ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიხეილ თუმანიშვილის თეატრში პრემიერაა


საქმე იმ შვიდ პატარა პიესას ეხება, რომელიც ამჯერად უკვე მსახიობმა და რეჟისორმა ზურაბ გეწაძემ სპექტაკლისთვის იმ 25 პატარა პიესას შორის ამოარჩია, რომლებიც ლაშა ბუღაძემ 10 წლის წინ დაწერა და 2006 წელს წიგნად გამოსცა. ზურაბ გეწაძემდე ბუღაძის ამ დრამატურგიული ოპუსებით ჯერ "მხატში" დაინტერესდნენ, შემდეგ რუსთაველის თეატრში. როგორც ერთგან, ისე თბილისში სპექტაკლები შედგა. მართალია, 25 პიესას შორის არჩევანს ყველა თავისებურს და თავისებურად აკეთებდა, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, ლაშა ბუღაძის ეს მცირე ზომის, დაახლოებით ხუთწუთიანი ტექსტები რეჟისორებსაც იზიდავს და მკითხველსაც, რომელმაც თავის დროზე ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის "25პპ" სულ სიცილ-ხარხარით ჩაიკითხა. 25, 26 და 27 დეკემბერს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრი 2009 წლის თეატრალურ სეზონს პრემიერებით დაასრულებს. ზურაბ გეწაძეს, რომელმაც ეჟენ იონესკოს ერთ-ერთი "მელოტი მომღერალი ქალის" დადგმით, უკვე როგორც რეჟისორმა თავი ბევრს დაამახსოვრა, დრამატურგები კი თურმე დააიმედა, ქართულ თანამედროვე ტექსტებზე მუშაობით საზოგადოებასთან დიალოგში შესვლას აპირებს, ოღონდაც ერთი მიზეზით, მათი გამოფხიზლების სურვილით. ვისაც ბუღაძის რამდენიმე, თუნდაც ნებისმიერი პიესა მაინც აქვს წაკითხული, კარგად მიხვდება, რომ ამ ტექსტების ინსცენირებით საზოგადოების კრიტიკული მხარეების წარმოჩენა, თუ როგორც რეჟისორმა აღნიშნა, მისთვის სილის გაწნა, რთული მისაღწევი არ არის, საზოგადოების კრიტიკა თუ სხვადასხვა სოციალურ-მენტალური საკითხებისადმი სკეპტიკური დამოკიდებულება ამ ტექსტების უმთავრესი მისიაა. თუმცა საქმე არ გვაქვს უბრალოდ აგრესიულ, ეპატაჟურ და პლაკატურ ტექსტებთან, სულაც არა. ავტორს აქვს თავისი ენა, ღია სისტემა ქვეტექსტებით, წესებით და მოთხოვნებით, რომელთა დარღვევასაც ერთნაირად აპროტესტებს როგორც თავად ავტორი, ისე მისი ტექსტები, რომლებსაც გამძაფრებული კონკრეტიკისა და აქცენტების გამო, კონტექსტის შეცვლა იშვიათად თუ უხდებათ. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დრამატურგი თუმანიშვილის თეატრში პრემიერამდე რეპეტიციებს ესწრება, ვფიქრობ, რეჟისორმა ზურაბ გეწაძემ ავტორთან მჭიდრო თანამშრომლობის გზა აირჩია, თანაც ამბობენ რომ ასეთ ტანდემს ხიბლიც აქვს, მით უფრო დამწყები რეჟისორისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ლაშა ბუღაძე რეპეტიციებს ესწრება, პრემიერამდე შთაბეჭდილებებს არ გვიზიარებს. მხოლოდ აღნიშნავს, რომ მისი აზრით, მსახიობებმა ჟანრს ჩაავლეს... 7 ამბის გაერთიანება იყო გზა ახალი ფორმის საპოვნელად? თუ უბრალოდ - იოლი გზა. ამაზე პასუხს თავად წარმოდგენა გაგვცემს. თუმცა, ალბათ ლოგიკური იქნება შეკითხვა არჩევანის შესახებ თავად რეჟისორსაც რომ დავუსვათ, ლოგიკური კი იმიტომ, რომ რეჟისორის რჩეულ ავტორს ამ ბოლო წლებშიც არაერთი კარგი და საინტერესო პიესა აქვს დაწერილი, პიესა და არა სკეჩი. ახალ დადგმაში მონაწილეობენ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის სხვადასხვა თაობის მსახიობები. ქეთი ასათიანი, მაია გელოვანი, ვანო თარხნიშვილი, ლია კაპანაძე, ლალი კეკელიძე, ნათია ფარჯანაძე, გიორგი ყიფშიძე, ნანა შონია, ნიკა წერედიანი, ეკა ჩხეიძე, თემურ ნატროშვილი. მათგან ზოგიერთი, თუნდაც ეკა ჩხეიძესა და თემურ ნატროშვილს ლაშა ბუღაძის პერსონაჟების ენა, ხასიათი და პარადოქსალურიბა აქამდეც გაუთავისებიათ. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს რუსუდან ბოლქვაძე, რომელიც არა მხოლოდ პიესების გმირია, არამედ მთხრობელიც. ის, ვინც ამ ამბებს ერთმანეთთან დაგვაკავშირებინებს. სპექტაკლის მხატვარია შოთა გლურჯიძე, თუმცა კოსტიუმების მხატვრობა არა მას, არამედ ნინო და სოფო ქორიძეების ნამუშევარია. სპექტაკლის ესთეტიკას რამდენიმე მხატვრის მიერ შექმნილი სცენოგრაფია ორგანულობას არ დაუკარგავს, რაც ასე ხშირია, მაშინ როცა დადგმა მხატვრულად ერთი ავტორის მიერ არ გახლავთ გააზრებული.

XS
SM
MD
LG