ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსი ლიდერები სტალინის პიროვნებასა და მოღვაწეობას სხვადასხვაგვარად აფასებენ


დეკემბრის დასაწყისში რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა რომ სტალინის დროს საბჭოთა კავშირის გაძლიერება დიდი მსხვერპლის და მილიონობით ადამიანის რეპრესიების ხარჯზე მოხდა.

ამავე დროს პუტინმა თავი აარიდა სტალინის პიროვნების შეფასებას, რადგან ეს მისი თქმით საზოგადოებაში არსებული გარკვეული ჯგუფების გაღიზიანებას გამოიწვევს.

იოსებ ბესარიონის ძე სტალინი 1879 წლის 21 დეკემბერს დაიბადა. მისი მმართველობის დროს მილიონობით ადამიანი იქნა რეპრესირებული. ნობელის პრემიის ლაურეატი ალექსანდრე სოლჟენიცინი აღნიშნავდა რომ სტალინის დროს ათეულობით მილიონი უდანაშაულო ადამიანი დასაჯეს. თუმცა დღეს რუსეთის ახალგაზრდა კომუნისტთა კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრე ბატოვი აცხადებს, რომ ეს ციფრი აშკარად გადაჭარბებულია და იმ ავად სახსენებელ წლებში მხოლოდ ორი მილიონი ადამიანი დაიღუპა. ბატონი ბატოვის განცხადებით ამ ადამიანების უმეტესობა საკუთარი ნებით შეეწირა საბჭოთა კავშირის მრეწველობის განვითარებას და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებას:“ თუმცა იყვნენ სხვაგვარად განწყობილი ადამიანებიც, რომლებიც პირველ რიგში საკუთარ თავზე და საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობდნენ. სწორედ მათ წინააღმდეგ განხორციელდა რეპრესიები.“

საბჭოთა კავშირის დამარსებელი ვლადიმერ ლენინი სტალინს უხეშობაში ადანაშაულებდა. 1956 წელს კი მისმა მემკვიდრემ ნიკიტა ხრუშჩოვმა სტალინის სისასტიკის წინააღმდეგ გაილაშქრა. ხრუშჩოვის იმჟამინდელი მრჩეველი ფიოდორ ბურლატსკი მიიჩნევს, რომ მისმა შეფმა შეცდომა დაუშვა როდესაც სტალინის პიროვნებაზე მიიტანა იერიში, მის მიერ შექმნილი სისტემა კი უცვლელი დატოვა. ეს სისტემა დღესაც წარმატებით მოქმედებს რუსეთში:“ შეხედეთ რუსეთის დღევანდელ ლიდერებს. რომლებიც გასუსული ქვეშევრდომებით გარშემორტყმულნი იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს არ არის საპარლამენტო სისტემა, მათი ამგვარი საქციელი წარსულის გადმონაშთია.“

ფიოდორ ბურლატსკის აზრით საბჭოეთს არ ჰქონდა მომავალი, თუმცა ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგ საბჭოეთი შესაძლოა საპარლამენტო სისტემადაც გარდაქმნილიყო. როგორც ალექსანდრე ბატოვი აცხადებს ძალაუფლების კონცენტრაცია სტალინის ხელში კონტრ-რევოლუციონერებთან ბრძოლის აუცილებლობით იყო გამოწვეული, რამაც შემდეგ ნაცისტურ გერმანისათან ომში გამარჯვებაც განაპირობა. წინააღმდეგ შემთხვევაში საბჭოთა სისტემა დემოკრატიული განვითარების გზით წავიდოდა.

რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადების თანახმად არაფრით არ შეიძლება მილიონობით მსხვერპლის გამართლება. მისი თქმით:“ მე დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის წარმატებული განვითარება და ამბიციები არ შეიძლება იყოს დაკავშირებული უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლთან. ადამიანის სიცოცხლე ყველაზე უფრო მაღალი ღირებულება უნდა იყოს ნებისმიერი სახელმწიფოსათვის.“

ალექსანდრე ბატოვი აცხადებს რომ ბატონ მედვედევს ამ ფარისევლური განცხადებით საზოგადოების ყურადღების გადატანა უნდა იმ გარემოებიდან რომ ყოველწლიურად ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მილიონი ადამიანით მცირდება მოსახლეობის რაოდენობა სიდუხჭირისა და შიმშილის გამო.
XS
SM
MD
LG