ჰაიტიში სამაშველო ორგანიზაციების თანამშრომლების ცნობით, სამაშველო სამუშაოები პორტ-ო-პრინსზე თანდათან დადებით გავლენას ახდენს. მაგრამ ჰაიტელებს შორის შეინიშნება მზარდი უკმაყოფილება იმის გამო, რომ ისინი კვლავინდებურად განიცდიან სასმელი წყლის, საკვებისა და სამედიცინო დახმარების მწვავე დეფიციტს.
პორტ-ო-პრინსის ცენტრში მიწისძვრისგან დაზარალებულებისთვის სასმელ წყალს არიგებენ.
შეერთებული შტატების ყოფილმა და ამჟამინდელმა პრეზიდენტებმა პორტ-ო-პრინსის აეროპორტი მოინახულეს, სადაც მათ ჰაიტელებს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება აღუთქვეს.
ინოგე ლავიეტ საერთაშორისო ორგანიზაცია „მოქმედება შიმშილის წინააღმდეგ" თანამშრომელია. დღეს მან პირველად დაურიგა სასმელი წყალი მიწისძვრისგან დაზარალებულებს, რომლებიც პრეზიდენტის სასახლის ნანგრევების გასწვრივ შეიკრიბნენ. მისი თქმით:
„ხალხი სასმელ წყალს ეძებს. ზოგჯერ სასოწარკვეთილები და გამწარებულები ისინი ნებისმიერ წყალს სვამენ, მაშინაც კი როცა წყალი ბაქტერიებით არის დაბინძურებული."
მირლანდ ქსავიერის
სახლი მიწისძვრის შედეგად დაინგრა. საკუთარ ოჯახთან ერთად მან თითქმის ერთი კვირა ხის
ქვეშ გაატარა. მათ საკვები და ფული მალე გამოელევათ. მისი თქმით:
„არავის არაფერი დაურიგებია ჩვენთვის. ის რაც გვაქვს ჩვენ ვინაწილებთ. ჯერ-ჯერობით მთავრობის, პოლიტიკოსებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარების გარეშე ჩვენ ჩვენივე მარაგით ვიკვებებით."
ევროკავშირმა ჰაიტის 575 მილიონზე მეტი ოდენობის დახმარება აღუთქვა.
ევროპისა და სხვა სახელმწიფოების დაპირებების გამო ჰაიტისთვის საერთაშორისო დახმარების გამოყოფა 2004 წლის აზიის ცუნამის შემდეგ ყველაზე ფართომასშტაბიან გლობალურ ჰუმანიტარულ მოქმედებას წარმოადგენს.
კანადის მთავრობის ცნობით მომავალ კვირას იგეგმება დასავლეთის დონორი სახელმწიფოებისა და გაეროს შეხვედრა სადაც განხილული იქნება ჰაიტისთვის დახმარების გამოყოფასთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია.