ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთ-ისრაელის გართულებული ურთიერთობა


თურქეთსა და ისრაელს შორის ბოლო დროს გართულებული ურთიერთობა ანალიტიკოსების ფიქრის და მსჯელობის საგანი გახდა. მათ შორის, ერთ დროს მჭიდრო პარტნიორობა, განსაკუთრებით ცივი ომის პერიოდში ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილურობის გარანტი იყო. თუმცა, საბჭოთა კავშირის დასრულების შემდეგ, ამ ურთიერთობებმა თანდათანობითი შეცვლა დაიწყო. კავკასიის რეგიონში საზღვრების გახსნამ თურქეთის რეგიონალური ინტერესების გაღრმავება გამოიწვია, რამაც კავკასიაში მისი სტრატეგიული პარტნიორის - აზერბაიჯანის ინტერესების გაძლიერებასც შეუწყო ხელი. ამ საკითხებზე შეერთებულ შტატებში საკმაოდ საინტერესო წიგნი დაიწერა. გუშინ ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში ცენტრალური აზიის და კავკასიის ინსტიტუტში დოქტორ ალექსანდერ მურინსონის წიგნის განხილვა გაიმართა. წიგნის სახელწოდებაა „ისრაელი, თურქეთი და აზერბაიჯანი: სტრატეგიული ცვლილებები". გუშინ ფართო აუდიტორიის წინაშე თავად წიგნის ავტორი წარსდგა. მისი განცხადებით, თურქეთი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან შეიცვალა. უფრო სწორედ შეიცვალა მისი პოლიტიკური ქცევა რეგიონში. ეს აღარ არის 90-იანი წლების თურქეთი. ასევე შეცვლილია თურქეთის პოლიტიკური წრეების და ხელისუფლების რიტორიკაც. მურინსონი ამტკიცებს, რომ თურქეთი აღარ არის ისრაელის პარტნიორი ქვეყანა რეგიონში. ამის საილუსტრაციოდ მურინსონს თურქეთის ხელისუფლების რიტორიკა მოყავს.

„ერდოგანი ხშირად იყენებს ისრაელისთვის შოკისმომგვრელ გამოთქმებს. მაგალითად, ამ რამდენიმე ხნის წინ მან აღნიშნა, რომ მას ნეთანიაჰუსთან შეხვედრას ურჩევნია სუდანის ლიდერთან შეხვედრა, რადგან მუსლიმ ლიდერს ძალუძს გენოციდის მოწყობა. ეს ახალი რიტორიკაა, რომელიც აქამდე არავის გაუგონია," განაცხადა გუშინდე შეხვედრაზე მურინსონმა.

მანვე გაიხსენა, ერდოგანის ინტერვიუ „ასოშეიტედ პრესთან," რომელიც მისი არჩევიდან მოკლე პერიოდში ჩაწერს. ამ ინტერვიუში, ერდოგანმა ისრაელი სახელმწიფო ტერორიზმში დაადანაშაულა, იხსენებს მურინსონი. მისი თქმით, თურქეთი არაბულ სამყაროში, ამ რიტორიკის წყალობით, საკმაოდ გავლენიანი სახელმწიფო ხდება. ასევე ანკარა უკვე განსხვავებულ ენაზე საუბრობს ირანის ლიდერთანაც. ეს ყველაფერი კი მიუთითებს თუირქეთის გაზრდილ ინტერესებს ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის რეგიონებში.

ბატონი მურინსონის მოკლე მიმოხილვის შემდეგ, აუდიტორიის წინაშე საკუთარი აზრი გამოთქვა შეერთებულ შტატებში თურქეთის საელჩოს მრჩეველმა ბერქან პაზარჯიმ.

„არ ვუარყოფთ, რომ თურქეთი გახდა უფრო მრავალმხრივი და გააქტიურა თავისი საგარეო პოლიტიკა. რაც გამოწვეულია გლობალიზაციის პირობებით. ჩვენ ხომ ცივი ომის პერიოდში აღარ ვცხოვრობთ."

ასე დაიწყო თავისი გამოსვლა ბატონმა პაზარჯიმ.

მისი თქმით, ცივი ომის დასრულების შემდეგ თურქეთმა დაიწყო საკუთარ გავლენის გაზრდაზე ზრუნვა, დემოკრატიის და ეკონომიკის გაძლიერება. შესაბამისად, თურქეთი ამჟამად თავის ეკონომიკით მსოფლიოში მე-17 ადგილზეა, ხოლო ევროპაში კი მე-6 ადგილზე. სწორედ ამ გავლენის ზრდის დადასტურებაა, რომ ბოლო პერიოდში თურქეთმა გახსნა 52 ახალი საელჩო, საიდანაც 20 არის აფრიკაში. არც თურქეთის რეგიონალური ინტერესების ზრდაზე მიუთითებს. ასევე პაზარჯიმ აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ობამას პირველი ტრანსატლანიკური ვიზიტი თურქეთში დაიწყო. მისივე თქმით, თურქეთმა გააქტიურა თავისი პოლიტიკა კავკასიის მიმართულებით და 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მშვიდობიანი კავკასიის ინიციატივით გამოვიდა. თუმცა, ასევე პაზარჯიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი აქტიურად მუშაობს რუსეთთან ენერგოპროქტებში თანამშრომლობის მიზნითაც.

აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ცვლილებაზე ისაუბრა აზერბაიჯანის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ბატონმა ხაზარ იბრაჰიმმაც.

„რასაკავირველია, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკა განსაკუთრებით შეიცვალა. დღეს 20 იანვარია, და 20 წელია გასული საბჭოთა არმიის მიერ ბაქოში განხორციელებული ხოცვა-ჟლეტიდან. რადგან ჩვენ ვითხოვდით დამოუკიდებლობას და თავისუფლებას, და ეს იყო გადამწყვეტი მომენტი."

იბრაჰიმის თქმით, მას შემდეგ ოცი წელი გავიდა. აზერბაიჯანი განვითარდა და გაძლიერდა და დღეს უკვე აზერბაიჯანი აღარ არის მიმღები ქვეყანა, არამედ ის არის უკვე კონტრიბუტორი. ამის დასტურია ის, რომ აზერბაიჯანის შიდა მთლიანი პროდუქტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. თუმცა საგარეო პოლიტიკაში აზერბაიჯანი ინარჩუნებს ორმხრივ და მჭიდრო ურთიერთობებს, როგორც თურქეთთან, ასევე ისრაელთან. იბრაჰიმი დარწმუნებულია, რომ ისრაელ-თურქეთის დაძაბული ურთიერთობა დროებითია და ეს გავლენას ვერ მოახდენს კავკასიის რეგიონზე. მისი თქმით, რეგიონში სტაბილურობა და სიმშვიდე მრავალმხრივი ინტერესების გათვალისწინებით უნდა იქნეს მიღწეული.



XS
SM
MD
LG