ბელგიამ და ახალმა ზელანდიამ იმ საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირება მოახდინეს, რომელიც კასეტური ბომბების დამზადებას კრძალავს. მათ მიერ ამ ხელშეკრულების რატიფიცირების შემდეგ, კონვენციაზე ხელისმომწერ ქვეყანათა რიცხვი 26-მდე გაიზარდა. საერთაშორისო კონვენციის ძალაში შესასვლელად კი 30 სახელმწიფოს რატიფიცირებაა საჭირო. საერთაშორისო კასეტური კოალიციის განცხადებით, კონვენციაზე ხელი სულ 78-მა სახელმწიფომ მოაწერა, თუმცა მათ უმრავლესობას ჯერ დოკუმენტის რატიფიცირება არ მოუხდენიათ. ისეთი დიდი სახელმწიფოები კი, როგორებიც შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი არიან, კონვენციაზე მიერთიებისგან თავს იკავებენ და ამტკიცებენ რომ კასეტური ბომბების გამოყენება სამხედრო დანიშნულებისთვის ლეგიტიმურია. კასეტური ბომბების გასროლა, საარტილერიო ჭურვების და რაკეტების საშუალებით ხდება, რომელთა გამოყენებითაც ნაღმების გაფანტვა ფართო ტერიტორიაზე ხდება. კასეტური ჭურვის შედეგი ხშირ შემთხვევაში სასიკვდილოა. მსხვერპლი კი ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობაა.
პოპულარული
1