ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჩართულობა თანამშრომლობის გზით"


27 იანვარს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა დოკუმენტი "სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ - ჩართულობა თანამშრომლობის გზით."
დოკუმენტში, რომელიც მთავრობის განცხადებით, ფართო დისკუსიების შედეგად შეიქმნა, ნათქვამია, რომ ტერიტორიული პრობლემების მოგვარებას საქართველო მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავს, "გამორიცხავს კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტას" და ორიენტიებულია "გამყოფი ხაზებით განცალკევებულ" მოსახლეობის შერიგებისკენ და ნდობის აღდგენისაკენ. ამ მიზნების განსახორციელებლად მთავრობა კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებას 31 ივნისამდე გეგმავს. ასევე გეგმაშია სტატეგიული დოკუმენტის გაცნობა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

დოკუმენტი "აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მაკონტროლებელი ძალაუფლების წარმომადგენლებთან" ურთიერთობისათვის "ნეიტრალური სტატუსის" მქონე მექანიზმების შემუშავებას ითვალისწინებს, სტრატეგიით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი - "ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ მოხდეს ამ რეგიონების იზოლაცია, განსაკუთრებით დანარჩენ საქართველოსთან მიმართებაში, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ბედი იყოს დამოკიდებული მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის საოკუპაციო ძალების, ოკუპანტი ქვეყნის კეთილ ნებაზე, ამდენად ვაპირებთ აქტიური პოლიტიკა გავატაროთ, რათა იქ მცხოვრებ მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება მიიღოს ნორმალური განათლება, მიიღოს ნორმალური ჯანდაცვა, ჩაერთოს ეკონომიკურ პროექტებში, ჩაერთოს კულტურულ პროექტებში და ჩაერთოს ყველა იმ ღონისძიებებში, რომელიც ტარდება დანარჩენ საქართველოსთან მიმართებაში".

"აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მაკონტროლებელი ძალაუფლება", დოკუმენტის ტერმინთა განმარტების დანართში ახსნილია, როგორც "ოკუპანტი ძალის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი და მხარდაჭერილი მარიონეტული რეჟიმები". დოკუმენტის ოფიციალური ინგლისური თარგმანი ტერმინთა განმარტების დანართს არ შეიცავს. დოკუმენტში ასევე ნათქვამია: "საქართველოს მთავრობა განაგრძობს საოკუპაციო ძალასთან მუშაობას ჟენევის დისკუსიების ფორმატში და/ან სხვა პოტენციური ფორუმების ფარგლებში, რათა უზრუნველყოს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის წარმატებით განხორციელება".


ჟენევაში მოლაპარაკებათა მეცხრე რაუნდი იწყება. მხარეებმა ოკუპირებულ რეგიონებში ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტი უნდა განიხილონ. რუსული დელეგაცია ითხოვს, რომ ხელშეკრულება საქართველო-აფხაზეთსა და საქართველო ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის უნდა გაფორმდეს, რასაც ქართული მხარე და შეხვედრაში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციები არ თანხმდებიან. პირისპირ მოლაპარაკებაზე ოფიციალური თბილისი ოკუპანტი მესაზღვრების საერთაშორისო პოლიციური ძალებით ჩანაცვლების საკითხს კიდევ ერთხელ დააყენებს. დაგეგმილია ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვებისა და დევნილთა სახლებში დაბრუნების გზების განხილვაც. მეცხრე რაუნდის დაწყებამდე რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ოფიციალური თბილისი მოლაპარაკების ჩაშლაში დაადანაშაულა. განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გააკეთა. გრიგორი კარასინის განმარტებით, ქართული მხარე შეხვედრის ჩაშლით არის დაინტერესებული, ოკუპირებულ ზონებში რუსი სამშვიდობოების ნაცვლად საერთაშორისო პოლიციური კონტიგენტის შეყვანის მოთხოვნა კი, მხოლოდ პროვოკაციაა. კარასინის ბრალდებას ქართული მხარე სიტუაციის დაძაბვის მორიგ მცდელობად აფასებს.


XS
SM
MD
LG