ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის წარსული და მომავალი


ზოგჯერ ახალ ამბებს როგორც ისტორიის მოზაიკის პირველ შემადგენელ ნაწილებს ისე მოიხსენიებენ. თუმც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფორმულა რუსეთმა თავდაყირა დააყენა იმით, რომ ისტორიიდან ახალ ამბებს ჰქმნის. 2009 წელი იწურება და თუ თვალს გადავავლებთ ამ წლის განმავლობაში რუსეთში მომხდარ ამბებს ალბათ პირველ რიგში თვალში მოგვხვდება რუსეთის მთავრობის განცხადებები რუსეთის ბრწყინვალე წარსულის თაობაზე და იმაზე, რომ თუ ვინმეეჭვქვეშ დააყენებს ამ დიდებულ წარსულს მას სასჯელი არ ასცდება. ამერიკის ხმის მოსკოველი კორესპონდენტი პიტერ ფედინსკი მის ნარკვევში ეხება არა იმდენად იმას,თუ რა მოვლენებს ჰქონდა ადგილი რუსეთის ისტორიაში, არამედ იმას, თუ რა მიმართულებით ვითარდება მისი ისტორია.

მიმდინარე წელს რუსეთში პოლტავასთან შვედეთზე გამარჯვების 300 წლისთავი აღნიშნეს. სწორედ ამ გამარჯვების შედეგად რუსეთი გახდა ჩრდილოეთ ევროპის წამყვანი სახელმწიფო. 70 წლის წინ ხელი მოეწერა მოლოტოვ-რიბენტროპის თავდაუსხმელობის პაქტს, რომლის ძალითაც ევროპა საბჭოთა კავშირiსა და გერმანიის გავლენის სფეროებად დაიყო. ამ პაქტზე ხელის მოწერიდან ერთ კვირაში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. 1989 წელს კი ბერლინის კედელი დაინგრა. პოლტავის გამარჯვების შემდეგ უკრაინა რუსეთის იმპერიაში იქნა შეყვანილი. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტს კი მოჰყვა ბალტიისპირეთის ქვეყნების ანექსია საბჭოთა კავშირის მიერ. ხოლო კრემლის მესვეურების მიერ ბერლინის კედლის აგების მიზანი კი იყო რკინის ფარდის საბჭოთა მხარეს ხალხის დასავლეთისგან იზოლირება. ამა წლის ივნისში მოსკოვში პოლტავის გამარჯვებისადმი მიძღვნილ სიმპოზიუმზე რუსი ისტორიკოსები გამალებით ამტკიცებდნენ იმას, რომ თურმე რუსეთმა უკრაინელები შვედებისაგან გაათავისუფლა. კრემლი დღესაც ამტკიცებს იმას, რომ საბჭოთა არმიამ ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ხალხები ნაცისტების ტირანიისაგან გაათავისუფლა. ამერიკის ხმასთან საუბარში ამ საკითხზე ესტონელმა ისტორიკოსმა მეელის მარიტუუმ შემდეგი შენიშვნა გააკეთა:

-„ამ საკითხს ესტონელები და აღმოსავლეთ ევროპის სხვა ხალხები თუ შეიძლება ასე ითქვას, თავისებურად აღიქვავენ, რადგანაც განდევნეს რა ნაცისტები ესტონეთიდან საბჭოთა არმიელებმა რატომღაც აღარ მოინდომეს ესტონეთის დატოვება.“

ჩვენი რესპონდენტის აზრით მაშინვე უნდა მოეყვანათ ხელისუფლების სათავეში ის მთავრობა, რომელიც 1940 წელს ესტონეთის საბჭოთა ოკუპაციის შედეგად დაამხეს. ამის მაგივრად კი კრემლმა ხიშტებით მოიყვანა ესტონეთის მართვის სადავეებთან კომუნისტური მთავრობა, რომელიც მთელი კომუნისტური ხანის განმავლობაში რეპრესიული მეთოდებით მართავდა ქვეყანას. მარიტუ ამჟამად მუშაობს ოკუპაციის მუზეუმში, რომელიც ტალინშია განლაგებული. საგულისხმოა, რომ რუსეთის მთავრობამ მიმდინარე წელს კანონპროექტი წამოაყენა პარლამენტში, რომელშიც ბოროტმოქმედებად ცხადდება მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. იმ უცხოელებს, რომლებსაც დამნაშავედ სცნობენ ამ დანაშაულში რუსეთის ვიზაზე უარს ეტყვიან. მაისში რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გამოაცხადა სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ, რომელიც იბრძოლებს, როგორც მან თქვა, ისტორიის გამყალბებლების წინააღმდეგ. უკრაინელი ისტორიკოსი სერჰი სტელმახი კიევში შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსეთის ისტორიის კათედრის წევრია. როგორც მან თქვა რუსეთში ისტორიის პოლიტიზირებას აქვს ადგილი და ამას ხელს უწყობს რამოდენიმე ფაქტორი. ამის მაგალითად მან მოიყვანა მეორე მსოფლიო ომის საბჭოთა ვეტერანები, რომლებიც პოლიტიკური ხასიათის ზეწოლას ახდენენ ისტორიკოსებზე, რათა მათ უარყოფითად არ წარმოაჩინონ საბჭოთა კავშირის მონაწილეობა მეორე მსოფლიო ომში. ამას გარდა კრემლს საკუთარი ინტერესები ამოძრავებს ზემოთხსენებული კომისიის შექმნაში. მან კერძოდ თქვა:

-„ეს კომისია ცენზურის ინსტრუმენტია, რომლის მიზანია რუსეთის დღევანდელი მთავრობის ლეგიტიმიზირება. მისვე თქმით სამწუხაროდ პოსტ-საბჭოთა სახემწიფოებმა რუსეთისა და უკრაინის ჩათვლით შეინარჩუნეს საბჭოური მექანიზმი, როდესაც სახელმწიფო აფინანსებს ისტორიკოსებს.“

საგულისხმოა, რომ კრემლის კომისიაში შედიან უშიშროების ფედერალური სამსახურის, დაზვერვისა და პარლამენტის წევრები, რაც მარიტუუს აზრით ყურადსაღები ფაქტი უნდა იყოს ყველა ისტორიკოსისათვის. მისი თქმით:

-„მკვეთრად უნდა იყოს გამიჯნული ისტორია და პოლიტიკა. ამ კომისიის შემადგენლობა კი აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ მისი წევრები პოლიტიკით არიან დაკავებულები და ისტორიულ ფაქტებს საკუთარი არსებობის გამართლებისათვის იყენებენ.“

რუსეთის განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ უკრაინელები პატივს მიაგებენ იმ ვეტერანებს, რომლებიც საბჭოთა არმიის წინააღმდეგ იბრძოდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ მათ თავისუფლებისთვის მებრძოლები უწოდა, თუმც რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ამტკიცებს, რომ ისინი მისივე სიტყვებით „ფაშისტებთან კოლაბორაციონისტები იყვნენ“.

ისტორიკოსებს შორის აზრთა დიდი სხვაობაა იოსებ სტალინის პიროვნების ირგვლივ. მიუხედავად იმისა, რომ სტალნმა მილიონობით საკუთარი მოქალაქე გაწყვიტა, პუტინმა ამას წინად გაკეთებულ განცხადებაში, მართალია აღიარა სტალინის მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედება, მაგრამ აღნიშნა, რომ სტალინის პიროვნება სწორ ისტორიულ პერსპექტივაში უნდა იქნას აღქმული.

უკრაინაში, საქართველოში და ლატვიაში ესტონეთის მსგავსად გაიხსნა ოკუპაციის მუზეუმები. სერჰი სტელმახის აზრით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც რუსეთის უკმაყოფილების მიუხედავად საკუთარ ისტორიას ქმნიან:

-„საკმარისია გადავხედოთ სკოლის სახელმძღვანელოებს, რომლებიც უკრაინაში, ბალტიისპირეთისა და სხვა პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებში გამოდის ნათლად დავინახავთ იმას, რომ ადგილი აქვს მცდელობას თავი რაც შეიძლება შორს დაიჭირონ რუსეთისაგან. ეს განსაკუთრებით აშკარად გამოსჭვივის ისტორიის სახელმძღვანელოებში. ისტორიკოსები ჩივიან იმის თაობაზე, რომ რუსეთმა გაამკაცრა დაშვება არქივებში, სადაც ინახება მასალები საბჭოთა კავშირის წარსულის შესახებ. თუმც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისსტრო დრო და დრო აქვეყნებს მისთვის საჭირო საარქივო დოკუმენტებს, რომლებიც ისტორიის კრემლისეულ ვერსიას ამაგრებს. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს სულ უფრო მეტი ისტორიკოსი, მათ შორის რუსი ისტორიკოსებიც აქვეყნებენ გამოკვლევებს, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება კრემლის ოფიციალური ისტორიისაგან.

სულ უფრო მეტი ისტორიკოსი აცხადებს, რომ რუსეთის ეროვნული ერთობა შეუძლებელია ემყარებოდეს ისტორიულ მონაჭორებს. რუსეთის ეროვნული ერთობის დუღაბი სიმართლე უნდა იყოს.

XS
SM
MD
LG