ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უცხოური პრესის მიმოხილვა:


უცხოური პრესის მიმოხილვას ვიწყებთ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სტატიით „რატომ აგზავნის შეიარაღებულ ძალებს საქართველო ავღანეთში,“ რომელიც ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ 14 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა. სტატიაში ვკითხულობთ:

„მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ობამამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ავღანეთში ჩვენი საერთო მისიის მნიშვნელობას, ნატოს წევრებმა და სხვა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება დამატებითი 7,000 ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ. ჩემი ქვეყანა, საქართველო, ამ რიცხვიდან 1,000-ზე ოდნავ ნაკლებს აგზავნის იქ. როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა აღნიშნა, ამ წვლილის გამო, თუ გავითვალისწინებთ ავღანეთში ნატოს ოპერაციაში მონაწილე მეომრების რიცხვის შეფარდებას ქვეყნის ერთ სულ მოსახლეზე, საქართველოს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი აღმოჩნდება.

ეს არ არის ადვილი პატარა ერისთვის, რომლის მთლიანი მოსახლეობა 4.7 მილიონს შეადგენს. ჩვენმა ეკონომიკამ მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა გლობალური ეკონომიკური კრიზისის გამო. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველო ცდილობს გაუმკლავდეს გასულ წელს მომხდარი სამხედრო ანექსიის შედეგებს, რაც ათასობით საქართველოს მოქალაქის ეთნიკურ წმენდასა და საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20 პროცენტის უკანონო ოკუპაციაში გამოიხატა.

მართალია საქართველო ნატოს წევრი არ არის და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კარგად გვესმის, რომ გაწევრიანების პროცესი შეიძლება ხანგრძლივი აღმოჩნდეს, ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას გამოვთქვამთ შეერთებული შტატებისა და ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის მიზნებისა და ფასეულობების მიმართ. მაგრამ ეს ჩვენ ცარიელი რიტორიკისა ან ფუჭი დამოკიდებულის უფლებას როდი გვაძლევს. ამ თანამეგორბობის წევრობა ჩვენი პატარა ქვეყნისთვის უპირველეს ყოვლისა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ საერთო უშიშროებაში.

სწორედ ამიტომ ჩვენ ვაგზავნით საკმაოდ მნიშვნელოვან ძალებს - ერთ ბატალიონსა და ორ მსუბუქ ასეულს - სხვადასხვა სამხედრო მისიებსა თუ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობისთვის ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. დაახლოებით 800 ჯარისკაცი დისლოცირებული იქნება შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითებთან ერთად ჰელმანდის პროვინციაში, სადაც ყველაზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს.

ერებს შორის კავშირების განმტკიცება მაშინ არის დასაფასებელი, როცა მდგომარეობა რთულია და ეს აუცილებლობით არის ნაკარნახევი. საქართველო მადლიერებას გამოთქვამს ბოლო წლების მანძილზე შეერთებული შტატებისა და ევროპის მხარდაჭერის გამო.

ახლა ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენ თქვენთან ერთად ვიდგებით და ვიბრძოლებთ.“

გაზეთ „უოლ სტრით ჯორნალში“ 14 დეკემბერს გამოქვეყნდა სამანტა შილდსის სტატია სათაურით „რუსეთის გავლენა აფხაზეთში იზრდება,“ რომელშიც ვკითხულობთ:

„რუსეთი თანდათან აძლიერებს საკუთარ სამხედრო და ეკონომიკურ გავლენას აფხაზეთზე გასული წლის ხანმოკლე ომის შემდეგ რომლის შედეგადაც საქართველომ დაკარგა ეს ძალიან პატარა მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შავი ზღვისპირა რეგიონი.

აფხაზეთის ოფიციალური პირები გამუდმებით ამტკიცებენ, რომ ვებერთელა მეზობელი არ აპირებს ამ რეგიონის ანექსიას და რომ რუსეთი სცნობს აფხაზეთის ავტონომიას. მაგრამ ორივე მხარე აღიარებს, რომ რუსეთის დახმარებისა და დაცვის გარეშე აფხაზეთი ვერ გადარჩებოდა.

ამჟამად 3,000 რუსი ჯარისკაცია დისლოცირებული აფხაზეთში, რომელიც ძირითადად კარვებისგან შემდგარ სამხედრო ბაზაზეა განლაგებული გუდაუთაში სოხუმისგან ჩრდილოდასავლეთით 37 კილომეტრის დაშორებით. რუსეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლის თანახმად, იგეგმება იქ დამატებითი 1,800 რუსი ჯარისკაცის ჩასვლა მომავალი წლის მანძილზე, აღნიშნავს აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის მოადგილე გარი კუპალბა.

კიდევ ერთი სანაპირო დაცვის ხომალდი შევა ოჩამჩირის აკვატორიაში დეკემბრის ბოლომდე და, როგორც რუსეთის ელჩი აფხაზეთში სემიონ გრიგორიევი აღნიშნავს, ორ-სამ წელიწადში გუდაუთაში შეიქმნება რუსული სამხედრო ბაზა, რომელიც აღჭურვილი იქნება მუდმივი ინფრასტრუქტურითა და საერთო საცხოვრებლით.“


XS
SM
MD
LG