ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი წელი დევნილობაში


ტრადიციულად, ახალ წლისთვის ყველა თავისებურად ემზადება. ჩაფიქრებული და გაცხადებული სურვილების უმეტესობაც იმას ეხება, რომ მიმავალმა წელმა ყველაფერი ცუდი წაიღოს და უკეთესი, სიკეთით, სიყვარულით, ხვავითა და დოვლათით სავსე ახალი წელი გაგვითენდეს. რა ვითარებაში ხვდებიან ახალ წელს დევნილობაში მყოფი ადამიანები, ვინ ზრუნავს მათ საჩუქრებსა და უკეთეს განწყობაზე, ამის შესახებ დღევანდელ სიუჟეტში მოგითხრობთ.

სოფელ ერედვიდან დევნილი ტასო აწკარუნაშვილი დღეს თავს გორის ერთ-ერთ საბავშვო ბაღს აფარებს. აქ ერთ ოთახს, რომელიც დევნილების შესახლებამდე ბავშვების საძინებელი იყო, ერთ ნულელ ქალბატონთან ერთად იყოფს. დევნილებისთვის შეშა აქ ერთი კვირის წინ მოიტანეს, თუმცა ქალბატონი ტასო ჯერაც ყოველგვარი გათბობის საშუალების გარეშეა. ოთახში მდგარი შეშის ღუმელიც მილების გარეშე, ჩამქრალი დგას და ოთახის დეკორაციას კიდევ ერთ სევდიან დეტალს მატებს. ეს ღუმელი გასულ წელს დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერაა გადაცემული, თუმცა რაკი მას მილები არ აქვს, შესაბამისად მისი ანთებაც შეუძლებელია. ქალბატონი ტასო ამბობს, რომ შეშა უკვე მიუტანეს და ახალ ღუმელებს მომავალი კვირისთვის დაპირდნენ.

ჯულიეტა ღოლიჯაშვილიც გორში ერთ-ერთ საბავშვო ბაღში ცხოვრობს მეუღლესთან და ორ შვილთან, ერთად, რომელთაგან ერთი ორი ხუთი წლის არის, მეორე კი ორი თვის. ომამდე ისინი ერგნეთში ერთ დიდ სახლში ცხოვრობდნენ, მეუღლის მამისა და ძმის ოჯახებთან ერთად. დანგრეული სახლის სანაცვლოდ სახელმწიფომ 15 ათასი დოლარის ექვივალენტი თანხა გასცა, თუმცა რაკი ღოლიჯაშვილის ოჯახი ცალკე არ იყო დარეგისტრირებული, მათ ამ თანხიდან არაფერი ერგოთ. ისინი ამჟამად ოფიციალურ დევნილებად არ ითვლებიან და ვერც ვერანაირი შემწეობით ვერ სარგებლობენ, მათ არც მუნიციპალიტეტის მიერ გამოყოფილი საახალწლო საჩუქრები ერგოთ. გორის მუნიცილალიტეტის გამგებელი დავით ხმიადაშვილი აცხადებს, რომ ამ ოჯახს შეუძლია წავიდეს და იცხოვროს ერგნეთში, სადაც ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ ჯოტეჯი აუშენა, თუმცა ჯულიეტა ღოლიჯაშვილი აცხადებს, რომ რაკი კოტეჯი სოფლის განაპირას დგას და ცხინვალს ესაზღვრება, ორი თვისა და ხუთი წლის ბავშვთან ერთად იქ წასვლას იგი ვერ გაბედავს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ საახალწლო საჩუქრების სახით დევნილთათვის არაფერი გამოყოფილა. მათზე ამჟამად მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ იზრუნა. საჩუქრების ნუსხაც გორის მუნიციპალიტეტის გამგებლისგან, დავით ხმიადაშვილისგან შევიტყვეთ.


XS
SM
MD
LG