობენ. თუმცა აქვე იმასაც დასძენენ, რომ ეს ყველაზე მარტივად მოსაგვარებელი საკითხია იმ პრობლემათა ფონზე, რასაც ჟურნალისტის საქმიანობა უკავშირდება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი საუბრობს იმ საქმეთა შესახებ, რომლებზეც მათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უკვე აიღეს. მათ შორისაა გაზეთ „ბათუმელების" საქმე. თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ ისინი მზადყოფნას გამოთქვამენ სამართლებრივი დახმარება აღმოუჩინონ ასევე ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს, რომელიც ამჟამად ჟენევაში იმყოფება და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს შვეიცარიის მთავრობისგან.

თამარ ხიდაშელი მედიის თავისუფლების ხარისხსაც აფასებას და მიიჩნევს, რომ ეს პირდაპირპროპორციულ კავშირშია ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხთან. მისი აზრით, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის გაზრდა და ამ მხრივ გადადგმული ნაბიჯები სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამიტომაც მას საჭიროდ მიაჩნია მედიის სამრთლებრივი დახმარება, იმ მექანიზმების მაქსიმალურად ამოქმედება, რის საშუალებასაც კანონმდებლობა იძლევა.უმეტესწილად, ქართულ რედაქციებში, თანამშრომლებს შორის ვერ შეხვდებით იურისტებს. ჟურნალისტები კი იმის გამო, რომ საკუთარ მოთხოვნებს სამართლებრივად გამართულად ვერ აყალიბებენ, ხშირ შემთხვევაში უარს იღებენ საჯარო დაწესებულებებიდან ამა თუ იმ ინფორმაციის მიწოდებაზე. თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ მათი დახმარებით ჟურნალისტებს სამართლებრივი დასაბუთებულობის პრობლემა მოეხსნებათ.

XS
SM
MD
LG