ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზარდიაანთკარი - ბუფერული სოფელი


გორის რაიონის სოფელი ზარდიაანთკარი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მდებარეობს. აგვისტოს ომის შემდეგ, იგი მოსახლეობისგან დაიცალა. ოფიციალურად, სოფელს ქართული მხარე აკონტროლებს, თუმცა რეალურად, ეს ასე არაა. ზარდიაანთკარში დღემდე გაურკვეველი წარმომავლობის კრიმინალური ჯგუფები მოძრაობენ, რის გამოც ქართული პოლიცია სოფელში ვერ შედის.

ზარდიაანთკარი გამონაკლის შემთხვევად იმიტომაც შეიძლება განიხილოს, რომ იგი გორის რაიონის სოფელია. ოფიციალური განცხადებები, რაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან კეთებოდა და რითაც ახალგორის რაიონისა და ომის შემდეგ ოკუპირებული სხვა ქართული სოფლების მიტაცება „აიხსნა," ეყრდნობოდა მტკიცებულებას, რომ მათ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი „ისტორიულ საზღვრებში" აღადგინეს. თუმცა ზარდიაანთკარი არანაირად არ ჯდება ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, ის გორის რაიონის ერთ-ერთი სოფელია. ზარდიაანთკარიდან წამოსული ერთ-ერთი ქალბატონი დღეს გორის მე-6 საბავშვო ბაღში ცხოვრობს. იგი ამბობს: „გვეშინია და ამიტომ ვერ შევდივართ სოფელში. პირადად მე შემემთხვა ასეთი რამ. ასული ვიყავი ჩემი სახლის მეორე სართულზე ზარდიაანთკარში. უცებ, რაღაც ხმა გავიგონე, ჩამოვიხედე ქვემოთ და იარაღი მომიშვირეს. ოთხი ოსი იყო, მოკვლას მიპირებდნენ. მე ვუთხარი, შვილო, ოღონდაც არ მომკლათ, რა დაგიშავეთ-მეთქი და როგორღაც გამომიშვეს. ახლა, 2009 წლის 14 თუ 15 მარტს მოხდა ეს ამბავი. ომის შევდეგ შევდიოდით, ოღონდ ჩუმად. აბა როგორ მომითმენდა გული, 15 წლის რაც გავხდი, მას შემდეგ იქ ვცხოვრობდი, იქ ვშრომობდი, ჩემი წვალება და შრომა მენანებოდა. პოლიცია გვიკრძალავდა, მაგრამ მაინც ჩუმად, ბაღების გავლით ვიპარებოდით. ახლა კი საერთოდ ვერ ვახერხებთ იქით გადასვლას შიშის გამო. რომ მომასწრონ და შეურაცხყოფა მომაყენონ, მერე რაღა ვქნა?! მე ვინ მეტყვის ჩვენია თუ ოსებისაა ეს სოფელი? არ კონტროლდება. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ იქიდან წამოსვლისას ჩვენებმა გესროლონ და მოგკლან, რადგან ოსი ეგონო. არაფერი მაკლდა ცხოვრებაში, მაგრამ ახლა აღარაფერი მაქვს. ხელისუფლება კიდევ ყოველდღე გვატყუებს, დაცვას გადავწევ, საზღვარს გადავწევო, მაგრამ წელიწად ნახევარია ასე ლაპარაკობენ,"- ამბობს ზარდიაანთკარელი ქალბატონი.

გარდა იმისა, რომ ზარდიაანთკარელები საკუთარ სახლებში ვერ შედიან, მათ სხვა პრობლემაც აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ომის შემდეგ წელიწადი და სამი თვე გავიდა, სახელმწიფომ დღემდე ვერ გადაწყვიტა, რა კატეგორიას უნდა მიაკუთვნოს ეს ხალხი. მათთვის დევნილის სტატუსის მიცემის პროცესი იწელება, რადგან ტერიტორიას, ოფიციალურად საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებს და რთულია ახსნა, რატომაა დევნილი მასზე მცხოვრები ადამიანი. რეალურად, ოჯახები, რომელთა რაიდენობა 114-ს აღწევს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მონაცემებით, ანალოგიური პრობლემის წინაშე დგანან. მათი უმეტესობა გორში, საბავშვო ბაღის შენობებში არიან განთავსებულნი. ხელისუფლება არ ცნობს მათ დევნილებად და ვერ ანიჭებს შესაბამის სტატუსს, რადგან მათ სახლები ქართული მხარის მიერ კონტროლირებად სოფლებში აქვთ, თუმცა რეალურად, ეს ადამიანები ცხოვრობენ ისე, როგორც ნამდვილი დევნილები, მხოლოდ სპეციალური შემწეობის გარეშე. გორის რაიონის გამგებელი დავით ხმიადაშვილი ამბობს, რომ „ჯერ-ჯერობით ვერ შედიან, მაგრამ არის მოლაპარაკება და შეიძლება გადაიწიოს საზღვარმა ზარდიაანთკარის მიმართულებით. თუ ასე მოხდა, სახლებს ავუშენებთ ამ მოსახლეობას და შევასახლებთ. თუ არა და რაღაც კომპენსაციას მივცემთ,"- ამბობს გორის რაიონის გამგებელი დავით ხმიადაშვილი (საუბარია 10 ათასი ლარის კომპენსაციის გაცემაზე ადგილობრივი გამგეობის მხრიდან, თუმცა ეს საკითხი არაა საბოლოოდ გადაწყვეტილი).

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისმა ამ თემას სპეციალური ფილმი მიუძღვნა. ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ამბობს: „ეს სოფლები არ მდებარეობს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში, ესაა გორის რაიონის სოფლები, სადაც ადამიანები ვერ ცხოვრობენ და შეზღუდულია მათი გადაადგილების თავსუფლება. რადგან ვერ ბრუნდებიან, ისინი დროებითად, ასე ვთქვათ, სამადლოდ არიან საბავშვო ბაღებში, მანამ არ მოხდება განსახლების საკითხთა გადაწყვეტა".

ფილმში ტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანის პოზიციაცაა დაფიქსირებული ამ თემის შესახებ. იგი ამბობს:"ისინი თუ დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში, რა თქმა უნდა დევნილები აღარ იქნებიან, თუ არ დაბრუნდებიან, უნდა დაადასტურონ, რომ ვერ ბრუნდებიან რაღაც საშიშროების გამო. ჩვენ ამას მივიღებთ საფუძვლად და ისინი იქნებიან იძულებით გადაადგილებული პირები. მხოლოდ ისე არ გამოვა, რომ იქითაც იყვნენ და აქეთაც,"- აცხადებს კობა სუბელიანი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ გამართული ფილმის პრეზენტაციას გორში ზარდიაანთკარელებიც დასწრნენ. ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსინაჟია 19 წლის თამარ გაბნიშვილი, რომელიც ამჯამად გორში, ერთ-ერთი საბავშვო ბაღის შენობაში ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ მოსახლეობა საკუთარი სახლისთვის თვალის შევლების მიზნით ხშირად არ ერიდება რისკის ქვეშ სიცოცხლის დაყენებას. მთელი სიცოცხლის ნაამაგარის ნახვის სურვილი იმდენად დიდია, რომ ხალხი უკონტროლო ტერიტორიაზე ჩუმად მაინც იპარება ისე, რომ ოსურ მილიციასაც ემალება და ქართულ პოლიციასაც, რომელიც უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, იქ შესვლას უკრძალავს მშვიდობიან მოსახლეობას. გაბნიშვილების ოჯახს ზარდიაანთკარში წასვლის მიზეზად სახლი აღარ აქვს, ის ომის შემდეგ გადაწვეს. „კარვებში ყოფნის დროს მამაჩემი იპარებოდა ჩუმად და შედიოდა სოფელში. მართალია ჩვენი პოლიცია არ დადიოდა და არ აკონტროლებდა ზარდიაანთკარს, მაგრამ სახლის სანახავად მაინც მიდიოდა. საფრთხე იყო, რომ დაწვავდნენ ჩვენს სახლს და მამაჩემი თითქოს მის დაცვას ცდილობდა, თუმცა ჩვენი სახლი 22 სექტემბრის საღამოს ოსებმა მაინც გადაწვეს. როდესაც ოფიციალურად ცდილობ ზარდიაანთკარში შესვლას, პოლიცია გიკრძალავს. ერთხელ ისიც გვითხრეს, თუ შენ მაინც შეხვალ, შეიძლება ჩვენმა პოლიციამაც კი გესროლოს, რადგან ვერ გაარკვევენ, მათიანი ხარ თუ ჩვენიანიო. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სოფელი გორის რაიონია, არ აღიარებდნენ დაკარგულ ტერიტორიად. გამგეობაში მამაჩემი რამდენჯერაც მივიდა, პასუხობდნენ, საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა რუსებისაა თუ ჩვენი, ჯერ გასარკვევიაო. ამის გამო დღემდე არც ლტოლვილის სტატუსი არ მოუციათ, არც კომპენსაცია, არც სახლებს გვაძლევენ, არც კოტეჯები აუშენებიათ ჩვენთვის,"- ამბობს თამარ გაბნიშვილი.


XS
SM
MD
LG