ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბები მეჰსუდის სიკვდილს უარყოფენ


პაკისტანის არმია თალიბთა საველე მეთაურის მეჰსუდის სიკვდილს იძიებს, ხოლო თალიბები მეჰსუდის სიკვდილს უარყოფენ

დღეს პაკისტანის არმიამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ის პაკისტანელი თალიბების საველე მეთაურის ჰაკიმულა მეჰსუდის სიკვდილს იძიებს, რომელიც იანვრის შუა რიცხვებში შეერთებული შტატების უპილოტო საფრენი აპარატის მიერ განხროციელებული საჰაერო დარტყმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან თითქოსდა გარდაიცვალა.

პაკისტანის არმიის განცხადების პარალელურად პაკისტანის სახელმწიფო ტელევიზიით გავიდა რეპორტაჟი, რომლის მიხედვითაც მეჰსუდი ნამდვილად გარდაიცვალა და დაკრძალულია.

წინააღმდეგობრივი ინფორმაცია საველე მეთაურის სიკვდილის შესახებ პირველად იანვარში ჩრდილოდასავლეთ პაკისტანში მომხდარ აფეთქებას მოჰყვა. ხსენებული აფეთქების შედეგად სულ ცოტა თორმეტი თალიბი მეამბოხე დაიღუპა.

მას შემდეგ თალიბთა მოძრაობამ გაავრცელა ორი აუდიო ჩანაწერი იმის დასამტკიცებლად, რომ მეჰსუდი თავდასხმას გადაურჩა.

სხვა წყაროების მიხედვით კი მეჰსუდი რამდენიმე დღის შემდეგ სხვა უპილოტო საფრენი აპარატის მიერ განხორციელებულ საჰაერო დარტყმას ემსხვერპლა.

დღეს გაკეთებულ განცხადებაში თალიბთა წარმომადგენელმა უარყო ინფორმაცია მეჰსუდის სიკვდილის შესახებ. აზამ თარიქმა საფრანგეთის ახალი ამბების სააგენტოს მოახსენა, რომ მეჰსუდი „ცოცხალია და უსაფრთხო ადგილას იმყოფება.“ მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ამბები მეჰსუდის სიკვდილის შესახებ „თალიბთა შორის შუღლის გაღვივებაზეა“ გამიზნული.

თარიქმა აგრეთვე აღნიშნა, რომ თალიბებმა უკვე წარადგინეს იმის მტკიცებულება, რომ მეჰსუდი ცოცხალია, და რომ ის ხალხი, ვინც იძახის, რომ იგი მკვდარია, ამის შესაბამისი მტკიცებულებები უნდა წარადგინონ.


XS
SM
MD
LG