ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მუსლიმ მკვლევარებს აშშ-ში შესვლის უფლება მიეცა


ოთხშაბათს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ორ მუსლიმ მკვლევარს, რომლებიც შეერთებული შტატების პოლიტიკას აკრიტიკებენ, ქვეყანაში შესვლის უფლებას აძლევს. სამოქალაქო თავისუფლებების დამცველი ჯგუფები მიესალმებიან ამ გადაწყვეტილებას, რომელიც აბათილებს ბუშის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა გადაწყვიტა, რომ ორი მუსლიმი მკვლევარი შეერთებულ შტატებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ მიზნით მან ხელი მოაწერა საემიგრაციო კანონმდებლობაში განსაკუთრებული გამონაკლისის შეტანას, რომელიც ორ მკვლევარს შეერთებულ შტატებში შესვლის უფლებას ანიჭებს.

ხსენებული ზომის მიღება ბრიტანეთის ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარს ტარიქ რამადანსა და სამხრეთ აფრიკის იოჰანესბურგის უნივერსიტეტის მკვლევარს ადამ ჰაბიბს ეხება. ორივე მკვლევარი ცნობილია იმის გამო, რომ ისინი შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას გამუდმებით აკრიტიკებდნენ და ამის გამო ბოლო რამოდენიმე წლის მანძილზე მათ ქვეყანაში შესვლის უფლება ეკრძალებოდათ.

რამადანი შვეიცარიის მოქალაქეა და მან მკაცრად გააკრიტიკა შეერთებული შტატების სამხედრო ჩარევა ერაყში. სახელწმიფო დეპარტამენტი მას ადრე ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევდა იმის გამო რომ იგი ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილი იყო, რასაც იგი უარყოფს.

ჰაბიბი კი შეერთებული შტატების მთავრობის ანტი-ტერორისტულ კამპანიას აკრიტიკებს.

ხსენებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ორგანიზებულ ბრიფინგზე სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პი.ჯეი. კროულიმ არ განმარტა ის თუ რით იყო განპირობებული სახელმწიფო დეპარტამენტის ადრინდელი მიდგომა, როცა ორივე მკვლევარს ქვეყანაში შესვლის უფლება აეკრძალა.

კროულიმ განაცხადა:

„თუ ისინი საელჩოს მიმართავენ ვიზის ასაღებად, მათ მიმართ იგივე სტანდარტები იქნება გამოყენებული, რასაც ჩვენ ვიყენებთ ნებისმიერი პირის მიმართ, ვისაც შეერთებულ შტატებში შესვლა სურს. მაგრამ სახელმწიფო მდივნას მიაჩნია, რომ აუცილებელია ფართო დისკუსიის წამოწყება, რაც პრეზიდენტ ობამას მუსლიმებთან დიალოგის ინიციატივას შეესაბამება. ჩვენ გვსურს, რომ მუსლიმი მკვლევარები შეერთებულ შტატებს ეწვიონ რათა ჩვენ მათთან დიალოგის შესაძლებლობა მოგვეცეს."

რამადანმა ლონდონში ჩაწერილ ინტერვიუში აღნიშნა, რომ იგი შეერთებული შტატების ვიზისთვის საჭირო დოკუმენტებს საელჩოში მალე შეიტანს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მას რამდენიმე არაბულ სახელმწიფოში, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის ჩათვლით, შესვლა ეკრძალება, მაგრამ ეჭვი ეპარება, რომ ეს აკრძალვა მალე გაბათილდება.

XS
SM
MD
LG