ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გადამდგარი რუსი გენერლების მიერ ამერიკის  ავღანურ სტრატეგიის შეფასება


შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას ახალი ავღანური სტრატეგია საერთაშორისო მედიის და ანალიტიკოსების მთავარ თემად იქცა. განსაკუთრებული ყურადღება ამ საკითხს რუსეთში დაუთმეს. 24 საათიანი რუსული ტელეარხი ვესტი, ვაშინგტონიდან იუწყებოდა, რომ პრეზიდენტმა ობამამ თავისი ავღანური გეგმა თავდაპირველად მეგობრული აუდიტორიის წინაშე - ვესტ პოინტის სამხედრო აკადემიაში გაახმოვანა და არა კონგრესში, სადაც მას ძლიერი წინააღმდეგობა შეხვდებოდა. ვესტის რეპორტაჟში ასევე უჩვენეს ომის მოწინააღმდეგე კონგრესმენის დენის კუჩინიჩის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ ამერიკელმა ლიდერებმა უნდა ისწავლონ რუსეთის მაგალითზე, რომელმაც თავის დროზე ავღანეთიდან ჯარები გაიყვანა.

ამავე საკითხზე ისაუბრა და თავის ვარაუდი გამოთქვა გადამდგარმა რუსმა გენერალმა ბორის გრომოვმა, რომელიც ავღანეთში საბჭოთა ჯარების სარდალი იყო და უკანასკნელმა დატოვა ეს ქვეყანა. გრომოვმა განაცხადა, რომ ავღანეთში არსებულ ვითარებაზე, ჯარების რაოდენობა გავლენას ვერ ახდენს.

გენერლის განცხადებით, პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტა სამხედრო გზით, არასდროს შეიძლეობოდა და ვერც მომავალში იქნება შესაძლებელი. მისი თქმით, ავღანეთს კატასტროფული შედეგი ქონდა საბჭოთა არმიისთვის, ხოლო საბჭოთა ხელისუფლებისთვის კი დამანგრეველი. გრომოვი აცხადებს, რომ ავღანეთში საბჭოთა ხელისუფლების პოლიტიკა გაკვეთილი უნდა იყოს არა მარტო რუსეთისთვის, არამედ სხვა სახელმწიფოებისთვისაც.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტ ობამას გეგმა ავღანეთის ხელისუფლებისთვის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის თანდათანობით გადაბარებას გულისხმობს. რაც გრომოვს საეჭვოდ მიაჩნია. მისი თქმით, ამგვარი მიზანი საბჭოთა ხელისუფლებასაც ქონდა, როდესაც ავღანეთიდან ჯარები გამოიყვანა, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს მცდელობა მარცხით დასრულდა. გრომოვის თქმით, ავღანეთში მრავალი მოთამაშეა: თავად ავღანელები, მათი არმია, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები, საიდუმლო პოლიცია და ბოლოს ალ-ყაიდა და თალიბანი. ეს კი ვითარებას ძალიან ართულებს.

პრეზიდენტ ობამას ახალ ავღანურ პოლიტიკას სხვა რუსი გადამდგარი გენერლებიც სკეპტიკურად უყურებენ. საბჭოთა კავშირის დროინდელი მთავარი სამხედრო მრჩეველი ავღანეთის საკითხებში, გადამდგარი გენერალი მაჰმუდ გარიევი ამბობს, რომ ამერიკის და ნატოს ძალები ნაკლებ ყურადღებას უთმობენ ავღანეთის ეთნიკურ ფაქტორს. ეს შეცდომა მისი თქმით, საბჭოთა კავშირმაც დაუშვა. გურიევი აცხადებს, რომ ამ ქვეყანაში უმთავრესი ფაქტორია პუშტუნები, რომლებიც ავღანეთში მოსახლეობის 40 %-ს შეადგენენ.

პუშტუნები ყველაზე მსხვილი ეთნიკური ჯგუფია ავღანეთში, და ეროვნული კონსოლიდაციაც მხოლოდ მათ გარშემოა შესაძლებელი. მეორე უმთავრესი ფაქტორი, ავღანეთის საკითხში, ის არის, რომ ამ ქვეყანას არასდროს ყოლია ძლიერი ცენტრალიზებული ხელისუფლება, და არც მომავალში ეყოლება. ამიტომ გარიევის აზრით საუკეთესო გამოსავალი იქნება თუ ტაჯიკებს, უზბეკებს, ჰაზარასებს და სხვა ეთნიკურ ჯგუფებს ავტონომიური სტატუსი მიენიჭებათ.

XS
SM
MD
LG