ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი გორიდან: მარადიულობის ფაქტორი



აგვისტოს ომის დროს ბუფერულ ზონაში დარჩენილი მოსახლეობისთვის საკვების დარიგება, ოკუპანტებთან ურთიერთობა, აქტიურად იყვნენ ჩართულნი სამღვდელოების წარმომადგენლები. ამ საქმიანობაში თავიდან ბოლომდე მონაწილეობდა სამთავისისა და გორის ეპისკოპოსი, მეუფე ანდრიაც, თუმცა მასთან ამ თემაზე საუბრის უფლების მოპოვება საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

მეუფე ანდრია სოხუმიდანაა. აფხაზეთის ომის დროს მშვიდოებისმყოფელის მისიით იმყოფებოდა გაგრაშიც და გუდაუთაშიც. სამღვდლო შესამოსელი კი მხოლოდ ომის შემდგეომ ჩაიცვა. გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს მასთან, რომელში იგი არაერთ პრობლემატურ საკუთხს ეხება.

„მახსოვს გრუხუნიდა ცეცხლის ალები, რაც თავდაპირველად იყო. ამ ყველაფერს გორის ციხიდან ვადევნებდით თვალყყურს. უკვე შემდეგ, 8 აგვისტოს, გადავწყვიტეთ გავმგზავრებულიყავით ცხინვალის ახლომდებარე სოფლების მოსანახულებად. გვინდოდა გვენახა ცხინვალისა და ნიქოზის ეპისკოპოსი მეუფე ესაიაც სოფელ ზემო ნიქოზში (500 მეტრი ცხინვალიდან). ამ დროისთვის ჭურვი უკვე მოხვედრილი ჰქონდა და ჩანგრეული იყო მისი რეზიდენციის სახურავი, რომელიც მეათე საუკუნის ძველ საეპისკოპოსო სახლშია განთავსებული. სოფელ არბოსთან მოვყევით საჰაერო დაბომბვის ქვეშ.

ამ მოვლენებამდე ცოტა უფრო ადრე დაცხრილეს ჩვენი ერთ-ერთი მამის

ავტომანქანაც, რომელიც სოფელ შინდისიდან მოდიოდა. თვითონ იგი და მისი მგზავრები მართლაც რომ სასწაულებრივად გადარჩნენ. მანქანა გამჭოლად იყო გახვერეტილი. მხოლოდ ერთი მოხუცი ქალი დაიჭრა ფეხზე ჭურვის ნამსხვრევით. ასეთი მახსოვს ომის დასაწყისი, რასაც შემდგომში ყოველდღიური დაბომბვები მოჰყვა,“- ამბობს მეუფე ანდრია.

თვითმფრინავების გადაფრენის ხმაზე მეუფე ანდრიასაც ის რეაქცია აქვს დღემდე, რაც ყველა გორელს: „მახსოვს, რომ დაბომბვა, თითქოს მსგავსი ინტერვალებით ხდებოდა, ერთსა და იმავე დროს, დილით, დაახლოებით რვა საათიდან თერთმეტამდე. შემდეგ ნაშუადღევისკენ და საღამოს. ჩემთვის ეს იყო ანალოგი აფხაზეთთან, რადგან სოხუმს როცა ბომბავდნენ ის დრო, დაახლოებით, ცნობილი იყო და ვიცოდით, რომ ამ დროიდან ამ დრომდე იქნება დაბომბვა. გორშიც იგივე რომ განმეორდა, ამიტომ მივაქციე ამას ყურადღება. ტაძარში ყოველდღიური წირვები გვქონდა. როცა ზიარების დრო ახლოვდებოდა, იწყებოდა დამომბვაც და ეს იმდენად დიდი სიძლიერის იყო, რომ მეშინოდა, ბარძიმი არ გამვარდნოდა ხელიდან, რადგან ტაძარს აქანავებდა, საკმაოდ აქანავებდა, აზანზარებდა,“- იხსენებს მეუფე.

მეუფე ანდრიას გორი კრიტიკულ დღეებში ერთი წამითაც არ მიუტოვებია, აღმოჩნდა მარადიორების მსხვერპლიც, თუმცა იმდენი შეძლო, რომ ოკუპანტებმა სამღვდელოების წარმომადგენლებს უფლება მისცეს ბუფერულ ზონაში გადაადგილებულიყვნენ და დაღუპული და დაჭრილი ჯარისკეცები გამოეყვანათ. როდესაც გორში ომის ამბებს ყვებიან, იხსენებენ ისტორიასაც იმის შესახებ, როგორ იტირა რუსმა გენერალმა ბორისოვმა მეუფე ანდირასთან პირველი შეხვედრის დროს. „გენერალი ბორისოვი ტაძარში წირვის დასასრულს შემოვიდა ჟურნალისტების თანხლებით და მოიცადა, სანამ წირვა დასრულდებოდა. შემდეგ მე მივმართე მას და მანაც თქვა, რომ იგი რეაგირებას მოახდენდა ყველა დარღვევის ფაქტზე, აღკვეთავდა მას და დაიჯებოდა ნებისმიერი, კანონდამრღვევი და იცით მე როგორი შთაბეჭდილება დამრჩა? რომ ისინი, არა მარტო ბორისოვი, არამედ ზოგადად, ყველანი, თავს იმართლებდნენ იმის გამო, რომ შემოიჭრნენ ჩვენს ქვეყანაში. ამბობდნენ, ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ დაგვემყარებინა მშვიდობა და რომ გორშიც იმიტომ ვართ, რომ დაგიცვათ მოთარეში ჯგუფებისგან (სხვათა შორის, იყო რამდენიმე ფაქტიც რეალურად, როდესაც მათ დააკავეს და დასაჯეს თავისავე ჯარისკაცები უწესო ქმედების გამო). ჩვენ ვუთხარით მას, რომ მოეცა უფლება სამღვდელოების წარმომადგენლებისთვის გადაადგილებულიყვნენ სოფლებში, რაზეც ის დაგვეთანხმა

და ამან მოგვცა საშუალება, მიგვეწოდებინა საკვები მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებიც ჩარჩენილნი იყვნენ სოფლებში. ოკუპანტები დარწმუნდნენ, რომ სასულიერო პირები დაკავებულნი იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი საქმიანობით, რაც უკავშირდებოდა საკვების მიწოდებას, დაჭრილებისა და დაღუპულების გამოყვანას. იყო რამოდენიმე ფაქტი, როცა შეიქმნა მწვავე სიტუაცია, ოსური მხარე ძალიან აგრესიულად იყო განწყობილი და მათი აგრესია ვრცელდებოდა ჩვენს მიმართაც. რომ არ ყოფილიყვნენ იქ რუსი ოფიცრები, ვერ მოხერხდებოდა დაჭრილებისა და მიცვალებულების გამოყვანა,“- ამბობს მეუფე ანდრია.

იგი ჩვენს საზოგადოებაში გარკვეულ პროგრესს მოქალაქეობრივი თვთშეგნების ამაღლების თვალსაზრისით ხედავს, თუმცა, ამავდროულად, მნიშვნელოვნად და ძალიან საჭიროდ მიიჩნევს ჩვენი უახლესი ისტორიის შეფასებას, მის ანალიზს, მასზე ღია საუბარს. „ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში მე დავინახე მოქალაქეობრივი თვითშეგნების გაცილებით მაღალი დონე, აფხაზეთთან შედარებით. ჩვენთვის სასირცხვილო ბევრ ფაქტს ჰქონდა ადგილი აფხაზეთში ომის დროს. იყო ძარცვა-გლეჯის, ყაჩაღობის ფაქტები და ამას აკეთებდა ქართული მხარე. განსხვავებული სურათი დავინახე შარშანდელი ომის დროს. მიუხედავად იმისა, რომ დაბომბვის შედეგად სრულიად ადვილი ხელმისაწვდომი შეიძლებოდა ყოფილიყო საკვები ობიექტები, მაღაზიები, ბანკები, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ვინმეს რამე გაეძარცვოს. ვფიქრობ, ეს ჩვენს მოქალაქეობრივ შეგნებაზე მეტყველებს. ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის, ისტორიისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია შეფასება და ანალიზი ი9მისა, რაც მოხდა აფხაზეთში, სამაჩაბლოში, სამოქალაქო ომის დროს. პირველი ფაქტი იყო წელს, როდესაც შედგა კომისია, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენები შეისწავლა. თვითომ ეს ამბავი ძალიან კარგია, ძალიან მნიშვნელოვანია. მხოლოდ ახლა უნდა გაკეთედეს კიდევ ამ ყველაფრის ანალიზი და მასაც მაშინ ექნება აზრი, როდესაც ის იქნება სამართლიანი, დაუმალავი. არა იმიტომ, რომ ვიღაც დავსაჯოთ, არამედ იმისთვის, რომ შევაფასოთ ჩვენი ქმედენა. მე მჯერა, რომ უსამართლობა ყოველთვის დროებითია და მას არ აქვს მარადიულობის თვისება,“- ამბობს მეუფე ანდრია.

XS
SM
MD
LG