ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლური პრესის მიმოხილვა


29 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა გამოაქვეყნა ევროპის უშიშროების ხელშეკრულების პროექტი, რომელიც ევროპის უსაფრთხოების არსებული არქიტექტურის რადიკალურ გარდაქმნას ითვალისწინებს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. ამასთან დაკავშირებით 3 დეკემბერს შეერთებული შტატების ჯერმან მარშალის ფონდის ბლოგზე გამოქვეყნდა ამ ორგანიზაციის ტრანსატლანტიკურ კვლევათა უფროსი ექსპერტების დანიელ ფატასა და დევიდ კრეიმერის სტატია სათაურით „რუსეთის წინადადება ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ მცდარ გეგმას წარმოადგენს." სტატიაში ვკითხულობთ:

„რუსული სტრატეგიის სკეპტიკოსები, ჩვენი ჩათვლით, ეჭვის ქვეშ აყენებენ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობას ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შესახებ რადგან მოსკოვი ამჟამად არ ასრულებს არსებულ შეთანხმებებს უსაფრთხოების სფეროში. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ხელშეკრულება ევროპაში კონვენციური სამხედრო ძალების შესახებ და გასულ წელს საქართველოს ომის შემდეგ გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. თუ რუსეთი ამ შეთანხმებებს უგულვებელყოფს, მაშინ რის საფუძველზე უნდა ვენდოთ მას, რომ იგი ახალ შეთანხმებას შეასრულებს? რუსეთი საკუთარი წინადადების ერთ-ერთ უმთავრეს პირობას თვითონ არღვევს რადგან რუსეთის სამხედრო ძალები უკანონოდ იდგანან საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებსა და მოლდოვას სეპარატისტულ დნესტრისპირეთში კიშინიოვის მთავრობის ნების და სტამბოლში 1999 წელს მიღებული ვალდებულებების საწინააღმდეგოდ."

შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით თურქეთის პრემიერ მინისტრი რეჯეპ ერდოღანი იმყოფება. თურქეთ-ამერიკის ურთიერთობის თემას ეხება გაზეთ „ლოს ანჟელეს თაიმსში" 7 დეკემბერს გამოქვეყნებული სტატია სათაურით „როცა ისლამისტური საგარეო პოლიტიკა მუსლიმებს ვნებს," რომლის ავტორია ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ მუშაკი სონერ ჩაგაპტაი. სტატიაში ვკითხულობთ:

„2002 წელს მთავრობაში მოსლვიდან სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ რადიკალურად შეცვალა თურქეთის საგარეო პოლიტიკა. ამ პარტიამ დაასუსტა ანკარას კავშირები პრო-დასავლურ აზერბაიჯანთან, საქართველოსა და ისრაელთან და ევროპის იგნორირება დაიწყო. ამასობაში მან დაამყარა კავშირები ისეთ ანტი-დასავლურ სახელმწიფოებთან როგორიც არის სუდანი და ანკარას ყოფილი მტრები- რუსეთის, ირანისა და სირიის ჩათვლით. ამის გარდა ის გამუდმებით იცავს ტერორისტულ ორგანიზაცია ჰამასს.

ერდოღანის პარტიამ ყირაზე დააყენა თურქეთის საგარეო პოლიტიკა. იგი დასავლეთის ნაკლოვანებებს აკრიტიკებს და ანტი-დასავლური რეჟიმების ცოდვებს ივიწყებს.

აკპ-ს პოლიტიკის შედარება ისრაელსა და სუდანს შორის კარგად ასახავს თურქეთის ისლამისტურ საგარეო პოლიტიკას. მთავრობაში მოსვლის დღიდან აკპ-მ არა მხოლოდ გააძლიერა პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობა ხართუმთან არამედ მან დაიცვა სუდანის ლიდერის ომარ ჰასან ბაშირის ხელმძღვანელობით ორგანიზებული გენოციდი დარფურში.

ამგვარად ეს არის იდეოლოგიური მსოფლმხედველობა რომელიც ეფუძნება არა რელიგიას არამედ დამახინჯებულ დოქტრინას რომლის თანახმადაც ისლამისტური და ანტი-დასავლური რეჟიმები ყოველთვის მართლები არიან. მაშინაც კი როცა ისინი კრიმინალურ დანაშაულს ჩადიან, როცა, მაგალითად, ხდება მუსლიმების ხოცვა-ჟლეტვა. ამ დოქტრინის მიხედვით დასავლეთის სახელმწიფოები და არა-მაჰმადიანები ყოველთვის სცდებიან, მაშინაც კი როცა ისინი თავს იცავენ ისლამისტური რეჟიმების წინააღმდეგ.

ამგვარი დოგმატური ზნეობა საგარეო პოლიტიკაში კარგად შეინიშნება აკპ-ს მიდგომაში რუსეთის მიმართ. რუსეთის ძალადობა ჩეჩნეთში გრძელდება, მაგრამ აკპ-ს, როგორც ჩანს, არ ადარდებს ჩეჩენი მუსლიმების ტანჯვა. ჩრდილოეთ კავკასიაში რუსეთის უხეში პოლიტიკის მიუხედავად, თბილი პირადი ურთიერთობა რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინსა და ერდოღანს შორის ორ ქვეყანას კიდევ უფრო აახლოვებს. რუსეთი ახლა თურქეთის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.

ურთიერთობების განმტკიცება ანკარასა და მოსკოვს შორის დასავლეთს და მის მოკავშირეებს ძვირად უჯდება. 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის დროს, აკპ გაემიჯნა თბილისს და რუსეთთან კომერციული ურთიერთობების შენარჩუნების ლოგიკას შეეწირა თურქეთის ტრადიციული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. აკპ აგრეთვე თანამშრომლობს რუსეთთან სამხრეთის დინების გაზსადენის პროექტზე, რომელიც ძირს უთხრის ნაბუკოს გაზსადენის პროექტს, რომელიც აზერბაიჯანს დასავლეთთან დააკავშირებდა. ეს კი იმას ნიშნავს რომ თურქეთი ზურგს აქცევს აზერბაიჯანსა და ევროპას.

დასავლეთის ფასეულობების მხარდაჭერის სანაცვლოდ აკპ-ს საგარეო პოლიტიკა ძირს უთხრის ამ ფასეულობებსა და ზოგადად დასავლეთს, რაც დარფურიდან დაწყებული და ჩეჩნეთითა და ირანით დამთავრებული საშუალო მუსლიმებს სულ უფრო მეტად ავნებს.

XS
SM
MD
LG