ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრემლის კავშირი მართმადიდებლურ ეკლესიასთან


ადამიანის უფლებების დამცველები იუწყებიან, რომ 2009 წელი რუსეთის მთავრობასა და მართმადიდებლურ ეკლესიას შორის ურთიერთობებში დიდ მიღწევას წარმოადგენდა. მაგრამ ისინი აგრეთვე აღნიშნავენ, რომ მთავრობის დაახლოება მართმადიდებლურ ეკლესიასთან სხვა სარწმუნოებებს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს. სერგეი მოზგოვოი სინდისის თავისუფლების დამოუკიდებელი ინსტიტუტის თანამშრომელია. მოსკოვში გამართულ პრეს კონფერენციაზე მოზგოვოიმ აღნიშნა, რომ რუსეთის კანონმდებლები აჩქარებენ პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის იმ გადაწყვეტილებების დაკანონებას, რომლებიც რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის სასარგებლოდ არის გამიზნული.

ხსენებულ საკანონმდებლო ინიციატივებში შედის მართმადიდებლური რელიგიური გაკვეთილების სწავლების შემოღება საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებში და სამხედრო ძალებში მღვდელების ანუ კაპელანების შენაერთის დაარსება.

მოზგოვოი აღნიშნავს, რომ ეს ზომები ფაქტობრივად რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის მისიონერულ საქმნიანობას წამროადგენს. მისი თქმით რუსეთში ეკლესია მთავრობის ყველაზე უკანონო და საზიანო გადაწყვეტილებებსაც ემხრობა. ეკლესიის სახელით მთავრობა ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს ღებულობს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით როგორიც არის უძრავი ქონება და კულტურული საგანძური. რუსეთის მართმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი კირილე პრემიერ მინისტრ ვლადიმირ პუტინს 5 იანვარს შეხვდა. შეხვედრის დროს განხილვის მთავარი თემა იყო საბჭოთა კავშირის მიერ ეკლესიისგან ჩამორთმეული ქონების მფლობელობა, რომელსაც დღემდე რუსეთის მთავრობა აკონტროლებს. 14 იანვარს პოპულარულ რუსულ ბიზნეს გაზეთში „კომერსანტი“ გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმადაც ბატონმა პუტინმა ეკონომიკის სამინისტროში 2007 წლიდან განხილვის ქვეშ მყოფი საკანონმდებლო პროექტის განხორციელება მოითხოვა, რომელიც რელიგიური ჯგუფების სარგებლობაში მყოფი საკუთრების დაკანონებას ითვალისწინებს. რუსეთის რია ნოვოსტის საინფორმაციო სააგენტომ კი გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ მიმომხილველების აზრით ხსენებული საკანონმდებლო პროექტის განხორციელების შემთხვევასი რუსეთის მართმადიდებლური ეკლესია უძრავი ქონების მსხვილი მესაკუთრე გახდება. კრემლში ახლახან გამართული ექვსდღიანი სიმპოზიუმის გახსნისას პატრიარქი კირილე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა. აღსანიშნავია რომ სიმპოზიუმი განათლების სფეროში ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის თანამშრომლობის პრაქტიკული გამოცდილებისა და სამომავლო პერსპექტივებს მიეძღვნა. თავის გამოსვლაში პატრიარქმა აღნიშნა, რომ ფორუმის მიზანია სოციალური ძალების გაერთიანება საზოგადოების სულიერი გარდაქმნის მიზნით, რაც შეუძლებელია საგანმანათლებლო სისტემის გარეშე. სერგეი ბურიანოვი სინდისის თავისუფლების დამოუკიდებელი ინსტიტუტის თანამშრომელია. მას მიაჩნია, რომ რუსეთში ეკელსიასა და სახელმწიფოს შორის ორმხრივად მომგებიანი ურთიერთობა არსებობს. ბურიანოვი აღნიშნავს, რომ რუსეთის მთავრობა უმნიშვნელო მოგებას ნახავს რადგან მართმადიდებლურ ეკლესიას თვითმმართველობის უფლება აქვს, ხოლო რელიგიური ორგანიზაციების მიერ უძრავი ქონების შეძენა ნაწილობრივ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. მაგრამ კრემლსა და მართმადიდებლურ ეკლესიას შორის მზარდი თანამშრომლობა გარკვეულ შეშფოთებას იწვევს იმის გამო, რომ შედეგად სხვა აღმსარებლობები შეიძლება დაზარალდეს.

ქალაქ სუზდალში რუსეთის ავტონომიურმა მართმადიდებლურმა ეკლესიამ სასამართლოში სარჩელი შეიტანა იმასთან დაკავშირებით, რომ ადრე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად ათი ეკლესია უკანონოდ რუსეთის მართმადიდებლურ ეკლესიას გადაეცა. ხოლო იეღოვას მოწმეების განცხადებით, ამ ორგანიზაციის წევრებს ჟურნალის გავრცელებისთვის დაპატიმრება ემუქრება.

ჩამოთვლილი ორგანიზაციების შეშფოთებას იწვევს რუსეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობის 282 მუხლი, რომელიც ეროვნული, რასობრივი ან რელიგიური შუღლის გაღვივებას კრძალავს. ბევრს მიაჩნია, რომ ეს მუხლი ძალზედ ზოგადად არის ჩამოყალიბებული და ფაქტობრივად ანტი-საბჭოთა საქმიანობისა და პროპაგანდის გავრცელების წინააღმდეგ საბჭოური აკრძალვის თანამედროვე ვერსიას წარმოადგენს. იაროსლავ სივულსკი რუსეთში იეღოვას მოწმეების აღმასრულებელი ცენტრის წარმომადგენელია. მისი თქმით, იეღოვას მოწმეებზე მზარდი ზეწოლა შეინიშნება, რაც მასობრივ დაკავებებში, სახლებისა და სამლოცველო ადგილების ჩხრეკასა და რელიგიური ლითერატურის კონფისკაციაში გამოიხატება. მოსკოვში მდებარე ადამიანის უფლებების ინსტიტუტის შუა აზიის რეგიონში ლტოლვილების საკითხის ექსპერტს ელენა რიაბინინას მიაჩნია, რომ მთავრობა მოსახლეობაში გავრცელებულ ქსენოფობიასა და ტერორიზმის შიშს იყენებს რათა მუსლიმები საზოგადოებას რადიკალებად წარუდგინოს. რიაბინინას თქმით, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მიმდინარეობს იმ ხალხის შევიწროება, ვისაც არ განუზრახავს, არ ჩაუდენია და საერთოდ არავითარი კავშირი არა აქვს ძალადობის ფაქტებთან, მაგრამ ვინც ისეთი ისლამის მიმდევარია, რომელსაც რუსეთის მთავრობა არ იწონებს, მაშინ აშკარაა, რომ სახეზეა რელიგიური შევიწროების აშკარა მაგალითი. სერგეი მოზგოვოის მიაჩნია, რომ მთავრობა ბუდისტებს არ ავიწროებს. ხელისუფლება ამ რელიგიის მიმდევრებს ასაჩუქრებს, თუ ისინი მთავრობის მიმართ ერთგულად არიან განწყობილნი. დანარჩენების მიმართ კი ხელისუფლება დისტანციას ინარჩუნებენ. მაგრამ მოზგოვოი აქვე აღნიშნავს, რომ კრემლი დალაი ლამას ვიზიტს უკრძალავს რადგან მას ჩინეთის გაღიზიანება არ სურს.


მოზგოვოი აღნიშნავს, რომ ჩინეთის მთავრობასა და რუსეთის მართმადიდებლურ ეკლესიას შორის გამოცდილების მუდმივი გაცვლა მიმდინარეობს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც დისიდენტებზე ზეწოლის მოხდენასა და ეგრედწოდებული სექტანტების შევიწროებას ეხება. ორშაბათს კრემლში გამოსვლისას პატრიარქმა კირილემ განაცხადა, რომ ეკლესიასა და მთავრობას შორის თანამშრომლობის გაღრმავება გამიზნულია ისეთი ატმოსფეროს შექმნისაკენ, რომელიც ეროვნულ და რელიგიურ მტრობას გამორიცხავს. მაგრამ უფლებადამცველები შემწყნარებლობას ითხოვენ და მთავრობას მოუწოდებენ შეაჩეროს იმ კანონების მოქმედება, რომლებიც რუსეთის მართმადიდებლურ ეკლესიას აშკარა უპირატესობას ანიჭებს.

XS
SM
MD
LG