ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა სამი ქართველი მოზარდი


სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა სამი ქართველი მოზარდი, ორი 4 ნოემბერს, ხოლო ერთიც ივლისში დაკავებული. 17 წლის ლევან ხმიადაშვილი და 16 წლის ვიქტორ ბუჩუკური 4 ნოემბერს დააკავეს კიდევ ორ ტირძნისელ მოზარდთან გიორგი რომელაშვილთან და ალეკო ცაბაძესთან ერთად. ეს უკანასკნელები ევროპის საბჭოს ადამიანი უფლებათა კომისრის თომას ჰამერბერგის შუამავლობით 2 დეკემბერს გაათავისუფლეს. იმავე დღეს თბილისმა დაკავებული ხუთი ოსი პიროვნება გაათავისუფლა.

გიორგიარჩევაძე, რომელიც ივლისში დაკავების დროს 15 წლის იყო, გუშინ ასევე გაათავისუფლეს ედუარდ კოკოითის ”შეწყალების” აქტის საფუძველზე. კომისარი ჰამერბერგი, რომელიც ამ კვირაში კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში, ცხინვალში 19 დეკემბრის დილიდან იმყოფებოდა. იქ იყო ასევე რუსეთის ომბუდსმენი ვლადიმერ ლუკინიც. სამი ქართველი მოზარდის გათავისუფლების შესახებ პირველი ცნობა ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის პრესსამსახურმა გაავრცელა, დაუკავშირა რა ეს ფაქტი ”წარმატებულ” მოლაპარაკებებს ნოღაიდელსა და სეპარატისტ ლიდერს ედუარდ კოკოითს შორის, რომელიც გუშინ დილით ცხინვალში შედგა.ნოღაიდელის პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ყოფილი პრემიერი კოკოითთან შეხვედრაზე დაკავებული პირების გათავისუფლების საკითხს განიხილავდა.

ოსეთის დეფაქტო ხელისუფლების ოფიციალური ვებ-გვერდი შეხვედრაზე კოკოითის მიერ წარმოთქმულ სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება: ”ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისართან თომას ჰამერბერგთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, სამხრეთ ოსური მხარე მზადაა გაათავისუფლოს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კეთილი ნების ნიშნად”.იმავდროულად, ცხინვალი ასევე იტყობინება, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის რწმუნებული ვლადიმერ ლუკინი, რომელიც ასევე ცხინვალს სტუმრობს, 19 დეკემბერს იმ ოსი მოქალაქეების ნათესავებს შეხვდა, რომლებიც ქართული მხარის მიერ არიან დაკავებული ან დაკარგულებად ითვლებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, მან განაცხადა, რომ სეპარატისტებმა უნდა გამოავლინონ ”კეთილი ნება” და გაათავისუფლონ ორი ქართველი ტირძნისელი მოზარდი, რომლებიც 4 ნოემბერს იქნენ დაკავებულები.ნოღაიდელმა გათავისუფლებული მოზარდები ადმინისტრაციულ საზღვრამდე მოაცილა. მასთან ერთად იყო ასევე თომას ჰამერბერგიც, რომელმაც ერგნეთის საგუშაგოსთან განუცხადა ჟურნალისტებს, რომ გააგრძელებს ძალისხმევას ორივე მხარეს დარჩენილი დაკავებული პირების გასათავისუფლებლად.

ნოღაიდელმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ კოკოითის გადაწყვეტილება სამი მოზარდის გათავისუფლების თაობაზე ”ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან სწორია”.

მმართველი პარტიის დეპუტატები მიესალმებიან და დადებითად აფასებენ ცხინვალში დაკავებული სამი მოზარდის გათავისუფლებას.

”ეს არის შედეგი იმ ზეწოლისა, რომელსაც საქართველო ახორციელებდა რუსეთზე თავის მოკავშირეების საშუალებით, როგორც ევროპული სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლების საშუალებით,”- განაცხადა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობიდან გოკა გაბაშვილმა.


XS
SM
MD
LG