ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იანვარში   ჯანდაცვის რეფორმის კანონპროექტის ტექსტი დამუშავდება


იანვარში კონგრესი და სენატი ჯანდაცვის სფეროს რეფორმის კანონპროექტის ტექსტზე ერთმანეთთან შეთანხმების პროცესს დაიწყენენ. არაფორმალური საუბრები კონგრესის სესიის განახლებამდეც დაიწყება.

კონგრესის საბიუჯეტო ოფისის გათვლების თანახმად, სენატისა და კონგრესისი მიერ მიღებული კანონპროექტები მათი გაერთიანების შემდეგ, სავარაუდოდ 800 მილიარდი დოლარი დაჯდება.

დემოკრატები და რესპუბლიკელები კვლავ განაგრძობენ ჯანდაცვის სფეროს რეფორმის გრძელვადიან ღირებულებაზე დავას. რესპუბლიკელების განცხადებით, რეფორმის განხორციელებამ 10 წელში შეიძლება 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბოს.

კანონპროექტის ტექსტის შეთანხმების დროს, კონგრესმენებმა იმაზე უნდა იზრუნონ, რომ საბოლოო ღირებულება 900 მილიარდ დოლარზე მაღალი არ იყოს, რადგანაც ეს ის თანხაა, რომელიც პრეზიდენტმა ობამამ მაქსიმალურ ღირებულებად დაასახელა.

სენატის დემოკრატებს რამდენიმე დამოუკიდებელ წევრთან, ისევე როგორც რამდენიმე დემოკრატთან, კომპრომისზე წასვლა მოუწიათ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპრომისი კანონპროექტიდან იმ პირობის ამოღება იყო, რომელიც სახელმწიფო დაზღვევას კერძო სადაზღვევო კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევის საშუალებას აძლევდა.

ორივე კანონპროექტი ამერიკელების 94-დან 96 პროცენტამდე ჯანდაცვის დაზღვევაში გაერთიანებას ითვალისწინებს. ამჟამად ამერიკელების მხოლოდ 83 პროცენტია დაზღვეული. ეს პროცენტული ზრდა დამატებით 30 მილიონ ამერიკელს დააზღვევს.

კანონპროექტის ორივე ვარიანტი მაღალი შემოსავლის მქონე ამერიკელებს საგადასახადო განაკვეთს გაუზრდის, გარკვეულ გადასახადებს ყველას მოუმატებს და ამჟამად მოქმედ სახელმწიფო სამედიცინო დაზღვევას მომსახურების საფასურს შეუმცირებს გაზრდილი დანახარჯების დასაბალანსებლად.

კანონპროექტი დაუყოვნებლივ აუკრძალავს კერძო სადაზღვეო კომპანიებს ისეთი ადამიანებისთვის დაზღვევის მიწოდებას, რომლებსაც წინასწარ არსებული სამედიცინო მდგომარეობა აქვთ. რეფორმის შედეგად, სადაზღვევო კომპანიებს ასევე აეკრძალებათ ასაკზე ან სქესზე დაყრდნობით მომხმარებლისთვის დაზღვევის ღირებულების მომატებაც. სენატი ამ რეფორმის განხორციელებას 2014 წლიდან გეგმავს. გამონაკლისი ამ წესიდან იქნებიან მხოლოდ ბავშვები, რომლებსაც ამჟამად დაზღვევა არ აქვთ. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ობამა კანონპროექტს ხელს მოაწერს და მას კანონის ძალას მისცემს ადამიანის დაზღვევა ვადაში შეზღუდული აღარ იქნება.

კონგრესის კანონპროექტი რეფორმის განხორციელებას 2013 წლიდან ისახავს და მსგავსი პირობები აქვს ასაკთან, სქესთან და წინასწარ სამედიცინო მგომარეობასთან დაკავშირებით.

ყველაზე დიდი განსხვავება ორი პალატის კანონპროექტებს შორის, ეგრეთ წოდებული, „საჯარო არჩევანია," რომელიც სახელმწიფოს კერძო სადაზღვეო კომპანიებისთვის კონკურენციის გაწევის საშუალებას აძლევს. ეს განსხვავება პალატებს შორის კანონპროექტის შესათანხმებლად წარმოებული მოლაპარაკებების დროს, სავარაუდოდ, ყველაზე დიდ დაპირისპირებას გამოიწვევს.

საჯარო არჩევანი კანონპროექტში წარმომადგენელთა პალატამ შეიტანა. კონგრესმენებს ამ მექანიზმით სახელმწიფოსთვის სადაზღვევო განაკვეთების დაწესების უფლების მიცემა სურთ.

სენატის ვერსია კი მთავარ ყურადღებას თვით-დასაქმებულ ამერიკელებსა და მცირე მეწარმეებზე ამახვილებს და მათთვის ჯანდაცვის დაზღვევის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

კონგრესის საბიუჯეტო ოფისის პროგნოზით რეფორმა საბოლოო ჯამში 132-დან 138 მილიარდ დოლარამდე დაუზოგავს ქვეყანას. პრეზიდენტი ობამას თქმით, რეფორმის დასაფინანსებელი თანხის ნაწილი შეიძლება იმ სამედიცინო დანახარჯების შემცირებით მოხდეს, რომლებიც დღეს გაუმართლებლად იფლანგება.

რეფორმის მოწინააღმდეგე რესპუბლიკელების თქმით, დემოკრატებმა შესაძლო დანაზოგის პროგნოზის მანიპულირება გააკეთეს და რეფორმის ნამდვილი ღირებულება შენიღბეს. დემოკარატები საკუთარ გაანგარიშებას აქტიურად იცავენ.

ნიუ იორკის დემოდემოკრატი სენატორის ჩარლზ შუმერის განცხადებით:

„კანონპროექტი შეამცირებს დანახარჯებს, გაუმართლებელ ფლანგვას, გაყალებების შესაძლებლობებს, დუბლირებას, რაც ასეა გავრცელებული ჩვენს სისტემაში. ამ ყველაფერთან ერთად კანონპორექტი დამატებით 31 მილიონ ადამიანს დააზღვევს. ვინ იფიქრებდა იმას, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ორი საკითხის გადაჭრას ოდესმე ერთი კანონპროექტით შევძლებდით?"

რესპუბლიკელი სენატორი ალაბამას შტატიდან ჯეფ სეშენსი არ ეთანხმება დემოკრატებს და ამბობს, რომ:

„ის შეხედულება, რომ კანონპროექტი ეროვნულ ვალს შეამცირებს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება."

იმ ამერიკელებს, რომლეთა შემოსავალიც წელიწადში 500 ათასს აღემატება და მათთან ერთად იმ ოჯახებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი 1 მილიონ დოლარზე მეტია გადასახადები 5.4 პროცენტით გაეზრდებათ. ამასთან ერთად სადაზღვევო, ფარმაკოლოგიურ და სამედიცინო აღჭურვილობის მწარმოებელ კომპანიებს ნაწილი მოსაკრებლებისა გაეზრდება, ხოლო ნაწილი კი ახალი დაემატება.

წარმომადგენელთა პალატასა და სენატს შორის მოლაპარაკებები ასევე გაამახვილებს ყურადღებას აბორტისა და არალეგალური იმიგრანტების საკითხებზე.

წინასწარ ჩატარებული მოლაპარაკებების დროს, ორივე პალატის წარმომადგენელი დემოკრატები თანხმდებიან იმაზე, რომ საბოლოო კანონპროექტი ყველაფერტან ერთად ხარსხსაც უნდა უზრუნველყოფდეს, მაგრამ ამასთან ერთად ახლო და გრძელვადიან დანახარჯებსაც უნდა აკონტროლებდეს.



XS
SM
MD
LG