ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თაიგერ ვუდსს  მთავარი სპონსორი ტოვებს


გლობალური საკონსულტაციო ფირმის „ექსენჩურის“ განცხადებით, მსოფლიოში განთქმული გოლფის ვარსკვლავი თაიგერ ვუდსი „აღარ წარმოადგენს ფირმის შესაბამის წარმომადგენელს“ და მიღებულია გადაწყვეტილება ვუდსთან ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ. ამას გარდა კორპორაცია „ჟილეტმა“ აგრეთვე მიიღო გადაწყვეტილება საკუთარი სარეკლამო კამპანიიდან თაიგერ ვუდსის გამოთიშვის შესახებ მას შემდეგ რაც გოლფის ვარკსვლავის პირადი ცხოვრების ირგვლივ სკანდალი გაჩაღდა.

საკონსულტაციო ფირმის „ექსენჩურის“ სარეკლამო განცხადებაში ნათქვამია, რომ შემდგომ ნაბიჯებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ამჟამად ეს მოწოდება შეიძლება მივიღოთ როგორც პირდაპირი გაფრთხილება თაიგერ ვუდსისთვის. „ექსენჩურმა,“ როგორც ჩანს, უკვე მიიღო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. გლობალურმა საკონსულტაციო ფირმამ ვუდსთან დადებული ექვსწლიანი სარეკლამო კონტრაქტი გააუქმა.


მსოფლიოში ყველაზე მაღალი ანაზღაურების მქონე სპორტსმენმა გასულ კვირას აღიარა, რომ იგი ცოლს ღალატობდა და განაცხადა, რომ პროფესიულ გოლფს განუსაზღვრელი დროით ტოვებს რათა დანგრევას გადაარჩინოს ოჯახი. ამ აღიარებას მოჰყვა რამოდენიმე ქალბატონის განცხადებები იმის თაობაზე, რომ მათ თაიგერ ვუდსთან თითქოსდა სქესობრივი კავშირი ჰქონდათ. მედიის გამოანგარიშებით თაიგერ ვუდსის წასვლა გოლფის ინდუსტრიას 591 მილიონი დოლარით დააზარალებს. ამასთან დაკავშირებით გოლფის ბრიტანელმა მიმომხილველმა მაქს კლიფორდმა განაცხადა:


„გოლფს თაიგერ ვუდსი უფრო სჭირდება, ვიდრე თაიგერ ვუდს გოლფი.“ ამ შენიშვნას ფაქტები ადასტურებს. ოქტომბერში ჟურნალმა „ფორბსმა“ თაიგერ ვუდსი პირველ სპორტსმენად დაასახელა, რომლის სიმდიდრე ერთ მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ვუდსის ყოველწლიური ფინანსური მოგება 110 მილიონ დოლარს უტოლდება. ამ თანხის ერთი მეოთხედი გოლფის მატჩებიდან შემოდის, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებში მონაწილეობისგან.


პროფესიონალი გოლფის სპორტსმენის ჯონ დეილის აზრით, ვუდსი გოლფს უნდა დაუბრუნდეს. მისი თქმით: „გოლფს იგი სჭირდება. ამ რთული ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე გოლფის შეჯიბრების ჩატარების მიზნით მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვეძებთ სპონსორებს. თაიგერ ვუდსის გარეშე ჩვენი ამოცანა მნიშვნელოვნად გართულდება.“


საკონსულტაციო ფირმის „ექსენჩურის“ გარდა, კორპორაცია „ჟილეტმა“ გადაწყვიტა შეზღუდოს ვუდსის როლი მასთან ხუთ მილიონ დოლარად შეფასებულ წლიურ კონტრაქტში. ხოლო კომპანია „ეი თი ენდ თი“ ამჟამადაკვირდება თაიგერ ვუდსთან არსებულ ურთიერთობას. ფინანსურ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ხსენებული კორპორაციების გადაწყვეტილებებს შეიძლება სხვა ფირმების ჯაჭვური რეაქცია მოჰყვეს. ჟურნალ „ედვერტაიზინგ ედჯის“ მთავარი რედაქტორის ბობ გარფილდის თქმით არ არის გამორიცხული, რომ ვუდსის ამ შვებულების მანძილზე კორპორაციებმა საერთოდ გაწყვიტონ მასთან კავშირი. ხოლო ამის შედეგი გოლფის ინდუსტრიის წარუმატებლობა იქნება.

XS
SM
MD
LG