ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მისტრალის გარიგება


უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ რეჯის გენტეს სტატიით „ახლად გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით საფრანგეთი რუსეთისთვის მისტრალის გაყიდვას ოფიციალურად მარტში გამოაცხადებს, მაგრამ დებატები გრძელდება," რომელიც ინტერნეტ გამოცემა ევრაზიანეტზე 21 იანვარს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„საფრანგეთის გადაწყვეტილებამ ერთი მისტრალის ტიპის გემის რუსეთისთვის მიყიდვის შესახებ ფრანგ ოფიციალურ პირებსა და ანალიტიკოსებს შორის მწვავე კამათი გამოიწვია იმის თაობაზე თუ რას მოიგებს ამ გარიგებით საფრანგეთი და დასავლეთი.

ფრანგული ინტერნეტ გამოცემა, „ინტელიჯენს ონლაინი," ელისეის სასახლეში ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ პარიზში რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის მარტში დაგეგმილი ვიზიტის დროს მისტრალის გარიგების თაობაზე ოფიციალური განცხადება გაკეთდება. საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლას სარკოზის სურს მისტრალის გაყიდვა გამოიყენოს როგორც 'ძლიერი ინტეგრაციული ვექტორი' მაშინ როცა ატლანტიკური ალიანსი და მოსკოვი სერიოზულად საურბობენ თანამშრომლობაზე, იუწყება გამოცემა. უნდა აღინიშნოს, რომ მისტრალის ტიპის სამხედრო გემი ჩრდილო ატლანტიკური ხელშკერულების ორგანიზაციის სტანდარტებს შეესაბამება.

ინტერნეტ გამოცემაში აგრეთვე ნათქვამია, რომ სარკოზიზე ასევე გავლენას ახდენს ინტერესი მოსკოვის ინიციატივის მიმართ, ევროპაში 'ახალი ერთობლივი უსაფრთხოების სისტემის' შექმნის შესახებ. მაგრამ უპირატესობა, რასაკვირველია, ფინანსურ მოგებას ენიჭება. როგორც ცნობილია, მისტრალის ტიპის ხომალდი 433 მილიონ ევროდ ან დაახლოებით 605.7 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

მაგრამ სარკოზის სურვილის მიუხედავად მისტრალის გაყიდვა ჯერ-ჯერობით დასრულებულ გარიგებას არ წარმოადგენს. 'ამ გარიგების გაფორმება ადვილი როდი იქნება იმის გამო, რომ რუსების ბანაკში ამ საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა სუფევს,' განუცხადა „ინტელიჯენს ონლაინს" ანონიმურმა ოფიციალურმა პირმა.

ხოლო იზაბელ ფაკონს, პარიზში მდებარე სტრატეგიული კვლევის ფონდის რუსეთის უშიშროებისა და თავდაცვის ექსპერტს მიაჩნია, რომ დაგეგმილი გარიგება 'ფრანგული დიპლომატიური ტრადიციის ნაწილს' წარმოადგენს, რომელიც უპირატესობას რუსეთთან თანამშრომლობას და არა მის იზოლაციას ანიჭებს."

უცხოური პრესის მიმოხილვას ვაგრძელებთ თომას ეიმონდ ლარითაზისა და ორისია ლუცევიჩის სარედაქციო სტატიით სათაურით „ვარდებისა და ფორთოხლების არევა არ არის საჭირო," რომელიც ინტერნეტ გაზეთ „კიევ პოუსტში" 21 იანვარს გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„უდავოა, რომ იუშჩენკოს არჩევნებში ფიასკო მისი პრეზიდენტობის მარცხს ნიშნავს. მართალია ნარინჯის ფერი რევოლუცია ნამდვილ დემოკრატიულ წარმატებას წარმოადგენდა, რომელმაც ხალხს იმედი მისცა და მედიის სფეროში თავისუფლება დაამკვიდრა, დამოუკიდებლობის მოედანზე მიცემული არცერთი დაპირება არ შესრულდა. ხუთი წლის მანძილზე ქვეყანაში პროგრესის ნიშნები არ ჩანს და არცერთი მნიშვნელოვანი რეფორმა არ დასახულა და განხორციელებულა.

მოსახლეობა ძალზედ იმედგაცრუებულია და ქვეყნის ლიდერებისა და დაწესებულებების მიმართ ხალხში ნდობა ამოიწურა. პარლამენტის პოპულარობის რეიტინგი დაბალ დონეზეა და საშუალო მაჩვენებელი ორ პროცენტზე ნაკლებს უდრის. უკრაინა არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია „ტრანსპარენსი ინტერნეიშონალის" კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით 146-ე ადგილს იკავებს ზიმბაბვესთან, რუსეთსა და სიერა ლეონესთან ერთად.

მაგრამ საქართველოს მაგალითი ცხადყობს, რომ რეფორმების ჩატარება პოსტ-საბჭოურ სივრცეში შესაძლებელია. უკრაინის ამჟამინდელი წარუმატებლობა შეუქცევადი როდია. ქვეყნის გარდასაქმნელად საჭიროა გამბედაობა, ნიჭი და მონდომება. ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი კი კოლექტიური მისწრაფება იქნება. სააკაშვილის წარმატების საწინდარი იყო ის, რომ მან მთავრობაში ახალი პოლიტიკური თაობა მოიყვანა. მართალია მინისტრებს საზოგადოებრივი მართვის გამოცდილება აკლდათ, ისინი ახალგაზრდები, ამბიციურები, დასავლეთში განათლება მიღებულები და წარმატებაზე გამიზნულები იყვნენ. და მათ ნამდვილ ცვლილებას მიაღწიეს. და სწორედ ეს წარმოადგენს იუშჩენკოს პრეზიდენტობის ყველაზე დიდ მარცხს: მისი პრეზიდენტობის მანძილზე ქვეყანაში პოლიტიკური ელიტის განახლება არ მოხდა და მისი წევრები თამაშის ძველი წესების მიხედვით ხელმძღვანელობენ."


XS
SM
MD
LG