ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონის თოვლის ქართული რეაქცია


ვაშინგტონში და ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში ძლიერი ქარბუქის შედეგად 40 სანტიმეტრის სიმაღლის თოვლი მოვიდა. ზოგიერთ რაიონში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრსაც მიაღწია.

სანამ თოვა შეწყდებოდა ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებდა, რადგან თოვლის გამწმენდი მანქანები გზების გაწმენდას ვერ ასწრებდნენ. დიდი თოვლის გამო დაიკეტა აეროპორტები, მეტრო, არ დადიოდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დროებით დაიკეტა პროდუქტის მაღაზიები.

თოვლის ქარბუქი ვაშინგტონის გარდა ნიუ იორკში ფილადელფიასა და ბალტიმორშიც მძვინვარებდა.

შაბათ-კვირას ვაშინგტონის ცენტრალურ მაგისტრალებზე ასობით მძღოლს საათობითუჭირდა გადაადგილება.

ამერიკის დედაქალაქში მცხოვრები ქართველებისთვის 40 სანტიმეტრიან თოვლს დიდი დაბრკოლება არ შეუქმნია, რადგან ის არასამუშაო დღეებს დაემთხა.

სოფო თავართქილაძე 10 წელია მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად ვაშინგტონიდან 20 წუთის დაშორებით, ქალაქ გეითესბურგშიცხოვრობს, ასეთი ზამთარი მას რამდენიმე წლის წინაც ახსოვს, ამბობს, რომ ადგილობრივი მთავრობა ხალხის წინასწარ გაფრთხილებას ერიდება.

“მძაფრად არ აცხადებენ, იმიტომ რომ აქ პანიკა ადვილად იქმნება. ყველა მაღაზიაში მირბის და პროდუქტის მომარაგებას იწყებს, ისეთი შთაბეჭდილებაა, თითქოს ლენინგრადის ბლოკადა ახლოვდება.”

შალვა სიხარულიძე ვაშინგტონში, ერთ-ერთ კომპანიაში მარკეტინგის დეპარტამენტში მუშაობს, დედაქალაქში 3 წლიანი ცხოვრების მანძილზე ასეთი თოვლი მისთვის პირველია.

“მანქანით გადაადგილება გამიჭირდა, გზები პარალელურად იწმინდებოდა, მანქანები რომ არ მოცურებულიყო, გზებზე სპეციალურ საშუალებას ყრიდნენ, ჩემი მანქანა ამ ამინდისთვის მზად არ აღმოჩნდა.”

მიუხედავად იმისა, რომ ზამთრის სუსხს სოფო თავართქილაძესზაფხულის სითბო და მზე ურჩევნია,40 სანტიმეტრიანმა თოვლმა წელს ის შვილებთან ერთად ძალიანგაახარა.

“წლევანდელი თოვლი ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, პროგნოზისთვის წინასწარ არ მისმენია, მიუხედავად ამისა, დილით რომ გავიღვიძე გადათეთრებული დამხვდა ირგვლივ ყველაფერი, ბავშვებთან ერთად ჩავიცვით თბილი ტანისამოსი და გარეთ გავედით, საუცხოოდ კარგი განწყობა ქონდა ყველას.”

ამერიკაში საახალწლო განწყობის შექმნაზე პირველად ამინდმა იზრუნა.


XS
SM
MD
LG