ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რას წერს ბრუკინსის ინსტიტუტის მკვლევარი საქართველოზე?


ბრუკინსის ინსტიტუტის მკვლევარმა საგარეო საქმეთა საკითხებში, ბატონმა ენდრიუ სოლომონმა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საარჩევნო უფლებებზე მოკლე კვლევა დაწერა. ბატონი სოლომონი საარჩევნო კანონმდებლობასა და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხებში ერთ-ერთი ცნობილი სპეციალისტია და ამასთან, ის ბერნის იძულებით გადაადგილებულთა პროექტის დირექტორის მოადგილეცაა.

მისი უკანასკნელი კვლევა საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა საარჩევნო უფლებებს მიმოიხილავს. მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლება უკვე რამდენიმე თვეა ამერიკის არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით საარჩევნო კოდექსის გარდაქმნაზე მუშაობს.ბატონი სოლომონის კვლევას ინფორმაციული ხასიათი აქვს, რომელიც საარჩევნო კოდექსის გარდაქმნის პროცესში დევნილების გათვალისწინების რეკომენდაციას იძლევა.

2005 წლის დეკემბერში გაეროს გენერალური მდივნის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებში, საქართველოში ვიზიტის შემდეგ წერილი გამოაქვეყნა. წერილში ნათქვამია, რომ აუცილებელია საქართველოში მცხოვრებ დევნილთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათ შორის არჩევნებშიც, აქტიური ჩართვა. იგივე წერილი ამბობს, რომ დევნილების საზოგადოებაში ინტეგრირება მათ პროდუქტიულობას შეუწყობს ხელს და უკეთესად მოამზადებს თავდაპირველ საცხოვრებელ ადგილებზე დასაბრუნებლად, როცა ამისთვის შესაბამისი დრო მოვა.


ბატონი სოლომონის თქმით, ამ მიმართულებით საქართველოში გარკვეული ნაბიჯები უკვე გადაიდგა: „ჩატარდა გარკვეული რეფორმები. საარჩევნო კოდექსში შეტანილი იქნა დამატებები, რომლებმაც დევნილების საარჩევნო უფლებები შედარებით ლიბერალური გახადა. ამ დამატებებით ის შეიცვალა, რომ საარჩევნო სიებში რეგისტრაცია იმ დახმარებებსა და შეღავათებს, რომლებიც იძულებით გადაადგილებულ პირებს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე ეკუთვნით, ჩამორთმევის საფრთხის ქვეშ აღარ დგას.“


ბატონო სოლომონის თქმით, ამ რეფორმებამდე, დევნილები, რომლებსაც საარჩევნო სიებში დარეგისტრირება და არჩევნებში მონაწილოების მიღება სურდათ თავდაპირველი საცხოვრებელი ტერიტორიის გარდა სადმე სხვაგან დარესისტრირებით დევნილის სტატუსთან დაკავშირებულ შეღავათებს კარგავდნენ. თავის კვლევაში ბატონი სოლომონი აცხადებს, რომ საქართველსო საარჩევნო კანონმდებლობა ისე უნდა იყოს გამართული, რომ ყოველგვარი დისკრიმინაციის შესაძლებლობა გამოირიცხოს. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ის ყურადრებას ამახვილებს არის იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის განსაზღვრება. კვლევაში ნათქვამია, რომ 2005 წელს მიღებული გაეროს იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელმძღვანელო პრინციპებზე დაყრდნობით,აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილი მოსახლეობა იძულებით გადაადგილებულ პირთა კლასიფიკაციაში შედის. ამ კლასიფიკაციის საფუძველზე მათ ყველ იმ უფლებაზე მიუწვდებათ ხელი, რომელიც საერთაშორისო კონვენციებით აქვთ მინიჭებული.

ბატონი სოლომონი ამბობს, რომ „დემოკრატიულ სახელმწიფოში არც ერთ ადამიანს არ უნდა ჩამოერთავას ის ფუნდამენტალური უფლება, რომელიც არჩევნებში მონაწილეობაში მდგომარეობს მხოლოდ იმის გამო, რომ მათ იძულებით დატოვეს საკუთარი საცხოვრებელი ადგილები. დევნილებს როგორც აფხაზეთიდან ასევე სამხრეთ ოსეთიდან უნდა ჰქონდეთ უფლება გამოხატონ პოლიტიკური ნება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვან წევრად ჩაერთონ.“


ბატონი სოლომონის თქმით, ყველაზე ცოტა, რისი გაკეთებაც საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია, არის ის, რომგააადვილოს დევნილებისთვის საარჩევნო სიებში დარეგისტრირების საშუალება: „იძულებით გადაადგილებულ პირებს კანონის ძალით, ისევე როგორც ადმინისტრაციული პრაქტიკით, საშუალება უნდა მიეცეთ დარეგისტრირდნენ ამომრჩეველთა სიაში. და მათ უარი არ უნდა ეთქვათ დარეგისტრირებაზე იმის გამო, რომ იქვერ მიდიან დასარეგისტრირებლად სადაც კანონით მოეთხოვებათ ან იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ისეთი საბუთი არ აქვთ, რომლის აღებაც მხოლოდ თავდაპირველი საცხოვრებელ ადგილზე შეიძლება.


ბატონი სოლომონი აცხადებს, რომ საარჩევნო კანონი საკმარისად მოქნილი უნდა იყოს იმისთვის, რომ იძულებით გადაადგილებულ პირებს არჩევნებში კანონიერი მონაწილეობის უფლება ჰქონდეთ. რამდენიმე რეკომენდაცია, რომელსაც მის მიერ ჩატარებული კვლევა სახავს, არის შემდეგი: „პირველ რიგში მათთან უნდა ჩატარდეს კონსულტაციები საარჩევნო პროცესის შემუშავებასა და მართვასთან დაკავშირებით. ასევე უნდა შეიქმნას ამომრჩეველთა რეგისტრაციის სპეციალური პროგრამა, რომელიც დევნილებს დაარეგისტრირებს და მათ საარჩევნო პროცესსა და საკუთარ უფლებეზე ინფორმაციას მიაწოდებს.„


ბატონი სოლომონი იმედს იტოვებს, რომ საქართველოს ახალი საარჩევნო კოდექსი და მომავალი არჩევნები არა მხოლოდ სამართლიანი და თავისუფალი იქნება, არამედ საზოგადოების ყველა ჯგუფს თანასწორ უფლებას მისცემს პოლიტიკური ნების გამოსახატავად. მისი თქმით: „ჩემი აზრით, საერთაშორისო საზოგადოებას ამ მიმართულებით დადებითი როლის თამაში და საქართველოს მთავრობისთვის დახმარების აღმოჩენა შეუძლია საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით.“ თუმცა ბატონმა სოლომონმა იმაზეც მიანიშნა, რომ იმისთვის, რომ ეს დადებითი ცვლილებები პრაქტიკულად განხორციელდეს, საქართველოს ხელისუფლებას იმის საჭიროება უნდა ჰქონდეს, რომ მიიღოს ეს დახმარება.


XS
SM
MD
LG