ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისის სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან  მიმართებაში 


საქართველო წინააღმდეგია აფხაზეთის და "ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის" მოსახლეობის იზოლაციაში მოქცევის და მისი პოლიტიკა ორიენტირებულია "გამყოფი ხაზებით განცალკევებულ" მოსახლეობას შორის ურთიერთობების აღდგენა-ხელშეწყობაზე, ნათქვამია საქართველოს მთავრობის პროექტში - "სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში".

9-გვერდიანი დოკუმენტი, რომლის ქვესათაურია "თანამშრომლობა ჩართულობის გზით", გვერდს უვლის სეპარატისტული რეგიონების სტატუსთან დაკავშირებულ საკითხებს იმ დათქმით, რომ ამ თემაზე საუბარი დეოკუპაციის შემდეგ უნდა დაიწყოს "მშვიდობიანი მოლაპარაკებების ფორმატში" და იძულებით ადგილნაცვალ პირთა დაბრუნების კონტექსტში

დოკუმენტში საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურღვეობაზე, არაღიარების პოლიტიკის გატარებაზე, რუსული ანექსიის პროცესის შეჩერებისა და ამ რეგიონების სრული დეოკუპაციის მიზანზე.

დოკუმენტის პროექტის თანახმად, დასახული მიზნების მიღწევას საქართველო გეგმავს მხოლოდ მშვიდობიანი და დიპლომატიური ძალისხმევით და "გამორიცხავს კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტას".

დოკუმენტის პროექტის თანახმად, "პრაგმატული და ურთიერთსასარგებლო" კონტაქტები უნდა გააქტიურდეს ეკონომიკური საქმიანობების, ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის და ტრანსპორტის, განათლების, ჯანდაცვის, სახალხო დიპლომატიის, კულტურული მემკვიდრეობის და ეროვნული იდენტურობის დაცვის, ინფორმაციის დაუბრკოლებელი გავრცელებისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებებით.

ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით, დოკუმენტის პროექტში საუბარია, ერთობლივი ბიზნეს-საქმიანობების წახალისებაზე, მოსახლეობას შორის ვაჭრობის გაფართოებაზე, საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქციის გაყიდვის შესაძლებლობების შექმნაზე, დასაქმების ხელშეწყობაზე და "ოკუპაციის ხაზების" სიახლოვეს "განსაკუთრებული ყურადღების ზონებში" სპეციალური პირობების შექმნაზე.

პროექტი ასევე ითვალისწინებს "გამყოფ ხაზებს" შორის რეგულარული მარშრუტის ავტობუსის დანიშვნას, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას, დასაბრუნებელი მოსახლეობისათვის საცხოვრებელი სახლების, სკოლების, საავადმყოფოების, გზების, ელექტროგადამცემი და სატელეკომუნიკაციო ხაზების რეაბილიტაციას, ასევე წყლის და ბუნებრივი აირის მიწოდების მოწესრიგებას.

ამასთან, განათლების მიმართულებით დაგეგმილია მშობლიურ ენაზე სწავლების, ერთობლივი სასწავლო პროგრამების ხელშეწყობა, ასევე სეპარატისტულ რეგიონებში მცხოვრებთათვის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების ამუშავება. პროექტის გეგმაშია ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში ჩართვა.

ამასთან, მომდევნო ექვს თვეში, მაქსიმუმ 2010 წლის 31 ივნისამდე შემუშავდება სტრატეგიის დოკუმენტში ასახული მიზნების "აღსრულების გეგმა", სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ყველა კონკრეტული პროექტი. ასევე იგეგმება დონორთა კონფერენციის მოწვევა ამ პროექტებისთვის ფინანსების მიზიდვის მიზნით.



XS
SM
MD
LG