ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი გორიდან: ევროკავშირის დამკვირვებლები


ევროკავშირის დამკვირვებლები 5 იანვარს ცხინვალში იმყოფებოდნენ. ისინი იქ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. მისია ცხინვალში არაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა მიიწვია. ამის მიზეზი კი ის გახლადთ, რომ 4 იანვარს ქართულმა მხარემ ცხინვალში მცხოვრები გენადი პლიევი დააკავა. ქართულ და ოსურ მხარეებს შორის დავას დაკავების ადგილმდებარეობა იწვევს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ პლიევი სოფელ ნიქოზში დააკავეს. ოსური მხარე კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული პიროვნება ქართულმა ჯგუფმა ქალაქ ცხინვალიდან, ეგრეთ წოდებული შანხაის გარეუბნიდან აიყვანა. ევროკავშირის დელეგაციის სადამკვირვებლო მისიის კოკოითის მიერ ცხინვალში მიწვევის მიზეზიც სწორედ ის გახდა, რომ მან, როგორც შუამავალმა მხარემ დაადგინოს პლიევის დაკავების რეალური ადგილმდებარეობა და მოტივები.

ცხინვალში ვროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომაგენელი სტივ ბერდიც იმყოფებოდა. იგი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ რეალური ფაქტების დადგენა მათ ინტერესში შედის და მოხარული იქნება, თუ ამის შესაძლებლობას მხარეები მისცემენ დელეგაციის წარმომადგენლებს.

„ჩვენ შევხვდით როგორც ქართულ, ასევე ოსურ მხარეს და ვისაუბრეთ პლიევის საკითხთან დაკავშირებით. ცხინვალში დე-ფაქტო ხელისუფლების მიწვევით ჩავედით. შევხვდით რუს მესაზღვრეებსაც. ხელისუფლების წარმომაგენლებთან ერთად განვიხილეთ ზოგადად სიტუაცია და ვისაუბრეთ ბევრ პრობლემურ საკითხზე. ცხინვალში ეს ჩვენი პირველი ვიზიტი იყო. დაინტერესებულები ვართ სიმართლის გარკვევით.

თუ მოგვეცემა შესაძლებლობა, მონიტორინგი განვახორციელოდ იმაზეც, როგორ იძიებს ოსური მხარე ამ საქმეს, მხოლოდ მოხარულნი ვიქნებით. რაც შეეხება ჩვენს მომავალ შესვლას ცხინვალში, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. კარგია , თუ იქნება დაკავების ადგილის დეტალურად დათვალიერების საშუალება იმისთვის, რომ ზუსტად დავადგინოთ რა მოხდა. ჩვენ ცხინვალში პლიევის ოჯახის წევრებსა და ნათესავებსაც შევხვდით.

ვესაუბრეთ ასწევე თვითონ ამ ადამიანსაც. თუმცა ჯერ შორს ვართ იმისგან, რომ ზუსტი სურათი იყოს აღდგენილი და შეგვეძლოს თქმა, რა მოხდა სინამდვილეში“,- ამბობს სტივ ბერდი.

შსს სამინისტროს პოზიცია კვლავინდებურად უცვლელი რჩება. მისი წარმომადგენელი შოთა უტიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ ისინი არავის გადაცემას არ აპირებენ და თვითონ ფაქტი, რომ ოსურმა მხარემ ნება დართო ევროკავშირის დამკვირვებელთა დელეგაციას შესულიყვნენ მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დე-ფაქტო ხელისუფლება ღია და გახსნილია ურთიერთობებისთვის.

პლიევის დაკავების დეტალების შესახებ შინაგან საქმეთა შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ვლედიმერ ჯუღელმაც ისაუბრა. იგი ამბობს, რომ წარმოუდგენელია პლიევის დაკავება ცხინვალში მომხდარიყო, რადგან ამისთვის პოლიციელებს რუსული და ოსური საგუშაგოები უნდა გაევლოთ და ცხინვალში შესულიყვნენ. იგი ამბობს იმასაც, რომ პლიევი 2008 წლის აგვისტოში რუსულ-ქართულ ომში იღებდა მონაწილეობას და ამჯერადაც შეიარაღებული იმყოფებოდა ქართულ სოფელში.

2008 წლის ომის შემდეგ, ეს პირველი ფაქტია როცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ოსურმა მხარემ ცხინვალში შესვლის ნება დართო.


XS
SM
MD
LG