ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის საჰაერო ინდუსტრიის უსაფრთხოების სისტემა


შეერთებული შტატების ავიალაინერზე ტერორისტული თავდასხმის მცდელობით ყურადღება ისრაელის უსაფრთხოების ზომებზე გადადის უშიშროების ექსპერტების ცნობით ისრაელს ავიარეისებზე მგზავრების შემოწმების მსოფლიოში ყველაზე ეფექტური სისტემა გააჩნია. პალესტინელი ტერორისტული ჯგუფების მუდმივი მუქარის მიუხედავად თელ ავივის ბენ გურიონის სახელობის აეროპორტიდან გაფრენილ არცერთ თვითმფრინავზე არ მომხდარა აფეთქება ან გატაცების მცდელობა. ასეა სამოცდაათიანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული დღემდე. ამგვარი წარმატება განპირობებულია უსაფრთხოების რთული სისტემის გამოყენებით. ეს სისტემა სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვებას, ეჭვმიტანილი პირების გამოძიებას და ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და იარაღის აღმოჩენის უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებას ეფუძნება. ყოველთვიურად დაახლოებით ერთი მილიონი მგზავრი თელ ავივის ბენ გურიონის სახელობის აეროპორტით სარგებლობს. მაგრამ მგზავრთა რიგები აქ სწრაფად მოძრაობს რადგან ისრაელის უსაფრთხოების ექსპერტების ცნობით აეროპორტის ადმინისტრაცია, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მგზავრებთან უფრო მეტად უშუალო ვიზუალური კონტაქტის დამყარებას ეყრდნობა ვიდრე ტექნოლოგიის გამოყენებას. პინი შიფი ისრაელის აეროპორტის უსაფრთხოების განყოფილების ერთ-ერთი დამფუძნებელია და მას ადრე ბენ გურიონის სახელობის აეროპორტის უსაფრთხოების კონტროლი ებარა. იგი ამჟამად კერძო კომპანიას ხელმძღვანელობს, რომელიც ისრაელის მთავრობას უსაფრთხოების სფეროში კონსულტაციებს უტარებს. შიფის თქმით:
„ჩვენი ყურადღება გამახვილებულია მგზავრზე. ვინ არის ესა თუ ის მგზავრი? თუ მგზავრი თავისი გარეგნობითა და ბარგით ნორმალურად გამოიყურება, მაშინ მისი ზედმიწევნით შემოწმება არ არის აუცილებელი. ხოლო, თუ ამა თუ იმ მგზავრის მიმართ გაგვიჩნდა ეჭვი, მაშინ ჩვენ მას ყურადღებით შევამოწმებთ.“ მგზავრთა უმეტესობისთვის უსაფრთხოების პროცედურების გავლა ნახევარ საათს იკავებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მგზავრებს არ უწევთ ფესაცხმლის გახდა, წყლის ბოთლების გადაყრა ან სხეულის სპეციალური მანქანით შემოწმება. შემოწმების პროცესი 25-წამიან ინტერვიუს შეიცავს რომლის დროსაც აგენტებს მგზავრის ვინაობის დადგენა და აგრეთვე იმის გარკვევა ევალებათ თუ რატომ მივიდა მგზავრი აეროპორტში და რა მიმართულებით მიემგზავრება იგი. შიფის თქმით, აგენტები მომზადებულები არიან მგზავრების ეფექტური შემოწმებისთვის. ამასთან დაკავშირებით შიფი აღნიშნავს: „ჩვენი მიზანია იმ მგზავრის აღმოჩენა, ვინც ტერორისტია და ვისაც ასაფეთქებელი ნივთიერება გააჩნია. ამდენად აუცილებელია მგზავრების დახასიათება და იმ მგზავრებზე ყურადღების გამახვილება, ვინც ეჭვს იწვევს. როგორც წესი ამ კატეგორიას მგზავრების ერთ პროცენტზე ნაკლები მიეკუთვნება.“ საეჭვო მგზავრების ამოცნობა ნიშნავს იმას, რომ უშიშროების აგენტები ათასობით სხვა მგზავრს უფრო სწრაფად უშვებენ ვიდრე იმ შემთხვევაში, როცა თითოეულ მგზავრსა და მის ბარგს ჩხრეკენ. ისრაელის უსაფრთხოების ექსპერტების თქმით, ბენ გურიონის სახელობის აეროპორტში უმარ ფარუკ აბდულმუთალაბის მსგავს მგზავრს, რომლემაც ამერიკულ ავიალაინერზე წარუმატებლად აფეთქება სცადა, უმალვე დააკავებდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ 23-წლის ნიგერიელი მუსლიმი მამაკაცი მგზავრობდა მარტო, ბარგის გარეშე და მას ბილეთი ნაღდი ანგარიშსწორებით ჰქონდა ნაყიდი. თელ ავივის მახლობლად მდებარე შინაგანი უშიშროების აკადემიის უფროსი, ნირ რანი წარსულში ისრაელის საშინაო უსაფრთხოების სამსახურის - შინ ბეთის - ავიაციის უსაფრთხოების საკითხებს განაგებდა. იგი აგრეთვე ხელმძღვანელობდა საქმიანობას უსაფრთხოების სფეროში ისრაელის ავიახაზებისთვის. ნირ რანი აღნიშნავს: „არ არის აუცილებელი ის, რომ ესა თუ ის მგზავრი რომელიც ბომბით ჩანთაში ამა თუ იმ რეისზე გამოცხადდება, მუსლიმი იყოს, ან იყოს ახალგაზრდა, ანდა თვით ტერორისტიც კი. პირიქით, უმეტეს შემთხვევაში წარსულის გამოცდილება ცხადყობს, რომ ის პირები, ვინც თვითმფრინავზე ბომბის შეტანას ცდილობდნენ, იყვნენ არამუსლიმი ახალგაზრდა ქალები.“ რანის თქმით უფრო ხშირია შემთხვევები, როცა ამა თუ იმ პირს მუსლიმი ტერორისტული ჯგუფი მოტყუებით აიძულებს თვითმფრინავზე ასაფეთქებელი ნივთიერების შეტანას. პალესტინელები ისრაელში არსებული მგზავრების შერჩევითი შემოწმების გამო ბენ გურიონის აეროპორტს ნაკლებად იყენებენ. ისინი მეზობელ იორდანიაში მდებარე აეროპორტიდან მგზავრობენ, სადაც მათ ნაკლებად აკვირდებიან. ისრაელის საჰაერო ინდუსტრიაში დამკვიდრებული უსაფრთხოების სისტემა გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება საკამათო იყოს, მაგრამ რაც შეეხება უშიშროების უზრუნველყოფას ის თითქმის სრულყოფილია.
XS
SM
MD
LG