ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თავისუფალი ეკონომიკური ზონა ახალგორში



რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ახალგორის რაიონში ეგრეთ წოდებულმა სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა- ედუარდ კოკოითიმ მთავრობის სხდომა გამართა და მოულოდნელი ინიციატივა გააჟღერა.

იგი ახალგორში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის წინადადებით გამოდის. მისი თქმით, ზონა ღია იქნება დაინტერესებული ბიზნესმენებისთვის და მათ შეღავათიან პირობებს შესთავაზებს.

რამდენად რეალურია კოკოითის მიერ გაჟღერებული ინიციატივა და რა ტექნიკური და ბუნებრივი წინაპირობები არსებობს იმისთვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს, ამის თაობაზე ქართველ ექსპერტებს ვთხოვეთ აზრის გამოთქმა.

ემზარ ჯგერენაიას მიაჩნია, რომ კოკოითის ინიციატივა თავშივე კრახისთვისაა განწირული, რადგან გარდა იმისა, რომ არ არსებობს არანაირი ინფრასტრუქტურა ღია ეკონომიკური სივრცის შესაქმნელად, ასევე ახალგორი არ წარმოადგენს ბუნებრივ დერეფანს, სადაც ტვირთმა შეიძლება იმოძრაოს. მას მიჩნია, რომ ერგნეთის ბაზრობის პრეცენდენტი საქართველოს მთავრობის ნებით იყო დაშვებული. ამასთან, იგი არ წარმოადგენდა თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, არამედ იყო ღია საბაჟო საწყობი.

განსხვავებულ აზრს აფიქსირებს საერთაშორისო ურთიერთობებისა და კვლევების ცენტრის ექსპერტი არჩილ გეგეშიძე. მას მიაჩნია, რომ კოკოითის ინიციატივა ერთბაშად უარსაყოფი და ხელისსაკრავი არაა და მის ყველა დეტალს აწონ-დაწონვა ჭირდება. ასევე მნიშვნელოვანია გაირკვეს, რეალურად ვისგან მოდის ეს წინადადება და მხოლოდ შემდეგ ითქვას, ღირს თუ არა მასზე მსჯელობა.


ახალგორის რაიონის მოსახლეობას, გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლია არსებობა მხოლოდ ცხინვალთან ურთიერთობის ხარჯზე, ან სულაც დამოუკიდებლად. მით უმეტეს, ზამთრის პერიოდში, როდესაც ერთადერთი, ცხინვალთან დაკავშირებელი გზა, როგორც წესი, იკეტება და მისით სარგებლობა შეუძლებელია. ახალგორს ასევე არ აქვს პირდაპირი გასასვლელი, რითაც რუსეთის ფედერაციას დაუკავშირდება. ამ წინაპირობიდან გამომდინარე, კოკოითის მიერ ინიცირებული თავისუფალი ეკონომიკური ზონა საბაზრო ურთიერთობებს მხოლოდ ქართველებსა და ოსებს შორის განავითარებს.


XS
SM
MD
LG