ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველოს ახალი სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში


როგორც ცნობილია, 24 დეკემბერს საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგტაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა წარადგინა მისი უწყების მიერ მომზადებული სტრატეგიის პროექტი სახელწოდებით „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში,“ რომელიც სეპარატისტული რეგიონების მიმართ მათთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე დაფუძნებულ ახლებურ მიდგომას ითვალისწინებს. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ამერიკის ხმის ქართულმა რედაქციამ კომენტარი სთხოვა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ევრაზიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ცენტრის ასისტენტ პროფესორს და ევრაზიის სტრატეგიული პროექტის დირექტორს, ბატონ კორი უელტს. კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა იგი საქართველოს მთავრობის მიერ სეპარატისტული რეგიონების მიმართ ახალი სტრატეგიის შემუშავებას, ბატონმა კორი უელტმა ასეთი პასუხი გაგვცა:

- „თუ ვიმსჯელებ იმით რასაც პირადად გავეცანი, შემიძლია ვთქვა, რომ სტრატეგიის პროექტი ნამდვილ მიღწევას წარმოადგენს. მე მგონი, პირველად საზოგადოების ყურადღების წინაშე წარსდგა დოკუმენტი, რომელშიც საკმაოდ დეტალურად არის მოცემული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა. სიმართლე გითხრათ, ამ რეგიონების მიმართ პასუხისმგებლობის ამგვადელობაც მოჰყვეს. რასაკვირველია ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია დოკუმენტში მოცემული ინიციატივების განხორციელება. მთავრობა აპირებს რამოდენიმე ინიციატივის წამოწყებას, მაგრამ ჩვენთვის უცნობია თუ როგორ რეაქციას გამოიწვევს ეს საქმიანობა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებაში და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, რუსეთის მთავრობაში. სამწუხაროდ წარმატება მხოლოდ მრავალმხრივი კონსენსუსის შემთხვევაშია შესაძლებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა ეს საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელსაყრელი პირველი ნაბიჯია. ერთადერთი სამწუხარო გარემოება რაც ამ დოკუმენტთან არის დაკავშირებული ეს არის ის, რომ ეს სტრატეგია უფრო მისასალმებელი იქნებოდა ომამდე რადგან ახლა მდგომარეობა ბევრად უფრო გართულებულია, მაგრამ მე მაინც მივესალმები ამ პროექტს. ეს ძალიან კარგი დოკუმენტია.“

უელტმა აღნიშნა, რომ სეპარატისტული რეგიონების მიმართ ახალი სტრატეგიის ამსახველ დოკუმენტში წარმოდგენილი დისკუსია საკითხების ფართო სპექტრს შეიცავს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა იქნება იმ საკითხების ამოცნობა, რომელიც უთუოდ დააინტერესებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ხალხს ან მათ მთავრობებს. ეს კი გულისხმობს იმას, რომ აუცილებელი იქნება პირდაპირი ან ირიბი დიალოგის დამყარება საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვით. ამასთან დაკავშირებით უელტმა აგრეთვე აღნიშნა: „საქართველოს მთავრობა ცდილობს პირდაპირი კონტაქტის დამყარებას რეგიონში მცხოვრებ ხალხთან, რაც იმედის მომცემია. აქ გათვლა არის იმაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა და ზეგავლენის ფონზე და შიდა ფაქტორების გათვალისწინებით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს. მაშასადამე არ არის გამორიცხული ის, რომ ეს ინიციატივები არაფრით დამთავრდება ან კი, პირიქით, მდგომარეობის გაუმჯობესებას გამოიწვევს. წარმატების პროგნოზირება ამჟამად რთულია.“

რაც შეეხება 22 დეკემბერს შეერთებული შტატების გავლენიანი რესპუბლიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის ოფისის მიერ გავრცელებულ მოხსენებას, რომელშიც იგი მოუწოდებს ობამას ადმინისტრაციას და ნატოს წევრ ქვეყნებს განიხილონ საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის საკითხი, უელტმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

-„მე ვფიქრობ რომ ეს დოკუმენტი მნიშვნელოვანია, რადგან ის კიდევ უფრო ამდიდრებს მიმდინარე დისკუსიას, რომელსაც მთავრობაში ბევრი ოფიციალური პირი გაურბის. ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ ძალიან მაღალ დონეზე საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნება ართულებს რუსეთთან ურთიერთობის განვითარებას. ხოლო ამ კონტექსტში ყველაზე მტკივნეული საკითხია საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გამოყოფა. ამ მხრივ სულაც არ არის ნათელი თუ რას მოიმოქმედებს შეერთებული შტატები უახლოეს მომავალში. მაგრამ აუცილებელია თანამიმდევრული პოზიციის ჩამოყალიბება საქართველოსა და რუსეთის მიმართ. მე სამარცხვინოდ მეჩვენება ის ფაქტი, რომ რაც შეეხება საქართველოსთვის სამხედრო დახმარების გამოყოფას ნატოს წევრები მეტისმეტ სიფრთხილეს იჩენენ მაშინ, როცა ნატოს ზოგიერთი წევრი იგივე სიფრთხილეს არ იჩენს რუსეთისთვის შეიარაღების მიწოდების საკითხში. მე მიმაჩნია, რომ შექმნილი მდგომარეობის შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელია. ამდენად ჩემის აზრით ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ამ დისკუსიას შეურთდა ესოდენ პრესტიჟული ხმა.“

ინტერვიუს ბოლოს ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის სავარაუდო გახსნასთან და უფრო ზოგადად საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შესაძლო ნორმალიზაციასთან დაკავშირებით ბატონმა უელტმა დასძინა:

-„უპირველეს ყოვლისა ყველა უნდა დათანხმდეს, რომ ამ საზღვრის გახსნა საქართველოს ინტერესებს სავსებით შეესაბამება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს რუსეთთან გარკვეული შეთანხმებების გაფორმებას მოითხოვს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი საქართველოს ნაწილის ოკუპირებას განაგრძობს. მეორეს მხრივ კი ვიდრე ჩემი თვალებით დავინახავ საზღვის გახსნას, თავს სკეპტიციზმის უფლებას მივცემ. თუმცა ნამდვილად ღირშესანიშნავია ის, რომ მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას და საზღვრის გახსნის სავარაუდო თარიღიც დამტკიცდა. მაგრამ მე მაინც დიდი სიფრთხილით მოვეკიდებოდი ამ საკითხს იქამდე სანამ ეს პროცესი წარმატებას მოიტანს. ეს უდავოდ დადებითი მომენტია და თვით რუსეთიც ცდილობს დაანახოს მსოფლიო თანამეგობრობას ისევე როგორც რეგიონის ქვეყნებს, სომხეთის ჩათვლით, რომ მას შეუძლია საქართველოსთან თანამშრომლობა მიუხედავად საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისა.“



XS
SM
MD
LG