ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინტერვიუ: რამდენად მნიშვნელოვანია კიბერ უსაფრთხოება?


ინტერნეტის დაცულობას მთელს მსოფლიოში დღითიდღე უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. კიბერ სივრცის უსაფრთხოების პრიორიტეტულობა საქართველოში, ტრადიციულად, ნაკლები ყურადღების მიუხედავად, მაინც დადგა დღის წესრიგში როცა შარშან რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს ჰაკერულმა თავდასხმებმა სახელმწიფო უწყებების, მედიისა და საფინანსო ინსტიტუტების მუშაობა შეაფერხა. შეწყდა უცხოეთიდან ინფორმაციის მიღება და ამას საქართველოს მთავრობის მიერ უცხოური ვებ გვერდებისა და რუსული საინფორმაციო სივრცის დახშობაც დაემატა. მოსახლეობას ვაკუუმამდე ბევრი არაფერი უკლდა. დაიწყო ლაპარაკი ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან სპეციალისტების მიწვევის შესახებ, რომლებიც დანგრეულ ინტერნეტ და ქსელურ ინფრასტრუქტურას აღადგენდნენ. იმავე დროს უცხოეთის მთავრობებმა, და აქ გვახსენდება პოლონეთის პრეზიდენტის ინტერნეტ გვერდი, დაიწყეს საქართველოზე ინფორმაციის გავრცელება, ქართული სამთავრობო სტრუქტურების მიერ მომზადებული უკანასკნელი ცნობების მიწოდება ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

შეტევა არაერთი დღე გაგრძელდა და საფრთხის დაძლევა თითქოს შეუძლებელი გახდა.

ამ ფონზე, ჩნდება კითხვა: ჩვეულებრივ სიტუაციაში უნდა იზრუნოს თუ არა სახელმწიფომ კიბერ უსაფრთხოების დარგში კონკრეტული სტრატეგიის ჩამოაყალიბებაზე; სტრატეგიის რომელიც ქვეყანას, მის მოსახლეობას, ეკონომიკას და ეროვნულ ინტერესებს დაიცავს?

ამერიკაში ამ თემებს ყურადღება სხვადასხვა ხარისხით ყოველთვის ეთმობოდა. სამამულო უსაფრთხოების დეპარტამენტის შექმნისთანავე, ჩამოყალიბდა სპეციალური განყოფილება, რომელიც კიბერ უსაფრთხოების საკითხებზე იმუშავებდა და სხვადასხვა კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით, პროგრამულ ვირუსებს დაამარცხებდა.

ცოტა ხნის წინ ამერიკის პრეზიდენტმა ინტერნეტის უსაფრთხოების დარგში სპეციალური კოორდინატორი დანიშნა თეთრ სახლში. ეს პირი უფრო დეტალურად დააკვირდება და პრეზიდენტის ეროვნული უშიშროების გუნდთან, ასევე ეკონომიკურ მრჩევლებთან ერთად, შესაბამის სტრატეგიას შეიმუშავებს ამერიკის საწელმწიფოსა და მისი მოსახლეობის დასაცავად.

ამ თემებზე სასაუბროდ დღეს მოვიწვიეთ ნიუ იორკში არსებული, გავლენიანი საგარეო ურთიერთობების საბჭოს თავდაცვის საკითხების ექსპერტი, ბატონი სტივენ ბიდლი.

"- ეს პირველ რიგში ნაციონალური მნიშვნელობის საფრთხეა. თუმცა მას ტრანსნაციონალური განზომილებაც აქვს. კიბერუსაფრთხოება მონაცემთა ბაზების დაცულობას გულისხმობს, ინფორმაციის გადამცემი არხების და ასევე ინტერნეტის საშუალებით ნებისმიერი სახის ფინანსური გარიგების დაცულობას. ეს კი თავისთავად მოიცავს ინტერნეტში საბანკო ინფორმაციის გაცვლაზე დაკვირვებას სხვადასხვა ფინანსური გარიგებების აღსრულების დრო, ასევე მათ დაცვას არაერთი გარეშე მტრული თავდასხმისგან. როგორც წესი ჰაკერებს ამ დროს ამერიკის მთავრობის იძულება და მათი ისეთი ქმედების უზრუნველყოფა სურთ, რომლის საშუალებით თავად დამნაშავეები საიდუმლო ინფორმაციას ან დიდი ოდენობის ფულს ჩაიგდებენ ხელში. მთავარი მიზანი კი მათთვის ამერიკის მთავრობის არსებული პოლიტიკის შეცვლაა ამა თუ იმ დარგში".

აცხადებს ჩვენი რესპონდენტი და აგრძელებს:

„ კიბერ თავდასხმები, სხვა, ჩვეულებრივი თავდასხმისგან განსხვავებით, შესაძლოა არა ომიანობის დროს, არამედ მშვიდობის პერიოდშიც განხორციელდეს. დასამალი არ არის რომ ისინი ყოველ დღე ხდება."

ამჟამად ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიურო იკვლევს საქმეს, რომელიც ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს ბანკზე ჰაკერების თავდასხმასთანაა დაკავშირებული. ეს პირები, რომლებმაც ავთვისებიანი კომპიუტერული პროგრამა შეიმუშავეს, როგორც ჩანს რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან არიან კავშირში და მათი კვალი შარშან საქართველოზე მიტანილ იერიშამდეც მიდის, გვაცნობებს გამოძიების ფედერალური ბიურო.

ჩვენი სტუმარი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ თუკი ამ თავდასხმის ორგანიზატორთა სპეციალიზაციის დონე და მოქმედების არეალი გაიზრდება, მაშინ მათ საქმიანობას შესაძლოა ისეთი მასშტაბები მიეცეს, რომელიც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ამერიკის ეკონომიკას, და ეროვნულ უსაფრთხოებას.

რა მნიშვნელობას უთმობს ამ საკითხებს ამერიკის დღევანდელი ხელისუფლება? არის თუ არა კიბერ უსაფრთხოება მისი მიზანმიმართული ინტერესის საგანი?

„ამერიკის მთავრობამ ყოვლისმომცველი პოლიტიკა შეიმუშავა საკუთარი ინტერნეტ სივრცის დაცულობის უზრუნველსაყოფად. ოფიციალური ვაშინგტონი ამერიკის მთავრობის კომპიუტერული სისტემების დაცულობაზე ზრუნავს. ობამას ადმინისტრაცია, ამასთან, კერძო სექტორს აქტიურად მოუწოდებს დაიცვას საკუთარი კომპიუტერული ინფრასტრუქტურა. თუმცა უნდა ვთქვა რომ მიუხედავად საგრძნობი ძალისხმევისა, ეს პროცესი კარგად ვერ იმართება და მას გაბნეული, დეცენტრალიზებული ხასიათი აქვს. ჩვენს ქვეყანაში, როგორც ხვდებით, უამრავი კომპიუტერი და კომპიუტერული ქსელია, შესაბამისად, მათი კოორდინირება ერთი რომელიმე უწყების მიერ არ და ვერ ხდება. პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ შექმნილ ახალი სამსახურის მიზანიც სწორედ ესაა და იგი მჭიდროდ იქნება დაკავშირებული ქვეყნის სამამულო უსაფრთხოების სამსახურთან."

„იმდენად რამდენადაც ინტერნეტი ყოველი ჩვენთაგანის ეკონომიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია, ჩვენც მიგვიძღვის წვლილი და პასუხისმგებლობა პირად და ეროვნული უსაფრთხოებაზე. თითოეული ჩვენთაგანი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ინტერნეტში პირადი ინფორმაციის გაცვლას, ამასთან ხშირად უნდა ვადევნოთ თვალი და შევეცადოთ ვცვალოთ პაროლები, დავიცვათ და განვაახლოს უსაფრთხოების პროგრამები სამსახურებში და ამასთან, არ ვუგულვებელყოთ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული ეროვნული პოლიტიკა, რომელიც, დამატებით ვალდებულებებს გვაკისრებს."

XS
SM
MD
LG