ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კონფერენცია  სახელწოდებით: ინვესტირება საქართველოში


გუშინ, პირველ დეკემბერს, ნიუ იორკის სასტუმრო სენტ რეჯისში, გაზეთ უოლ სტრიტ ჯორნალისა და საერთაშორისო თანამშრომლობის ბიზნეს საბჭოს თაოსნობით ჩატარდა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, სახელწოდებით: ინვესტირება საქართველოში. კონფერენციის მონაწილეთა შორის გახლდათ საქართველოს პრემიერ მინისტრი, ბატონი ნიკა გილაური; საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ბატონი ალექსანდრე ხეთაგური; და საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ბატონი ალექსანდრე კვიტაშვილი.კონფერენციის ძირითადი მიზანი, მისი სახელწოდებიდან გამომდინარე მდგომარეობდა იმაში, რომ დამსწრე საზოგადოებას ჰქონოდა სრული ინფორმაცია საქართველოში მომგებიანი საინვესტიციო გარემოს არსებობისა და მისი პოტენციური გამოყენებისა და განვითარების შესახებ. მის გამოსვლაში, საქართველოს პრემიერ მინისტრმა გილაურმა მიმოიხილა ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის მრავალი ასპექტი, მათ შორის ენერგეტიკის სფერო და ჰიდრო ენერგიის გამოყენება; ახსენა ის ფაქტი, რომ მიუხედავათ გლობალური ფინანსური კრიზისისა საქართველოში არც ერთი ბანკი არ გაკოტრებულა; რომ გადასახადების რიცხვი 20 დან 6 მდე ჩამოვიდა; რომ საქართველომ უკვე დაიწყო საერთაშორისო დონორების მიერ დაპირებული 5.8 მილიარდი დოლარის მიღება; თუმცა პრემიერის მოხსენების ალბათ ძირითადი თემა მაინც საქართველოში კორუფციის დამარცხება იყო.

"ჩემი აზრით დღევანდელი ხელისუფლების უდიდეს მიღწევად, რითაც ჩვენ მართლაც ვამაყობთ უნდა ჩაითვალოს კორუფციასთან ბრძოლა და ამ ბრძოლის წარმატებით განხორციელება.''ამის შემდეგ პრემიერმა ისაუბრა იმის თაობაზე, რომ საქართველო დღევანდელი მონაცემებით მე-7 ადგილზეა ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყანათა შორის; შეეხო ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გადაქცევის პერსპექტივებსა და ამის პრაქტიკულ განხორციელებას. საკმაოდ საინტერესო იყო პრემიერ გილაურისა და ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს ელჩის ბასკის პასუხები შეკითხვაზე, თუ რა გარანტიების მიცემა შეუძლია დღევანდელ საქართველოს მთავრობას რუსეთის მხრიდან არსებული მუქარის ფონზე მისცეს პოტენციურ ინვესტორებს.

საქართველოს პრემიერმა ხაზი გაუსვა ამერიკა საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობის ქარტიას და განაცხადა:

"რაც შეეხება დასავლეთთან ურთიერთობას, ჩვენ გვაქვს საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული ქარტია, რომელსაც ხელი მოეწერა ამა წლის იანვარში. ამ ქარტიას გააჩნია მრავალი ასპექტი და მათ შორის უსაფრთხოების დაცვის ასპექტი." ბატონმა ბასკმა კი თავის მხრივ კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ აღებული ვალდებულება საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და მისი უსაფრთხოების ამაღლების განვითარების საქმეში. „ჩვენ აღებული გვაქვს ვალდებულება დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას მისი თავდაცვისუნარიანობის გარდაქმნის საქმეში."

ყოველივე ამის ფონზე აღსანიშნავია მაგთიკომის ამერიკელი ხელმძღვანელის, ბატონ დევიდ ლის გამოსვლა, რომელმაც საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო საუკეთესოდ შეაფასა. მისი თქმით, გარდა არსებული 3 მილიონი მობილური ტელეფონის აბონენტისა მაგთიკომმა მხოლოდ მიმდინარე თვეში 40.000 ფიქსირებულ ხაზიანი, ანუ ჩვეულებრივი სახლის ან ოფისის სატელეფონო სისტემა დააყენა და რომ თითოეულ ამ სისტემას აქვს საუკეთესო ხარისხის ინტერნეტ უზრუნველჰყოფა რადიოს მეშვეობით. ბატონმა ლიმ აგრეთვე განაცხადა, რომ მის კომპანიაში, სადაც 1000 მუშაკიდან მხოლოდ თვითონაა უცხოელი, განათლებული და კვალიფიცირებული ხალხი მუშაობს, რომელთაგანაც უმეტესობა, მისი ჩათვლით 3 ენაზე ლაპარაკობს. სიამოვნების მომგვრელი იყო აგრეთვე მისი განცხადება, რომ არა მარტო ქართველები, არამედ მასთან ნამუშევარი უცხოელებიც კი ცდილობენ დაბრუნდნენ საქართველოში, რადგანაც იქ ცხოვრება ნამდვილი სიამოვნებაა.

XS
SM
MD
LG