ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ყოფილი ელჩი ნატოში მედვედევის ახალ სტრატეგიას აფასებს


რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ეუთოსა და ნატოს მინისტერიალის სამიტზე წარმოდგენილ ქვეყნებს ევროპის ახალი უშიშროების გეგმა წარუდგინა. ევროპის ეგრეთ წოდებული „უშიშროების ახალი არქიტექტურის" შესახებ განცხადება მედვედევმა პირველად 2008 წლის ივლისში, ხელისუფლებაში მოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ გააკეთა. წელიწადზე მეტია საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთის ფედერაციის შემოთავაზებას ელოდება. ბრიუსელში გასულ კვირას გაკეთებულმა განცხადებამ, ევროპელების ნაწილი გაააკვირვა, ნაწილს კი რუსეთის მიმართ სკეპტიციზმი გაუჩინა.

მედვედევის წინადადებასთან დაკავშირებით ნატოში ამერიკის ყოფილ ელჩ კურტ ვოკერს ვესაუბრეთ.

ბატონი ვოკერი მიიჩნევს, რომ მედვედევის განცხადებამ მსოფლიო საზოგადოებას ახალი ვერაფერი უთხრა. დაახლებით ერთი წლის წინ პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპული უშიშროების ახალ მოდელს იმუშავებდა.

„მაშინ ბევრი ჩვენთაგანი ფიქრობდა იმას თუ რისი შეცვლა იყო შესაძლებელი, რა იყო ისეთი რაც შეიძლებოდა შეცვლილიყო, რადგანაც ის უშიშროების მექანიზმები, რომლებიც ევროპაში უკვე დიდი ხანია მოქმედებს ყველასთვის მისაღები და დამაკმაყოფილებელი იყო. შემდეგ გამოვიდა ეს ახალი შემოთავაზება, რომელიც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში თუ რომელიმე ქვეყანა რამე ისეთს გააკეთებს, რაც სხვა სახელმწიფომ შეიძლება საფრთხედ აღიქვას, ამის შესახებ ყველა მონაწილე ქვეყანა უნდა შეიკრიბოს და ამ ერთი ქვეყნის მოქმედება განიხილოს. "

ერთის მხრივ, ეს მისაღები კონცეფციაა, რადგანაც საერთო ჯამში ის სტაბილურობასა და თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ხოლო მეორეს მხრივ, გაურკვეველია კონკრეტულად რას გულისხმობს ეს საფრთხე და განხილვები. მაგალითად თუ ნატოს სამხედრო სავარჯიშოს ან წვრთნების ჩატარება სურს, უნდა დაიცვას ალიანსმა ეს სურვილი, თუ საერთოდ არ უნდა ჩაატაროს ის?

დასავლეთს ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მიმართ ნდობა შეერყა. განსაკუთრებით კი საქართველოსთან ომის შემდეგ. რუსეთმა სუვერენული სახლემწიფოს ორი ნაწილი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყანად აღიარა. ამან, ცხადია ეჭვი დაბადა იმის თაობაზე, თუ რამდენად გამართლებულად იყენებს რუსეთი სამხედრო ძალას.

„ჩვენ გვსურს რუსეთისგან გავიგოთ აპირებს თუ არა ის ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენთან საუბარს. არ მგონია რუსეთი იმას ელოდეს, რომ ევროპის ქვეყნები შეიკრიბებიან და მედვედევის შემოთავაზების ტექსტს ერთხმად მიიღებენ. მე ვფიქრობ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო წნეხის ქვეშ მოექცა, რის შედეგადაც რაღაც სახის დოკუმენტი უნდა ეწარმოებინათ და მათ ეს დოკუმენტი შეიმუშავეს. "

ამ დოკუმენტის ლოგიკური განცხადება ის იქნება, რომ ეუთომ და რუსეთმა გამართონ დიალოგი თითოეული პუნქტის შესახებ და დეტალურად დაადგინონ თუ რას გულისხმობს მოსკოვი და რა არის შემოთავაზების ზოგადი დანიშნულება.

მედვედევის განცხადება ევროპაში ბევრმა ნატოს წინააღმდეგ მიმართულ გამოწვევად მიიღო. ამასთან ერთად, შემოთავაზების გამოცხადების დრო ნატოს ქვეყნების მიერ ავღანეთში ამერიკის ახალი სტრატეგიის მიმართ სკეპტიციზმის გამოხატვას დაემთხვა. ბატონი ვოკერის განცხადებით:

პირველ ყოვლისა, ეს გამოწვეა ჰელსინკის შეთანხმების პრინციპების წინააღმდეგაა მიმართული. იმიტომ, რომ ჰელსინკის შეთანხმება ევროპის ყოვლისმომცველ უსაფრთხოებაზე საუბრობს. ამაში შედის როგორც ფიზიკური უსაფრთხოება და ეკონომიკური უსაფრთხოება, ასევე ადამიანის უფლებები. ეს სამი განზომილება ჰელსინკის შეთანხმების თანახმად სრულ ბალანსში იყო ერთმანეთთან. პირველი კითხვა რომელიც ამ მხრივ რუსეთის მიმართულებით ყველას უჩნდება, არის ის, თუ როგორ მოიაზრებს ახალი მოდელი დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს და ინდივიდუალურ უსაფრთხოებას.

გარდა ამისა, ისიც გაურკვეველია როგორ მოიაზრება ფიზიკური უსაფრთხოების ასპექტები. როგორც ვიცით საქართველოსთან ომის შემდეგ, მოსკოვმა კონვენციური შეიარაღებული ძალების შეთანხმების ვალდებულებებზე უარი თქვა და დღემდე გამოთიშულია ამ ხელშეკრულებიდან. ახალი შემოთავაზება არაფერს ამბობს იმაზე, თუ რა სახით მოიაზრებს რუსეთი ევროპაში შეიარაღებული ძალების კონტროლს, აპირებს თუ არა ის მსგავსი შეთანხმების მიღებას ან არსებული შეთანხმების მოდიფიცირებას. „

მედვედევის წინადადებაში ნახსენებია ქვეყნის სუვერენიტეტის ხელშეუხებლობა და ის, რომ ყველა ქვეყანას თავის დაცვის თანაბარი უფლება უნდა ჰქონდეს. ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ ტექსტში ამ სიტყვების ჩართვით რუსეთი ამერიკის ჰეგემონიასა და მის ნატოში მნიშვნელობას აპროტესტებს.

ბატონ ვოკერს ამასთან დაკავშირებით განსხვავებული შეხედულება აქვს:

„მე ამ ტექსტის განზრახვას ისე აღვიქვამ, როგორც რუსეთის მცდელობას შექმნას სამართლებლივი ჩარჩოები, რომელიც რუსეთს საშუალებას მისცემს ნატოს მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ლეგიტიმური მონაწილეობის უფლება ჰქონდეს. რუსეთი მიიჩნევს, რომ ის გამოტოვებულია ევროატლანტიკური საბაზრო ეკონომიკური და უსაფრთხოების პროცესებიდან და ამ წინადადებით რუსეთს მიეცემა რაღაც მექანიზმი, რომელიც ევროპის განვითარების ყველა ასპექტში მისცემს რუსეთს სიტყვის თქმის უფლებას. „

ეუთო რუსეთთან წინადადების განხილვას არ გამორიცხავს. თუმცა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის რომელ ქვეყანას რა პოზიცია აქვს შემოთავაზების მიმართ. გამორიცხვა არაფრის შეიძლება და არსებობს იმის საფრთხე, რომ შემოთავაზების განხილვა ახლო მომავალში და თანაც სერიოზულად, დაიწყოს. ბატონი ვოკერი ამ მოსაზრებას სკეპტიკურად უყურებს და ამბობს:

„არავის უნდა რუსეთს ცხვირწინ მიუჯახუნოს კარი. ისინი უკვე ერთი წელია ამ წინადადებას იმუშავებენ და ყველა თავაზიანად მიუდგება ამ შრომას. არ მგონია, რუსეთის მიერ შემოთავაზებულ მექანიზმში რამე ისეთი იდოს, რაზეც ევროპელები იმას იტყვიან, რომ რაიმე მათთვის აუცილებლელი და სასურველი პირობაა ჩადებული შემოთავაზების ტექსტში.

რუსეთი და ევროპა თითქმის მსგავს მდგომარეობაში არიან. რუსეთში აცნობიერებენ, რომ ევროპა მოსკოვის წინადადებას არ მიიღებს, ხოლო ევროპელები კი რუსეთის წინადადებას ბიუროკრატიულ პროდუქტად აღიქვამენ. ამის შემდეგ, ერთადერთი რასაც შეიძლება მოველოდეთ არის ის, რომ თავაზიანი დიპლომატიური დიალოგით შემოთავაზების განხილვა დიდ ხანს გაგრძელდება და მას შედეგი მინიმალური ექნება. „

XS
SM
MD
LG