ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რეპორტაჟი გორიდან: 12 დეკემბრის მოლოდინში


ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში განსაკუთრებულად ელიან 12 დეკემბერს. დღეს, როდესაც ოსური მხარის დანაპირები უნდა შესრულდეს და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მოზარდები ქართულ მხარეს გადმოეცეს. ამ თემასთან დაკავშირებით, მოვლენების განვითარების სხვადასხვაგვარი ვარიანტები განიხილება ქართულ საზოგადოებაში. პირველი და ყველაზე მყარი, მათ შორის არის ხელისუფლების პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ ქართული მხარის მიერ ყველა დაპირება შესრულებულია და ახლა ჯერი დე-ფაქტო ხელისუფლებაზე და მათ მიერ აღებული ვალდებულების შესრულებაზეა.

2 დეკემბერს, ევროკომისარი თომას ჰამარბერგი ცხინვალს კიდევ ერთხელ ესტუმრა და ქართული მხარის მიერ დაკავებული ხუთი ოსი ეროვნების ადამიანი ჩაიყვანა ცხინვალში: კაზიევი, ელოევი, ლალიევი და ძმები ტეხოვები. ამ აქტის სანაცვლოდ, რასაც საქართველოს ხელისუფლება გაცვლას არ არქმევს, ევროკომისარმა იმავე დღეს წამოიყვანა ცხინვალის ციხეში იყოფი ორი ტირძნისელი მოზარდი, 14 წლის გიორგი რომელაშვილი და ალეკო ცაბაძე. იმავე საღამოს გაჟღერებული პირობის თანახმად, ცხინვალის ციხეში დარჩენილი კიდევ ორი მოზარდი, 16 წლის ვიქტორ ბუჩუკური და 17 წლის ლევან ხმიადაშვილი 10 დღის შემდეგ, ანუ 12 დეკემბერს უნდა გამოვიდნენ ციხიდან.

ამასობაში კი ცხინვალში დარჩენილი მოზარდების ოჯახის წევრებს თითქმის ყოველდღე უკავშირდებიან ცხინვალიდან და სთხოვენ დახმარებას და თანამშრომლობას ანალოგიური პრობლემის გადაჭრაში. ხუგაევი, ხაჩიროვი და პლიევი ის დაკარგული ახალგზრდები არიან, რომელთა კვალს დღემდე ვერავინ ვერ მიაგნო. ლევან ხმიადაშვილის დედა, სოფიო ხმიადაშვილი აცხადებს, რომ მას ტელეფონით სწორედ 16 წლის ხაჩიროვის დედა და მამიდა უკავშირდებიან და სთხოვენ დახმარებას შვილის მოძიების საქმეში.

„ცხინვალიდან გვიკავშირდება ქალბატონი, რომელიც ითხოვს ბავშვების განთავისუფლებას. სახელებიც გვითხრა ხაჩიროვი ალანა, ხუბაევი ალანა და კიდევ ვინმე თადეევი. ხაჩიროვი 16 წლისაა, დანარჩენები უფროსები არიან. ამ ქალბატონმა გვითხრა, რომ თქვენი ბავშვები იმ შემთხვევაში განთავისუფლდებიან, თუ ჩვენს ბავშვებსაც გამოუშვებენო. რა წამს ჩვენები განთავისუფლდებიან, იმავე წამს თქვენებს გამოვუშვებთო. ეს ქალბატონი კიდევ ითხოვს ჩვენთან შეხვედრას. გვირეკავს გამუდმებით და სულ იმას გვეუბნება, დავსხდეთ პირისპირ და ვისაუბროთო. მეუბნება, მე რა დავაშავე, მეც ხომ დედა ვარ, დღემდე არ ვიცი ჩემი შვილი ცოცხალია თუ მკვდარი, იქნებ თქვენ მაინც დამეხმაროთ და გამაგებინოთ, შემატყობინოთ რამეო. ჩვენთან, ცხინვალში ამბობენ, ხან შავ მუშად ამუშავებენ, ხან ერთ ციხეში ყავთ, ხან მეორეში, მაგრამ დანამდვილებით სადაა არ ვიცითო. მე ვუთხარი, მე რა შემიძლია, როგორ შევძლებ თქვენს დახმარებას, მეც თქვენნარი დედა ვარ და მეტი არაფერი–მეთქი. ომიანობის დროს გაუჩინარებულან ის ბავშვები, მას შემდეგ წელიწადზე მეტია გასული. თხუთმეტი წლის ყოფილა ეს ხაჩიროვი მაშინ თექვსმეტი წელი ახლა შესრულებია,"– ამბობს სოფიო ხმიადაშვილი.

ხუგაევი, ხაჩიროვი და პლიევი აგვისტოს ომის შემდეგ გაუჩინარდნენ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი შოთა უტიაშვილი აცხადებს, მას შემდეგ, მათ კვალს ქართულმა მხარემ ვერ მიაგნო.

პარალელურად, პოპულარულ საიტ Youtube-ზე დაიდო მასალსა, სადაც დაკარგული ოსი ახალგაზრდები ჩანან.

უტიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენჯერმე შესთავაზა თანამშრომლობა ცხინვალის შესაბამის სტრუქტურებს, რათა ერთობლოვად დაედგინათ სად და რა ვითარებაში ჩაიწერა ეს ვიდეო, თუმცა ამაზე ოსური მხრიდან თანხმობა ვერ მიიღეს. „ეგ სამი ადამიანი ჩვენ არ დაგვიკავებია. ისინი ომის დროს დაიკარგნენ, უფრო სწორად, ოქტომბერში. მას შემდეგ ვერც ოსებმა და ვერც ჩვენ მათ კვალს ვერ მივაგენით და როგორ გადავცემთ? ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოს რაც შეეხება, ჩვენ მისი წარმოშობა ვერ დავადგინეთ. ოსები არ ამბობენ საიდან აქვთ ეს ვიდეო. მასში არ ჩანს სად არიან ეს ადამიანები. ველოდებით, ორი ბავშვისა და 6 ლამისყანელის გადმოცემას უახლოეს დღეებში. ჩვენ ჩვენი ყველანაირი პირობა შევასრულეთ, ახლა დროა ევროსაბჭოს კომისარმა ჰამარბერგმა შეასრულოს თავისი პირობა. ჩვენ არავის არ ვუკრძალავთ შეხვედრას ჩვენი პოლიციის თანამშრომლებთან. ეს მშობლებიც არაერთხელ შეხვდნენ მათ. ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენთან საქმე აღძრულია ამ სამი ახალგაზრდის გაუჩინარების ფაქტზე და ვიძიებთ მას. მხოლოდ სამწუხარო ისაა, რომ ოსები არ თანამშრომლობენ ჩვენთან, რაც ხელს უშლის გამოძიების ეფექტურობას,"– ამბობს შოთა უტიაშვილი.

ცხინვალის ციხეში ამ დრომდე კვლავ რჩება. კიდევ ერთი მოზარდი, სოფელ ბელოთიდან დევნილი გიორგი არჩუაძე. სამინისტროში აცხადებენ, რომ მართალია კონკრეტული შედეგი ჯერ არაა, მაგრამ მის დასახსნელად მუშაობა მიმდინარეობს. შოთა უტიაშვილი: „ამ ბავშვთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა ამჟამად რაიმე კონკრეტული შეთანხმება ოსურ მხარესთან მიღწეული არაა."

ქართული და ოსური ოჯახები იდენტური პრობლემების წინაში დგანან, გაუჩინარებულ არასრულწლოვანებს ელიან.

XS
SM
MD
LG