ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მომდევნო 18 თვე ავღანეთისთვის კრიტიკული მნიშვნელობის იქნება


ავღანეთში შეერთებული შტატებისა და ნატოს ჯარების მხედართმთავრის გენერალ სტენლი მაკკრისტალის განცხადებით, შემდეგ 18 თვეს კრიტიკული მნიშვნელობა ექნება ავღანეთში თალიბ მეამბოხეთა მოძრაობის აღმოსაფხვრელად. სამშაბათს ავღანეთში შეერთებული შტატების ელჩთან კარლ აიკენბერისთან ერთად მიცემულ ანგარიშში, ბატონმა მაკკრისტალმა აღნიშნა, რომ მას სჯერა, რომ შეერთებული შტატები და მოკავშირე ქვეყნები კვლავინდებურად გააგრძელებენ ავღანეთის უსაფრთხოების გაძლიერებას გრძელვადიან პერსპექტივაში.

გენერალმა მაკკრისტალმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მალე ავღანელი სამოქალაქო პირები დაინახავენ ნამდვილ პროგრესს თალიბი მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლაში. მისი თქმით:

„მე მჯერა, რომ შემდეგი 18 თვე წარმოადგენს ამ ომის კრიტიკულ პერიოდს ვინაიდან მე მიმაჩნია, რომ მას კრიტიკულ მნიშვნელობას ანიჭებს ავღანელი ხალხი.“ -შეერთებული შტატების კანონმდებლებისთვის მიცემულ ანგარიშში მაკკრისტალმა აღნიშნა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ შესძლებს ნამდვილი პროგრესის მიღწევას 2010 წლის დეკემბრისთვის. მან აგრეთვე განაცხადა:

„ 2011 წლის ივლისისთვის მე ვფიქრობ, რომ ავღანელი ხალხი თვანლათლივ დაინახავს პროგრესს. როცა ეს მოხდება, ამას კრიტიკული მნიშვნელობა ექნება.“

დეკემბრის დასაწყისში პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთში დამატებითი 30,000 ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების სამხედრო ძალების გაყვანა ავღანეთიდან 2011 წლის ივლისში დაიწყება.

კონგრესში გაკეთებულ მოხსენებაში მაკკრისტალმა და ქაბულში შეერთებული შტატების ელჩმა კარლ აიკენბერიმ მხარი დაუჭირეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას.

მაკკრისტალმა განაცხადა, რომ იგი არ ეწინააღმდეგება პრეზიდენტის მიერ დაწესებულ 2011 წლის ივლისში ჯარების გაყვანის დაწყებას.

კანონმდებლებს აინტერესებდათ ის შესძლებს თუ არა პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი ავღანელი ხალხის ნდობის მოპოვებას მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა კორუფციის დონე მის მთავრობაში. ამასთან დაკავშირებით ელჩმა აიკენბერიმ აღნიშნა:

„გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება იმას შესძლებს თუ არა პრეზიდენტი კარზაის ადმინისტრაცია, ჩვენი და საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით, იმ ზომების მიღებას, რომელიც ავღანეთის მთავრობას უფრო პასუხისმგებელს გახდის.“

კვირის დასაწყისში შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრთან რობერტ გეითსთან ქაბულში გამართული ერთობლივი პრეს კონფერენციის დროს პრეზიდენტმა კარზაიმ განაცხადა, რომ შემდეგი 20 წლის მანძილზე ავღანეთი ვერ შესძლებს საკუთარი რესურსებით უშიშროების გარანტირებას.

აიკენბერიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა და მოკავშირე ქვეყნებმა გრძელვადიანი დახმარება უნდა აღმოუჩინონ ავღანეთს. ამასთან დაკავშირებით მან აღნიშნა:

„უახლოეს მომავალში ჩვენ მათ დავეხმარებით ყველანაირად, გაწვრთნის, მომზადებისა და საბიუჯეტო დახმარების ჩათვლით.“

აიკენბერიმ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების სამოქალაქო დახმარება გამიზნულია ავღანეთის ეკონომიკის აღსადგენად რათა ქვეყანამ უფრო მეტი რესურსი მოახმაროს უშიშროების სფეროს.


XS
SM
MD
LG