ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ახლ სტრატეგიას ავღანეთში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა


სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას ახალი სტრატეგია ავღანეთში ფაქტობრივად წარმოადგენს უფრო დახვეწილ ვერსიას იმ წინასწარ შემუშავებული გეგმისა, რომლის შემუშავება მან ბრძანა მას შემდეგ, რაც იგი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა და რომელიც მარტის თვეში გამოქვეყნდა. სახდეპში პოლიტიკის დაგეგმვის განყოფილების ყოფილ თანამშრომელს დენიელ მარკის მიაჩნია, რომ სტრატეგიის პირველ ვერსიაში ბევრი უცნობი ფაქტორი და ბევრი უპასუხო კითხვა იყო. ჩვენთან საუბარში მან კერძოდ თქვა:

-„მარტში გამოქვეყნებულ გეგმაში არ იყო გაცემული პასუხები იმ სერიოზულ კითხვებზე, რომლებიც რესურსებსა და ვადებს ეხებოდა. ახლა კი ადმინისტრაცია ასე თუ ისე სცემს პასუხს ამ კითხვებზე ჯარის რაოდენობისა და სტრატეგიის ხანგრძლივობის კონტექსტში. „

პირველი ვერსია ითვალისწინებდა სამოქალაქო პირების ორგანიზებას ავღანეთში სამთავრობო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში და ამის პარალელურად ავღანეთის უშიშროების ძალების გაწვრთნას. ახალ სტრატეგიაში უკვე აღარ არის საუბარი სამოქალაქო სექტორზე და იმის თაობაზე თუ როგორ ჩართონ პაკისტანი ბრძოლაში ალყაიდას წინააღმდეგ. ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის სპეციალისტმა კრისტინ ჰეარმა, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს სამხრეთ აზიის ქვეყნების პოლიტიკაში ამერიკის ხმასთან საუბარში აღნიშნა, რომ ახალ სტრატეგიაში ზოგი რამ საერთოდ არ არის ნახსენები.

-„ მან არაფერი თქვა იმის თაობაზე, რომ ჩვენ საკმაოდ გავანელეთ ჩვენი ამბიციები, რომელიც მარტის გეგმაში იყო წარმოდგენილი. მაგალითად სახელმწიფო სტრუქტურების ჩაოყალიბება ავღანეთში. თუმც უნდა აღინიშნოს, რომ ზოგი რამ დაიხვეწა და საბოლოო ანგარიშში შეიძლება ითქვას, რომ მარტის გეგმისგან მივიღეთ საკმაოდ განსხვავებული სტრატეგია. კარგი იქნებოდა, რომ პრეზიდენტს მის სიტყვაში, რომელიც ეხებოდა ავღანეთის ახალ სტრატეგიას ეხსენებინა ეს განსხვავებები“- აღნიშნა კრისტინ ჰეარმა.

აშშ-ში ავღანეთის ელჩს საიდ ჯავადს მიაჩნია, რომ სულაც არ არის გულგაცრუებული იმით რომ სახელმწიფო სტრუქტურების დაფუძნების საკითხი არ არის ნახსენები ახალ სტრატეგიაში, რადგანაც მისი აზრით ეს საერთოდ არარეალისტური იყო. მისი თქმით:

-„სინამდვილეში სახელმწიფო სტრუქტურების შექმნაზე პრაქტიკულად არავის უღვაწია ავღანეთში. ამაზე ბევრს ლაპარაკობდნენ და არა ერთი ლოზუნგი იყო ამ თემაზე. მაგრამ ფაქტებს თუ დავუკვირდებით პოსტ-კონფლიქტური პერიოდის ქვეყნებიდან ავღანეთს არასოდეს არ ჰქონდა საკმარისი რესურსები ამის განსახორციელებლად. ასე რომ ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რომ არ ახსენებთ ამ ფაქტორს ახალ სტრატეგიაში.“

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სტრატეგიის შემუშავების პროცესში ცხარე დებატებს ჰქონდა ადგილი ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შესახებ, რომელიც მეორე ვადით იქნა არჩეული ავღანეთში და რომლის არჩევასაც საარჩევნო ბიულეტენების გაყალბებას უკავშირებენ.

დენილ მარკის მიაჩნია, რომ კარზაიმ სკანდალურ პიროვნებებთან არჩია ურთიერთობა, რადგანაც ამ არჩევნების შემდეგ ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ამერიკას შეეძლო უარი ეთქვა კარზაისადმი მხარდაჭერაზე. ჩვენთან საუბარში მან თქვა:

-„ იგი იძულებული გახდა ავღანეთის პოლიტიკურ ასპარეზზე დიდი ზეგავლენის მქონე პიროვნებების მოკავშირე გამხდარიყო, რომლებიც დაუჭერდნენ მას მხარს. ამან კი ძალზე უარყოფითი კვალი დატოვა კარზაისა და ვაშინგტონის ურთიერთობაში, რადგანაც მისი ახალი მოკავშირეები შეიარაღებული დაჯგუფებების ყოფილი მეთაურები და სხვა სკანდალური პირები აღმოჩნდნენ. ვაშინგტონი იმედოვნებდა, რომ მოხდებოდა ამ პირების ავღანეთის პოლიტიკური ასპარეზიდან მოშორება და არა მათი ამ ასპარეზზე კვლავ შემოყვანა.“

სპეციალისტები და თვით ავღანეთის ელჩი აშშ-ში გაოცებას ვერ მალავენ იმით, რომ ავღანეთის ახალ სტრატეგიაში პრაქტიკულად არაფერია ნათქვამი პაკისტანის შესახებ. ზოგი საერთაშორისო მიმომხილველი ფიქრობს, რომ ამერიკელ მაღალჩინოსნებს არ სურთ ზედმეტი აქცენტის გაკეთება ამ საკითხზე, რადგანაც ამერიკა-პაკისტანის თანამშრომლობა პაკისტანის მოსახლეობაში ძალზე არაპოპულარულია და ეს ურთიერთთანამშრომლობა უფრო საიდუმლო ხასიათს ატარებს.

XS
SM
MD
LG