ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უზბეკეთში არჩევნები  გაიმართა


დღეს უზბეკეთში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტის ისლამ კარიმოვის მხარდამჭერი პარტიები მონაწილეობენ.

უზბეკეთის პარლამენტის ქვედა პალატის 135 ადგილისთვის ოთხი მთავრობის მხარდამჭერი პარტიის კანდიდატები იბრძვიან. უნდა აღინიშნოს, რომ ქვედა პალატის 15 ადგილი შენახულია გარემოს დაცვის ორგანიზაციისთვის სახელწოდებით უზბეკეთის გარემოს დაცვის მოძრაობა.

უზბეკეთში ოფიციალურად დარეგისტრირებული ოპოზიციის პარტიები არ არსებობს. ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ჯგუფების განცხადებით, ბატონ კარიმოვის მთავრობას ათასობით პოლიტიკური პატიმარი ჰყავს გამოკეტილი საპყრობილეებში და ამის გამო უზბეკეთის მმართველი რეჟიმი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რეპრესიულ მთავრობადაა აღიარებული. კარიმოვი ქვეყანას 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაცემიდან მართავს.


დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც წარსულში აკრიტიკებდნენ უზბეკეთის მთავრობის საქმიანობას ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით კომენტარებისგან თავს იკავებენ. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ ტაშკენტი ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო მოქმედებებს მხარს უჭერს. მიმდინარე წლის დასაწყისში უზბეკეთი დათანხმდა ავღანეთში შეერთებული შტატების არასამხედრო დანიშნულების ტვირთების გადაზიდვაზე საკუთარი ტერიტორიის გავლით.



XS
SM
MD
LG