ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

როგორ აფასებენ ექპერტები ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს რუსეთში


15-17 დეკემბერს ნატოს ახლად დანიშნული გენერალური მდივანი პირველი ოფიციალური ვიზიტით რუსეთს ეწვია. ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით ინტერვიუ ჩამოვართვით ვაშინგტონში მდებარე შეერთებული შტატების ჯერმან მარშალის ფონდის უფროს მკვლევარს ტრანსატლანტიკურ საკითხებში ბატონ დევიდ კრეიმერს.

კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა იგი ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტს რუსეთში, ბატონმა კრეიმერმა აღნიშნა:

„მე ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი ახალი გენერალური მდივნისთვის კიდევ ერთი მცდელობა იყო ნატო-რუსეთის ურთიერთობებში ცვლილების შესატანად. ამ თანამდებობაზე მოსვლის პირველი დღიდანვე ბატონმა რასმუსენმა არაერთხელ აღნიშნა, რომ მას სურს ნატო-რუსეთის ურთიერთობის გაუმჯებესება. როგორც ცნობილია, ეს ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაზარალდა მას შემდეგ რაც გასული წლის აგვისტოში რუსეთმა საქართველოს ნაწილი დაიპყრო. ამდენად ვიზიტის სამუშაო განრიგი რამოდენიმე საკითხს შეიცავდა. მათ შორის იყო რუსეთთან თანამშრომლობა ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციების ფარგლებში, რამაც, პრესაში გამოქვეყნებული ცნობების მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, რუს ოფიციალურ პირებში საკმაოდ გულგრილი რეაქცია გამოიწვია. ამას გარდა, ვიზიტის დროს განიხილებოდა ეგრედწოდებული მედვედევის შემოთავაზება ახალი ევროპული უშიშროების ხელშეკრულების შესახებ. მაგრამ, ჩემის აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რაც შეეხება უკრაინისა და საქართველოს ალიანსში სამომავლო გაწევრიანებას ნატოს კარი კვლავინდებურად ღიაა. და მე ვფიქრობ რომ ამ გზავნილს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა მოსკოვში ვიზიტის დროს."

რასმუსენის რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით, კრეიმერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობების განვითარების სფეროში ობამას ადმინისტრაციის ეგრედწოდებული „გადატვირთვის" სტრატეგიის პარალელურად, ნატოს გენერალური მდივანი ცდილობს ნატო-რუსეთის ურთიერთობების გადახალისებას. ამ მიზნით რასმუსენი ცდილობდა დაერწმუნებინა რუსეთის ოფიციალური პირები, რომ ალიანსი ნამდვილად დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობების განახლებასა და განმტკიცებაში. მაგრამ ეს საკმაოდ რთული პროცესია რადგან მოსკოვში ნატოს ეჭვის თვალით უყურებენ და რუსეთის მმართველი წრეები ალიანსის გაფართოებას კვლავინდებურად ეწინააღმდეგებიან. მათ განსაკუთრებით რისხვას იწვევს უკრაინისა და საქართველოს შესაძლო გაწევრიანების პერსპექტივა. რაც შეეხება რუსეთის მთავრობის დამოკიდებულებას ავღანეთის საკითხთან დაკავშირებით, ბატონა კრეიმერმა აღნიშნა:

„მე ვფიქრობ რომ რაც შეეხება ნატოსთვის დახმარების გაწევას ავღანეთში, რუსეთის პოზიცია ბუნდოვანია. ამის ყველაზე აშკარა გამოხატულება არის ის, რომ პრეზიდენტ ობამასა და პრეზიდენტ მედვედევის მიერ ხელმოწერილი შეთანხმების განხორციელება ავღანეთში მიმავალი სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების ტვირთის რუსეთის ტერიტორიაზე ტრანზიტის შესახებ შეფერხებულია. ამ მხრივ ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი ან ორი რეისი განხორციელდა. ეს გარემოება ნამდვილ პრობლემას წარმოადგენს და მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნის რუსეთ-ნატოს ურთიერთობის განვითარებას."

რაც შეეხება ამერიკა-რუსეთის მოლაპარაკებას სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების განახლებასთან დაკავშირებით, კრეიმერს მიაჩნია, რომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ დღემდე ახალი ხელშეკრულების გაფორმება ვერ მოხერხდა. მაგრამ ობამას ადმინისტრაცია ოდნავ იმედგაცრუებულია რადგან მოლაპარაკებები გაიწელა და, როგორც იუწყებიან, ახალი ხელშეკრულების გაფორმება ახლა იანვრის ბოლომდე ან თებერვლის დასაწყისამდე გადაიდო.

ინტერვიუს ბოლოს ბატონი კრეიმერი ასე გამოეხმაურა რუსეთის მიერ საფრანგეთის მისტრალის ტიპის ავიამზიდის შესაძლო შეძენის საკითხს:

„ჩემთვის რთულია იმის პროგნოზირება თუ რითი დამთავრდება ეს გარიგება. მე ვიმედოვნებ, რომ ის წარუმატებელი იქნება იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ საფრანგეთი დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ ამ სახის ხომალდს მიჰყიდის რუსეთს. ამასთან დაკავშირებით უნდა ავღნიშნო ისიც, რომ ვაშინგტონში და კერძოდ ამერიკის კონგრესში ზოგიერთმა კანონმდებელმა ამ გარიგებასთან დაკავშირებით შეშფოთება უკვე გამოთქვა და საფრანგეთის მთავრობას ოფიციალური წერილებიც გაუგზავნა. საფრანგეთისთვის ეს დიდი შეცდომა იქნება თუ გავითვალისწინებთ იმას,რომ რუსეთის ოფიციალურმა პირებმა, სამხედროების ჩათვლით, გააკეთეს რამდენიმე განცხადება,რომელშიც პირდაპირ ნათქვამია, რომ გასული წლის ომის დროს რუსეთი უფრო სწრაფად და ეფექტურად შეასრულებდა სამხედრო ამოცანებს საქართველოს წინააღმდეგ მას რომ ეს ხომალდი ჰქონოდა. მე ვშიშობ, რომ თუ ეს გარიგება წარმატებული აღმოჩნდა, საფრანგეთის მთავრობას სხვებიც მიბაძავენ და შედეგად გაჩაღდება კონკურენცია რუსეთისთვის ამგვარი და სხვა შეიარაღების მიწოდებასთან დაკავშირებით. ხოლო ეს კი ნამდვილად სავალალო განვითარება იქნება."


XS
SM
MD
LG